ინტერი-სამპდორია 2:0 - ცნობილია კიდევ ორი ნახევარფინალისტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა - "ფიორენტინამ" "ატალანტა" 3:1 დაამარცხა, ხოლო "ინტერმა" "სამპდორიას" 2:0 მოუგო.

"სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში სტუმრები კაცნაკლულნი უკვე მე-12 წუთზე დარჩნენ - მსაჯმა "სამპდორიას" ნანად კრსტიჩიჩი გაუძევა.

37-ე წუთზე მაურო იკარდის ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მიეცა, თუმცა პენალტიდან ვერ გაიტანა.

"ინტერმა" 71-ე წუთზე მაინც შეაგდო - ამ გუნდის რიგებში პირველი გოლი იზეიმა შერდან შაკირიმ. რამდენიმე წუთის შემდეგ გენუელებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუძევეს - მეორე გაფრთხილების გამო მოედანი პაველ ვშოლეკმა დატოვა. საბოლოო ანგარიში კი მატჩის
დასრულებამდე ორი წუთით ადრე იკარდიმ დააფიქსირა.

თასის 1/4-ფინალში "ინტერი" 22 იანვარს გასამართ "ნაპოლი"-"უდინეზეს" მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ფლორენციაში გამართულ შეხვედრას, "ფიორენტინა" უკვე მე-6 წუთზე მარიო გომესმა დააწინაურა, ხუთიოდე წუთის შემდეგ კი პენალტიდან ხუან კუადრადომ გაიტანა. მალევე გომესმა დუბლი შეასრულა (28) და უპირატესობა სამბურთიანი გახადა.

"ატალანტამ" მხოლოდ ერთის გაქვითვა შეძლო - ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე როლანდო ბიანკიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ფლორენციელებმა მატჩი 10 კაცით ჩაამთავრეს - მსაჯმა მეორე გაფრთხილების გამო მოედანი მარკოს ალონსოს დაატოვებინა.

ამრიგად, "ფიორენტინა" იტალიის თასის 1/4-ფინალშია და 4 თებერვალს დედაქალაქში "რომას" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული