იტალიის თასი. 1/8-ფინალი: "მილანმა" "სასუოლო" გაიარა

AutoSharing Option
"სასუოლო" "მილანისთვის" მეტად უხერხული მეტოქეა, რაც სერია A-ს მე-17 ტურშიც დადასტურდა, როდესაც "ნერივერდემ" "როსონერი" მისსავე მოედანზე დაამარცხა. ეს გუნდები იტალიის თასის მერვედფინალშიც შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერად, ფილიპო ინძაგის გუნდმა იძალა - 2:1. შედეგად, "მილანი" იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.

ინძაგიმ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და შეტევის წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავი, ალესიო ჩერჩი და ჯამპაოლო პაცინი გაამწესა. საგულისხმოა, რომ "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად 8 იტალიელი იყო.

"სასუოლომაც" დაზოგა ლიდერები - მხოლოდ მეორე ნახევარში გამოჩნდნენ მინდორზე სიმონე ძაძა და დომენიკო ბერარდი. მატჩი
ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა უფრო მწვავედ მაინც მასპინძლები უტევდნენ და დაიმსახურეს კიდეც მოგება. მილანელთა შორის ჯამპაოლო პაცინი და ნაიჯელ დე იონგი გამოირჩნენ, სტუმართა რიგებში კი თავი ნიკოლა სანსონემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ ფილიპო ინძაგი გახარებული ჩანდა: "იტალიის თასი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტურნირია, რადგან გვაქვს შანსი, ტიტული მოვიგოთ. თავი არ დავზოგეთ, მთლიანობაში მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული