გაბრიელ პალეტა "სამპდორიას" უახლოვდება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ გაბრიელ პალეტა "პარმადან" "სამპდორიაში" გადაბარგდება. 28 წლის მცველს ემილიური გუნდის დატოვება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა, მაგრამ კლუბის მესვეურებმა კიდევ ერთი სეზონით დარჩენაზე დაიყოლიეს - პალეტა ერთი პირობით დათანხმდა - ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, სასურველი წინადადების შემთხვევაში, "პარმა" მას ყოველგვარი საფასურის გარეშე გაუშვებდა.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა გვარწმუნებს, პალეტამ ამ პუნქტის ამოქმედება განიზრახა, რადგან მისი თავისთან წაყვანა სინიშა მიხაილოვიჩს სურს. დღეს "პარმაში" თამაშს რომ "სამპდორიაში" ასპარეზობა სჯობს, ცხადზე უცხადესია - ემილიელები ბოლო ადგილზე არიან სატურნირო ცხრილში,
გენუელები კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

პალეტამ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას "სამპდორიაში". იტალიის ნაკრების კანდიდატი არც კონკურენციას უფრთხის და ოპტიმისტურადაა განწყობილი. თუმცა საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არაა.

კიდევ ერთი ცნობის თანახმად, "სამპდორიას" "იუვენტუსიდან" ლუკა მარონე შეუერთდება. 24 წლის ნახევარმცველს ტურინში სათამაშო პრაქტიკა აკლია, თუმცა კვალიფიკაცია არ დაეწუნება და წესით, გენუურ გუნდს უნდა გამოადგეს. ხელშეკრულება საიჯარო იქნება გამოსყიდვის პერსპექტივით.

აქვე ვთქვათ, რომ სამუელ ეტო'ომ "სამპდორიასთან" 3.5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რამაც ბევრი გააკვირვა. კამერუნელი 33 წლისაა და ამ ასაკში, ასეთ გრძელვადიან კონტრაქტებს იშვიათად აფორმებენ. როგორც ჩანს, ეს სამუელის პრიორიტეტული მოთხოვნა იყო. არ ხმაურდება აფრიკელის წლიური ხელფასი, თუმცა კულუარული ინფორმაციით, სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული