იტალიის თასი. 1/2-ფინალი: ფინალისტი ფლორენციაში გაირკვევა

AutoSharing Option
იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპი ორმატჩიანი დუელებისგან შედგება და შესაბამისად, ფინალისტების ვინაობა განმეორებითი შეხვედრების შემდეგ გახდება ცნობილი. პირველი ნახევარფინალური მატჩი უდინეში გაიმართა, სადაც "უდინეზემ" "ფიორენტინას" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა, 2:1. განმეორებითი მატჩის წინ შანსები თანაბარია, ფრიულურ პაექრობაში კი იღბალი უფრო მასპინძელთა მხარეს იყო.

მატჩი სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, მაგრამ უდინელებისგან განსხვავებით, ფლორენციელებმა საგოლე მომენტების რეალიზებაში მოიკოჭლეს. სტუმრებს ოთხი-ხუთი გოლის გატანა მაინც შეეძლოთ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გამოირჩნენ. მასპინძლებმა ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინეს.

პირველი ტაიმის შუაწელს
ანტონიო დი ნატალე გავიდა ხელსაყრელ პოზიციაზე და გახსნა კიდეც ანგარიში, რის შემდეგაც სრულ უპირატესობას ფლორენციელები დაეუფლნენ. ტაიმის მიწურულს ხუან მანუელ ვარგასმა გაიბრწყინა, რომელმაც შორი მანძილიდან უძლიერესად გაისროლა და ბურთი ბადეში გაახვია, 1:1.

მეორე ნახევარში სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს, მაგრამ ზედმეტად გაერთნენ შეტევაში და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე აქეთ გაუშვეს. თავი ლუის მურიელმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზე): "ჩვენი ოცნება თასის მოგებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. ფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული თამაში გველოდება. სერია A-ში არასტაბილურად ვასპარეზობთ. ამიტომ, ევროსაგზურის მოსაპოვებლად, ჩვენი ერთადერთი შანსი სწორედ თასის მოგებაა".

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა): "ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიზისში ვართ. თასის ნახევარფინალური ეტაპი ორი მატჩისგან შედგება და გადამწყვეტი ამ დუელის მეორე რაუნდი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უდინური ბარიერი გადავლახოთ და ფინალში გავიდეთ".

უდინეზე-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 დი ნატალე (36), 1:1 ვარგასი (44), 2:1 მურიელი (82).
უდინეზე (3-5-2): სკუფეტი - ერტო, დომიცი, ბუბნიჩი - ვიდმერი, პინცი (78. ბადუ), პერეირა, ალანი, გაბრიელ სილვა - ლოპესი (66. მურიელი), დი ნატალე (46. ფერნანდეში).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - დიაკიტე, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - ფერნანდესი, პისარო, ბორხა ვალერო (75. ანდერსონი) - ხოაკინი (70. ხოაკინი), ვარგასი (88. მატოსი), მატრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული