70 მეტრი და პირლოს მოგებული დერბი

AutoSharing Option
AUTO PLAY
"იუვენტუსმა" კიდევ ერთი მატჩი მოუგო "ტორინოს" და თანაც, ბოლო წუთზე გატანილი ბურთის წყალობით. მატჩის დასრულებამდე წამები იყო დარჩენილი, როდესაც ანდრეა პირლომ დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა და დიდებული გოლი შეაგდო.

იმ მომენტისთვის, "იუვე" 10 ფეხბურთელით იყო მოედანზე და ეს წარმატება მით უფრო ფასეულია. მატჩის შემდეგ პირლო ყურადღების ცენტრში იყო და საინტერესოა მისი კომენტარის მოსმენა:

"თამაშის დასრულებამდე წამები რჩებოდა და სხვა არჩევანი არც მქონდა, უნდა დამერტყა და საბედნიეროდ, ბურთი ბადეში გაეხვა. ემოციური მატჩი გამოვიდა და გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. სწორედ ასეთი უნდა იყოს
დერბი, დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი. სკუდეტოსთვის ბრძოლა გრძელდება, ჩვენი მიზანი კი თითოეულ შეხვედრაში სამი ქულის მოპოვებაა".

შეშფოთებული ალეგრი
მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი ძალიან გახარებული ჩანდა, თუმცა პრესასთან განაცხადა, შეშფოთებული ვარო და მიზეზიც გაამხილა:

"კარგი თამაში იყო, რომლის ლოგიკური დასასრული ფრე იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს პირლო, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ამასთან, შეშფოთებული ვარ, რადგან ისეთი გოლი, როგორიც ჩვენს კარში გავიდა, საერთოდ არ მინახავს.

პირველად ვნახე, რომ ფეხბურთელმა 70 მეტრი წინააღმდეგობის გარეშე გაირბინა და შემდეგ თავისუფლად დაარტყა. თუ მაღალი მიზნებისთვის გვინდა ბრძოლა და ეს ასეც არის, მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. იყო თუ არა გამარჯვება დამსახურებული? - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ზუსტად ანალოგიურად, "ჯენოასთან" ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ წავაგეთ. ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ვიდალს დერბი არ წაუგია
"ტორინოსთან" გამარჯვება ემოციურად აღნიშნა არტურო ვიდალმა და მატჩის შემდეგ გაგვიმხილა, რომ კარიერის განმავლობაში, დერბი არ წაუგია:

"ერთი ქალაქის გუნდების დაპირისპირებაში არასდროს წამიგია და საბედნიეროდ, ეს ტრადიცია გრძელდება. გამიმართლა, რომ ასეა, რადგან ჩილეში, სანტიაგოს დერბის წაგება ძალიან სახიფათოა. "კოლო კოლოში" ასპარეზობისას, "უნივერსიდად დე ჩილესთან" თამაშები განსაკუთრებულად დრამატული იყო, იმ მატჩში წაგებული გუნდის ფეხბურთელები კი ქალაქის ქუჩებში რამდენიმე დღე საერთოდ არ გადიოდნენ.

საბედნიეროდ, მე ყოველთვის გამარჯვებული ვიყავი და ასე გრძელდება ტურინშიც. "იუვენტუსში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, წინ დიდი გამარჯვებები გველოდება. ფიფა-ს წლის საუკეთესო ნახევარმცველებში მე, ანდრეა პირლო და პოლ პოგბა მოვხვდით - როდესაც გუნდს სამი მოთამაშე ჰყავს ამ სიაში, ე.ი. ყველაფერი კარგად მიდის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული