კლაუდიო ლოტიტო, როგორც ბენიტო მუსოლინი - "ლაციოს" პრეზიდენტი მცირე კლუბებს თავს დაესხა

AutoSharing Option
"ლაციოს" პრეზიდენტი და ამავდროულად, "ლეგა კალჩოს" ერთ-ერთი მმართველი კლაუდიო ლოტიტო ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ამის მიზეზი კი მისი სკანდალური განცხადებაა.

სენიორ კლაუდიომ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ სერია B-ს გათამაშებას პროვინციული "კარპი" ლიდერობს და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონს ელიტარულ ლიგაში დაიწყებს. კარპი პატარა დასახლებაა, 70-ათასიანი მოსახლეობით და საკუთარი არენაც კი არ გააჩნია, რომელიც სერია A-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ლოტიტოს თქმით, ისეთი გუნდები, როგორიც "კარპია", უბრალოდ, არ იმსახურებენ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას.

შემდეგ ლოტიტომ სატელევიზიო ტრანსლირების გაყიდვებზე ისაუბრა, კიდევ ერთხელ გადაწვდა "კარპის" და სერია
A-ში აღზევებისთვის მებრძოლ კიდევ რამდენიმე გუნდს, მათ შორის, "ფროზინონეს" - "ლეგა კალჩოს" მესვეურის თქმით, ასეთი გუნდების გამო სერია A-ს მატჩების ტრანსლირებით სულ უფრო ცოტა კომპანია ინტერესდება და ის, რომ მიმდინარე სეზონის სატელევიზიო რეპორტაჟებიდან იტალიურ ფეხბურთს მილიარდზე მეტი ევრო შეუვა, მთლიანად მისი გამჭრიახობისა და ოსტატობის დამსახურებაა.

ამ თემაზე არაერთი საინტერესო კომენტარი გავრცელდა, "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ კი ლოტიტო თვით ბენიტო მუსოლინის შეადარა:

"კლაუდიო ლოტიტო ჭკუიდან შეიშალა და რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებს. "კარპი" შესანიშნავი გუნდია, ნამდვილად იმსახურებს სერია A-ს საგზურს და იმედი მაქვს, რომ გადმოვა კიდეც.

ლოტიტოს თავი ყოვლისშემძლე ჰგონია და თუ რატომ, ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მუდმივად საკუთარი თავის განდიდებითაა დაკავებული და ეჭვი მაქვს, რომ თავი ბენიტო მუსოლინი ჰგონია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და "ლეგა კალჩო" პატარა კლუბებს გვერდში უნდა დაუდგეს, ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული