რომის "ლაციოს" "ჯენოას" კომპლექსი ჩამოუყალიბდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ "ჯენოამ" "ლაციო" ზედიზედ მერვეჯერ დაამარცხა (!) და ეს ამბავი სერია A-ს 22-ე ტურის ეგიდით მოხდა. ორშაბათს გამართულმა მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ერთმანეთის პირისპირ ევროსაგზურებისთვის მებრძოლი გუნდები წარდგნენ. გენუელებს ევროპალიგაზე სურთ გასვლა, "ლაციოს" მიზანი კი სამეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა.

ერთი ხანობა, "ლაციო" შესანიშნავად თამაშობდა და ამ აღმასვლის კულმინაცია "მილანთან" მიჯრით მოგებული ორი მატჩი იყო - ჯერ ჩემპიონატში, ხოლო შემდეგ იტალიის თასზე, თუმცა ამის შემდეგ რომაელები "ჩეზენასთან" დამარცხდნენ და ვერც "ჯენოასთან" მოახდინეს რეაბილიტაცია.

რაც შეეხება
კონკრეტულად "ლაციო"-"ჯენოას" შეხვედრას, სათქმელი ბევრი არაფერია - პირველი ტაიმის შუაწელს რომაელთა მეკარე ფედერიკო მარკეტიმ პენალტი "აიკიდა", ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო.

"ჯენოა" დაწინაურდა და რიცხობრივი უპირატესობა მიიღო, რაც კარგად გამოიყენა. ჯამპიერო გასპერინის შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, თუმცა მომენტი ბევრი ჰქონდათ და მეტის გატანაც შეეძლოთ.

მატჩის შემდეგ "ლაციოს" თავკაცი სტეფანო პიოლი იმედგაცრუებული იყო: "რაც უნდა კარგად მოემზადო მატჩისთვის, როდესაც პირველივე ტაიმში მეკარეს გიძევებენ, რთულია, გადაეწყო და სასურველი შედეგი მიიღო. მიუხედავად ამისა, უკეთ გვმართებდა თამაში და თუნდაც ათი ფეხბურთელით, უფრო მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა მეტოქის კართან. ვეცდებით, შეცდომები მომდევნო შეხვედრაში გამოვასწოროთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული