იტალიის ნაკრები: "სკუადრა აძურა" მზადებას შეუდგა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები ორი მნიშვნელოვანი მატჩისთვის "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზე ემზადება და ბუნებრივია, რომ აპენინური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში სწორედ ფლორენცია და ეს მოსამზადებელი ცენტრია მოქცეული. შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურა" 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ბულგარეთს სტუმრობს, სამ დღეში კი ამხანაგურად ინგლისს უმასპინძლებს.

ანტონიო კონტემ შეკრიბა ის 27 ფეხბურთელი, რომლებსაც ამ ორ შეხვედრაში დაეყრდნობა. მოკლედ ვთქვათ, რომ სიაში რამდენიმე ვეტერანი ვერ მოხვდა, მათ შორის, ანდრეა პირლო, რიკარდო მონტოლივო, ტიაგო მოტა და დანიელე დე როსი - სამაგიეროდ, განაცხადში სამი ახალწვეულია, ფრანკო
ვასკესის, მარტინს ედერის და მირკო ვალდიფიორის სახით.

კონტეს განაცხადში ერთი ცვლილების შეტანაც მოუხდა - მეკარე მატია პერინმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად, მწვრთნელმა ფედერიკო მარკეტის უხმო. "ლაციოს" მეკარე შესანიშნავ ფორმაშია და პერინის მისით ჩანაცვლება არავის გაკვირვებია.

ორიუნდების თემა
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია "სკუადრა აძურაში" ედერის და ვასკესის გამოძახებამ, რადგან პირველი ბრაზილიელია, ხოლო მეორე - არგენტინელი.

იტალიის ეროვნულ გუნდში ადრეც უთამაშიათ სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს, რომლებსაც ორიუნდებს ეძახიან, მაგრამ აპენინებზე ბევრი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში მათი რიცხვი საგანგაშოდ გაიზარდა. დაცვაში გაბრიელ პალეტა, ნახევარდაცვაში კრისტიან ლედესმა, ტიაგო მოტა და რომულო სოუზა, თავდასხმაში კარვალიო ამაური, პაბლო ოსვალდო და აგერ, უკვე ედერის და ფრანკოს გამოძახებაც - მართალია, ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს "აძურაში" აღარ იძახებენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი ნატურალიზება მოხდა და თუ ფორმაში შევლენ, უხმობენ კიდეც. ეს ამბავი, არც მეტი, არც ნაკლები, "ინტერის" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააპროტესტა:

"ანტონიო კონტე ჩემი მეგობარია და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია ევროპაში, მაგრამ რა საჭიროა ნაკრებში ამდენი უცხოელის გამოძახება, ჩემთვის გაუგებარია. გასაგებია, რომ ვასკესს იტალიელი დედა ჰყავს და მოქალაქეობის მიღება არ გასჭირვებია, მაგრამ მხოლოდ ეს არ უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ნაკრებში მოვიწვიოთ.

ვფიქრობ, "აძურაში" ნამდვილმა იტალიელებმა უნდა იასპარეზონ, რომლებიც განსხვავებულ კულტურაზე არ არიან აღზრდილნი და განსხვავებული მენტალიტეტი არ აქვთ. მე სანაკრებო ფეხბურთი ასე მესმის და არც მომავალში შემეცვლება წარმოდგენა".

ამ თემაზე სხვებმაც გააკეთეს კომენტარები, ზოგმა დაუჭირა მხარი მანჩინის და ზოგმაც არა - ისიც გაიხსენეს, რომ ორიუნდები "სკუადრა აძურაში" ოდითგანვე თამაშობდნენ და იტალიის ნაკრების წარმატებებში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ანტონიო კონტემ ამ თემას გვერდი აუარა და მოახლოებულ შეხვედრებზე მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ბულგარეთში რთული მატჩი გველის, ჩემი ფიქრები სწორედ ამ პაექრობას დასტრიალებს და არა გარეშე თემებს. მთავარია, მოკლე დროში ფეხბურთელები სანაკრებო მატჩებზე გადმოერთონ, ჩვენც სწორი სამუშაო ჩავატაროთ და ისეთი თამაში ვაჩვენოთ, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს. რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დარჩა, მაგრამ კარგად იციან, რომ მომავალში მათი დიდი იმედი მაქვს. რაც შეეხება ედერს, ვასკესს და ვალდიფიორის, თავიანთ გუნდებში შესანიშნავად ასპარეზობენ და წესით, მათ გამოძახებაზე კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. შანსი ყველას მიეცემა, ვინც ამას დაიმსახურებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული