იტალიის თასი. 1/2-ფინალი: ფლორენციას ნეაპოლი აუმხედრდა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის თასზე მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა - 12 თებერვალს "სან პაოლოზე" "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს, რომში გამართულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა ანგარიშით 3:2 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ "სან პაოლოზე" გამართულ საპასუხო შეხვედრას თვით "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონაც ესწრებოდა.

რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ხოსე კალეხონმა მარჯვენა ფლანგიდან კრისტიან მაჯოს მოწოდებულს თავი მარჯვედ დაუხვედრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, სამწუთიან მონაკვეთში, მასპინძლებმა კიდევ ორჯერ დალაშქრეს მორგან დე სანტკისის კარი. გატანილი გოლებით გონსალო
იგუაინი და ჟორჟინიო გამოირჩნენ.

"რომას" ყველანაირი იმედი 79-ე წუთზე გადაეწურა, როდესაც მოედნიდან მსაჯმა კევინ სტროტმანი ზედიზედ მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევა.

საბოლოოდ შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, იტალიის თასის ფინალურ მატჩში, რომელიც 3 მაისს გაიმართება, "ნაპოლი" "ფიორენტინას" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, ორმატჩიან დუელში "უდინეზე" დაამარცხა.

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა "სტადიო ფრიულიზე" ჩატარდა, რომელიც მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს და განმეორებითი მატჩის წინ გუნდებს დაახლოებით თანაბარი შანსი ჰქონდათ.

თუმცა ფავორიტად უმეტესობა მაინც "ვიოლას" მიიჩნევდა და მათი პროგნოზი გამართლდა კიდეც...

11 თებერვალს ფლორენციელებმა სრული უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და დამსახურებულად მოიგეს, 2:0. ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა - ჯერ მანუელ პასკუალმა დალაშქრა მეტოქის კარის "ცხრიანი", შემდეგ კი იგივე ხუან კუადრადომ გააკეთა.

მასპინძლებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ახალგაზრდა გოლკიპერი, სიმონე სკუფეტი იყო მოწოდების სიმაღლეზე. რამდენჯერმე თავისი გუნდი "ფიორენტინას" მეკარე ნეტომაც გადაარჩინა.

ფლორენციაში ფიესტა დილამდე გაგრძელდა - "ფიორენტინას" შესანიშნავი შანსი აქვს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტროფეი მოიპოვოს. აქვე მწვრთნელებს გადავცეთ სიტყვა:

ფრანჩესკო გვიდოლინი (უდინეზე):
"ჩვენს ოცნებას ახდენა არ ეწერა და ეს რეალობაა, რომელსაც თვალებში უნდა ჩავხედოთ. უნდა ვისწავლოთ მწარე მარცხის სწორად მიღება და გადატანა. ვამაყობ ჩემი შეგირდებით, რომლებიც დღეს მინიმუმ ერთ გოლს იმსახურებდნენ. "ფიორენტინა" შეტევაში უფრო აგრესიული იყო და მთლიანობაში, დამსახურებულად მოიგო. ვინჩენცო მონტელას ფინალში წარმატებებს ვუსურვებ"
.

ვინჩენცო მონტელა (ფიორენტინა):
"მინდა მეტოქე შევაქო, რომელმაც ბევრი სირთულე შეგვიქმნა და ფინალში გასვლაც შეეძლო. თუმცა, 180 წუთის განმავლობაში, ოდნავ უკეთ მაინც ჩვენ გამოვიყურებოდით და ფინალის საგზური დავიმსახურეთ. ეს განსაკუთრებული მოვლენაა მთელი ქალაქისთვის, მინდა მივულოცო ფეხბურთელებს, კლუბის მესვეურებს, ინვესტორებს და რაც მთავარია, გულშემატკივრებს. წინ დიდი მატჩი გველის".

იტალიის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები
ნაპოლი-რომა 3:0
გოლები: 1:0 კალეხონი (33), 2:0 იგუაინი (48), 3:0 ჟორჟინიო (51).
გაძევება: სტროტმანი (79).

ფიორენტინა-უდინეზე 2:0 (1:2)
გოლები: 1:0 პასკუალი (14), 2:0 კუადრადო (61).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - გონსალო, დიაკიტე, სავიჩი (61. კომპერი), პასკუალი - აკვილანი, პისარო, ფერნანდესი - ხოაკინი (89. ვარგასი), კუადრადო, მატრი (57. მატოსი).
უდინეზე (3-5-1-1): სკუფეტი - დანილო, დომიცი, ერტო - ფერნანდესი, ვიდმარი, პინცი (57. მურიელი), ალანი, გაბრიელ სილვა (90. იებდა) - პერეირა - დი ნატალე (81. ლოპესი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული