ანტონიო კასანო: შვიდი თვე ტყუილში ვიცხოვრე

AutoSharing Option
ანტონიო კასანო იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.

არაერთი კლუბი დაუტოვებია კონფლიქტის ნიადაგზე და არა მარტო მწვრთნელებთან, ხშირად პრეზიდენტებთან და გულშემატკივრებთან ვერ პოულობდა საერთო ენას. კასანოს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, რომ 2006 წლის მუნდიალი მოეგო, მაშინ მართლაც ბრწყინვალე ფორმაში იყო და იმსახურებდა კიდეც იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვედრას, მაგრამ მარჩელო ლიპის მისი გვარის გაგონებაც არ სურდა.

მიმდინარე სეზონში, "პარმა" საშინლად ასპარეზობს, სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს.

გასულ ტურში, ემილიელები კიდევ ერთ აუტსაიდერ
"ჩეზენას" შეხვდნენ და ფავორიტადაც ითვლებოდნენ, მაგრამ მორიგი მარცხი იწვნიეს და თანაც, საკუთარ მოედანზე. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "პარმას" ფეხბურთელებს ტიფოზებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, რასაც ანტონიო კასანოს მორიგი გამოხდომა მოჰყვა - გულშემატკივრებს მიეჭრა და საქმის გარჩევა დაიწყო... "პარმას" სხვა ფეხბურთელები და მწვრთნელ-მესვეურები იძულებულნი გახდნენ, რომ ასევე გასულიყვნენ ქომაგებთან, ეს ყველაფერი კი დიდ აურზაურში გადაიზარდა.

იმავე საღამოს დაიწერა, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა კასანოს და "პარმას" მესვეურებს შორის ურთიერთობა დაძაბა, გუშინ კი 32 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება და რას აპირებს მომავალში, ამაზე ვრცელი კომენტარი გააკეთა:

"შვიდი თვე ტყუილში ვიცხოვრე, დავიღალე ამ ყველაფრისგან და გადავწყვიტე, რომ კლუბთან კონტრაქტი გამეწყვიტა. გასულ სეზონში, შესანიშნავად ვიასპარეზეთ და ევროსაგზური მოვიპოვეთ, თუმცა საერთაშორისო არენაზე მხოლოდ იმიტომ ვერ გავედით, რომ კლუბის მესვეურებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ.

მაშინვე ვაპირებდი "პარმას" დატოვებას, მაგრამ ვითარების გამოსწორებას დაგვპირდნენ და დარჩენა გადავწყვიტე. ეს შეცდომა იყო, რადგან მდგომარეობა ძველებურად რთულია. არც მწვრთნელს ვემდური, არც თანაგუნდელებს და არც გულშემატკივრებს - მე იმათ გამაბრაზეს, რომლებმაც შესანიშნავი გუნდი დაშალეს. რას ვაპირებ სამომავლოდ? - აგენტმა ამერიკული და არაბული ვარიანტები შემომთავაზა, მაგრამ იქ 40 წლის ასაკში თუ გადავბარგდები, როდესაც სირბილის თავი აღარ მექნება.

მინდა ევროპაში დავრჩე და თუ სასურველ წინადადებას ამ ზამთარს ვერ მივიღებ, ზაფხულს დაველოდები. თუ ზაფხულშიც არ გამოჩნდა კარგი ვარიანტი, შესაძლოა, დავასრულო კიდეც კარიერა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული