იტალიის თასი. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა იძალეს

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპი სენსაციების გარეშე მიმდინარეობს - გზას ფავორიტები განაგრძობენ და ეს ტენდენცია არც ოთხშაბათს გამართულ პაექრობებში დაირღვა. "ინტერმა" "სამპდორიას" ბარიერი გადალახა, "ფიორენტინამ" კი "ატალანტას" სძლია.

გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს და ბუნებრივია, საშინაო კედლებმა და გულშემატკივრის ფაქტორმაც თავისი ქნა.

"ინტერმა" "სამპდორიას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგან ერთი ჯერდან შაჩირის, ხოლო მეორე მაურო იკარდის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელმა სადებიუტო გოლი გაიტანა ახალი გუნდის მაისურით.

"ფიორენტინამ" პირველივე ტაიმში მოამთავრა საქმე - მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში ანგარიში უკვე 3:0 იყო და ცხადი გახდა,
რომ ვინჩენცო მონტელას შეგირდები მოგებას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ. ბერგამოელებმა ერთი ბურთი გაქვითეს და ამით დასრულდა კიდეც ყველაფერი.

ისიც ვთქვათ, რომ "ფიორენტინამაც" და "ინტერმაც" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს - როგორც ჩანს, იტალიის თასის გათამაშებას კალჩოს გრანდები სრული სერიოზულობით მიუდგნენ.

გამარჯვების მიუხედავად, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი კრიტიკული იყო:

"მოგება კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვერ ვიქნები. გაცილებით უკეთ უნდა ვაკონტროლებდეთ ბურთს და ამ კომპონენტზე სამუშაო გვაქვს. სამუშაო ბევრია, წინ რთული გზა გველის, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული