ზამთრის სატრანსფერი ფანჯრის ბოლო დღეებში "ფიორენტინამ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა და ის 32 წლის ალბერტო ჯილარდინო გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ჯილა 2008-12 წლებში ასპარეზობდა ფლორენციულ გუნდში, 143 შეხვედრა გამართა და 59 გოლი გაიტანა, რაც შესანიშნავი შედეგია. ჯილარდინო ჩინური "გუანჯოუ ევერგრანდის" საკუთრებაა, "ვიოლაში" კი იჯარით ითამაშებს. ამასთან, ზაფხულში "ფიორენტინას" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.
აღვნიშნავთ, რომ "ფიორენტინაში" "გუანჯოუდან" კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო დიამანტი გადაბარგდა.
"ფლორენციაში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ
და ბედნიერი ვარ, რომ ისევ მოვირგებ "ფიორენტინას" მაისურს. ჩემი მიზანი გუნდისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანაა და ვიცი, რომ მწვრთნელი მენდობა. მარიო გომესთან კონკურენცია? - ჩვენ შეგვიძლია ტანდემშიც ვითამაშოთ და შესაბამისად, ამ თემას სხვა კუთხით ვუყურებ. მარიო დიდებული ფორვარდია და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება", - ეს ჯილარდინოს სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"