ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი) - მატეო დარმიანი (ტორინო), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), მეჰდი ბენატია (რომა), კვადვო ასამოა (იუვენტუსი) - პოლ პოგბა (იუვენტუსი), არტურო ვიდალი (იუვენტუსი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი) - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ტორინო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი).
აქვე აღვნიშნოთ, რომ მეჰდი ბენატია უკვე აღარ არის "რომას" ფეხბურთელი და მიუნხენის "ბაიერნში" აგრძელებს კარიერას, ჩირო იმობილე კი "ტორინოდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაბარგდა.
მიუხედავად ამისა,
როგორც ვხედავთ, სიმბოლურ გუნდში "იუვენტუსის" ფეხბურთელების სრული დომინირებაა. 11 მოთამაშიდან 7 სწორედ "ვეკია სენიორას" ღირსებას იცავს, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. სიმბოლურ გუნდში მოხვედრასთან ძალიან ახლოს იყო ჯორჯო კიელინი, თუმცა სულ რამდენიმე ხმით მას მეჰდი ბენატიამ აჯობა.
წლის ფეხბურთელი
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ისევ ანდრეა პირლოა, რომელიც უკვე მეორე წელია ამ სტატუსს არ თმობს. პირლო "იუვენტუსის" ჩემპიონობის მთავარი შემოქმედია და მსოფლიოს ჩემპიონატზეც იტალიის ნაკრების ლიდერის როლში გაემგზავრა. ანდრეამ მორიგ აღიარებაზე შემდეგი განაცხადა:"წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება ჩემთვის დიდი პატივია და შესაბამისად, გახარებული ვარ. უკვე 35 წლის ვარ და მესმის, რომ კიდევ დიდხანს ვერ ვითამაშებ ფეხბურთს - ამიტომ ყველა თამაშით მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ვცდილობ. როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა ამართლებს, რადგან ისევ საუკეთესოდ დამასახელეს. განსაკუთრებული მადლობა "იუვენტუსის" გულშემატკივრებს და თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან".
სერია B-ს საუკეთესო ფეხბურთელი
სერია B-ს საუკეთესო ფეხბურთელად 20 წლის დანიელე რუგანი დაასახელეს, რომელიც "ემპოლიში" ასპარეზობს და უკვე სერია A-ში ირჯება. 2014 წელი რუგანისთვის მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა, თავის გუნდთან ერთად ელიტაში აღზევდა და იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ ეროვნულ ნაკრებში მიიღო მიწვევა. აღიარებამ რუგანი ძალიან გაახარა:"2014 წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო და ეს ჯილდო ამის ნათელი დადასტურებაა. სერია B-ში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ასპარეზობს და მათ შორის გამორჩევა ძალიან სასიამოვნოა. სერია A-ში თამაში სულ სხვა დატვირთვა და ემოციაა, თუმცა თანაგუნდელთა გვერდში დგომით, აქაც ყველაფერი რიგზეა. თავს არ დავზოგავ, რომ 2015 წელს კიდევ უკეთესად ვიასპარეზო".
საუკეთესო მწვრთნელი
2014 წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელად ანტონიო კონტე აღიარეს, რომელმაც "იუვენტუსს" მორიგი სკუდეტო მოაგებინა და შემდეგ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. "სკუადრა აძურამ" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო და ჯგუფს ხორვატიასთან ერთად ლიდერობს. კონტეს თავკაცობით, იტალიას არც ერთი თამაში არ წაუგია და რამდენიმე ურთულესი მატჩი მოიგო - თუნდაც ჰოლანდიასთან საკუთარ კედლებში და ნორვეგიასთან გასვლაზე. კონტემ ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ სამომავლოდ გუნდების მწვრთნელებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს:"დიდი მადლობა კიდევ ერთი აღიარებისთვის, რომელმაც ძალიან გამახარა. მით უმეტეს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენ ძლიერია იტალიური სამწვრთნელო სკოლა და რა კონკურენციაა ამ მხრივ. "იუვენტუსში" გატარებული წლები ყოველთვის კარგად მომაგონდება, რადგან იქ ბევრ წარმატებას მივაღწიე. სწორედ "იუვეს" უნდა ვუმადლოდე, რომ დღეს იტალიის ნაკრების მწვრთნელი ვარ. ეროვნულ გუნდში მუშაობა განსაკუთრებული პატივი და ემოციაა.
მსურს გუნდების მწვრთნელებთან უფრო მჭიდრო კავშირი მქონდეს, რადგან ეს საერთო საქმეს წაადგება. ფეხბურთელების შესახებ სწორედ მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია და ეს გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება".
საუკეთესო გუნდი და მსაჯი
თქმა არ სჭირდება, რომ საუკეთესო გუნდი "იუვენტუსია", რომელმაც 2013/14 წლების სეზონში მორიგი სკუდეტო მოიპოვა და მიმდინარე ჩემპიონატშიც ლიდერია. ამასთან, "ვეკია სენიორამ" შარშანდელი შეცდომა არ გაიმეორა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. აქვე ვთქვათ, რომ წლის საუკეთესო მსაჯად ნიკოლა რიცოლი დაასახელეს, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იმსაჯა და თავი კარგად წარმოაჩინა. ბუნებრივია, რიცოლის კონკურენტებს შანსი არ ჰქონდათ და ის ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი იყო - ნიკოლამ საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არაერთხელ მითხრეს, რომ საფესხბურთო იტალია ჩემით ამაყობდა და არა ჩვენი ეროვნული გუნდით. მე ვისურვებდი, რომ მომავალ დიდ ტურნირებში ტიფოზები იტალიის ნაკრებით ამაყობდნენ. ჩემი მხრივ, ყველაფერს ვიღონებ, რომ სერია A-სა და ევროასპარეზზე მაღალ დონეზე ვიმსაჯო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"