ბურთს უფრო ხშირად "ინტერი" ფლობდა, ნეაპოლელებმა კი თითქოს განზრახ დათმეს ცენტრი და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ ხეირის ნახვას.
პირველი ტაიმი ნეაპოლელთა სრული სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ორი-სამი ბურთით მაინც უნდა დაწინაურებულიყვნენ. განსაკუთრებით, გონსალო იგუაინი სცოდავდა, რომელმაც ერთხელ სულაც ცარიელ კარს ააცილა ბურთი. მოკლედ, "ინტერს" ძალიან
მეორე ტაიმის პირველი ნახევარი ნაცნობი სცენარით წარიმართა - ბურთს უფრო "ინტერი" ფლობდა, სახიფათო მომენტებს კი "ნაპოლი" ქმნიდა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასპინძლებმა მომენტები გამოიყენეს და ერთბაშად ორი გოლი შეუგდეს მეტოქეს.
ანგარიში მარეკ ჰამშიკმა გახსნა, რომელმაც თავური დარტყმით შეარხია სამირ ჰანდანოვიჩის კარის ბადე. მეორე გოლი გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც მცველს შესანიშნავი მოძრაობით აუარა გვერდი და უზუსტესი დარტყმით მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა. აღსანიშნავია, რომ ჰამშიკმაც და იგუაინმაც "ინტერის" ცენტრალურ მცველ ჟუან ჟესუსს აჯობეს, რომელსაც აშკარად ჩაუვარდა თამაში.
მატჩის დასრულებამდე 20 წუთი რჩებოდა და თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, როდესაც "ინტერი" გამოცოცხლდა - ჯერ ერთი ბურთი გაქვითა და მატჩის დასრულებამდე სამიოდე წუთით ადრე ანგარიშიც გაათანაბრა. პირველი გოლი როდრიგო პალასიოს ზუსტ დარტყმას მოჰყვა, მეორე კი მაურო იკარდიმ თერთმეტმეტრიანით შეაგდო. არგენტინელმა "პანენკას დარტყმა" შეასრულა და ისე შეარხია კარის ბადე.
ისიც ვთქვათ, რომ "ინტერის" გარდასახვაში დიდი წვლილი შეცვლაზე შესულმა ერნანესმა შეიტანა - ბრაზილიელთან ერთად, მილანელებმა უფრო აზრიანად შეუტიეს და შედეგიც მიიღეს. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა მოკლე კომენტარები გააკეთეს...
რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "კარგი თამაში იყო, რომელშიც მეტს ვიმსახურებდით. "ინტერი" შესანიშნავი გუნდია, მაგრამ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და უნდა მოგვეგო კიდეც. ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ხასიათი არ უნდა გავიფუჭოთ. ჩვენი მიზანი მეორე ადგილზე ასვლაა და ამის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. ისე კი, ამდენი საგოლე მომენტის გაფუჭება არაფრით არ შეიძლება".
რობერტო მანჩინი (ინტერი): "დღეს "ნაპოლი" უკეთესი გუნდია, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, თუ რა შეუძლია "ინტერს". ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და მნიშვნელოვანი მატჩი გადავარჩინეთ. აქ ქულაზე უფრო მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ არ წავაგეთ და ორბურთიანი ფორა გავაბათილეთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"