სეზონის წინ ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ტურინელთა შანსებს და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები - ერთი ის, რომ "იუვეში" მწვრთნელი შეიცვალა და ანტონიო კონტე მასიმილიანო ალეგრიმ ჩაანაცვლა, რაც ბევრმა "ვეკია სენიორას" რეგრესის წინაპირობად მონათლა.
კონტე ახალი "იუვეს" მთავარი შემოქმედი იყო, ხოლო ალეგრი წარუმატებელი "მილანის" თავკაცი; ამასთან, თითქოს, რუდი გარსიას "რომა" მომწიფდა იმისთვის, რომ სკუდეტოსთვის რეალურად ებრძოლა და არც "ნაპოლი" განიცდიდა ამბიციების ნაკლებობას. მოკლედ, შეიქმნა განცდა,
პირიქით, კიდევ უფრო დიდი უფსკრული გაჩნდა ტურინულ გრანდს და დანარჩენ გუნდებს შორის, რაც უდავოდ ალეგრის დამსახურებაა.
თვითონ მწვრთნელს არ ავიწყდება ანტონიო კონტეს დამსახურება და ეს მის პიროვნულ თვისებებზე დადებითად მეტყველებს:
"ანტონიო კონტემ ჩემპიონი გუნდი დამიტოვა და ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან ადვილია. ერთი სიტყვა სჭირდებათ და მწვრთნელის ხედვა მინდორზე გადააქვთ.
ამ წარმატებაში კონტეს წვლილი დიდია და მინდა მას მადლობა გადავუხადო.
რა იქნება შემდეგი მიზანი? - ჩვენი სურვილია, რომ "იუვენტუსი" ევროპის უძლიერესი გუნდი გახდეს და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. კლუბის მესვეურებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მჯერა, რომ ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ".
როცა მარტო ჩვენ გვჯეროდა ალეგრის
"იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მასიმილიანო ალეგრის ემადლიერება და შემდეგ კომენტარს აკეთებს:"რა დასამალია და, მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურას გულშემატკივრები სკეპტიკურად შეხვდნენ. რამდენიმე ასეულმა ულტრასმა აგრესიულად გააპროტესტა ჩვენი არჩევანი, ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა კი გუნდის გარდაუვალი კრიზისი იწინასწარმეტყველეს.
მაშინ მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა, რომ ალეგრი კონტეს იდეალურად შეცვლიდა და ეს ასეც მოხდა - "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონია, თასის მოგებისთვის იბრძვის და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს. ფანტასტიკური მიღწევაა და ეს სწორედ მასიმილიანოს დამსახურებაა.
ვფიქრობ, ალეგრისთან ერთად, ჩვენი გუნდის თამაში უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა, რის გარეშეც საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ".
მაროტა: პოგბას დარჩენა სურს
ჟურნალისტებს "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა გაესაუბრა და სატრანსფერო გეგმებზე ილაპარაკა. როდესაც გუნდი ოთხჯერ ზედიზედ ხდება ჩემპიონი, მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემების საფრთხე იმატებს და ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ახალი ფეხბურთელების დამატებაა:"სატრანსფერო ბაზარზე აუცილებლად ვიაქტიურებთ, რადგან ჩვენი მიზანია, "იუვე" ევროპის საუკეთესო გუნდი გახდეს. ერთი ტოპ-ფორვარდი გვჭირდება, ერთი ნახევარმცველი და ერთი მცველი - გაძლიერება ყველა რგოლში გვჭირდება და ამაზე მუშაობას ვაპირებთ.
რამდენად გავასხვისებთ პოლ პოგბას? - მისი გაყიდვა არ გვსურს და სიმართლე გითხრათ, არც ამის საჭიროება გვაქვს. ფინანსურად არ გვიჭირს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეველევით ფრანგს, თუ თავად ფეხბურთელი მოისურვებს წასვლას.
ვიცი, რომ პოლს დარჩენა სურს და ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".
ჯუზეპე მაროტამ საგულისხმო კომენტარი გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "იუვენტუსს" ფინანსურად არ უჭირს და პოლ პოგბას გასხვისების გარეშეც შეუძლია ახალი ფეხბურთელების დამატება.
როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, მარტო ჩემპიონთა ლიგიდან ტურინული გრანდის შემოსავალმა 50 მილიონ ევროს გადააჭარბა, სულ კი მიმდინარე სეზონში "იუვეს" ბიუჯეტი 150 მილიონით გამდიდრდა.
ამ რეალობიდან გამომდინარე, ტურინელებს მართლაც შეუძლიათ პოლ პოგბას შენარჩუნება და ახალი ტრანსფერების გაჩარხვა.
31 თუ 33?
"იუვენტუსმა" 31-ე საჩემპიონო ტიტული მოიგო, თუმცა თვითონ ტურინელები თვლიან, რომ 33-ედ მოიპოვეს სკუდეტო. კალჩოპოლის ცნობილი პროცესების შემდეგ "ვეკია სენიორას" ორი ტროფეი ჩამოართვეს და მას შემდეგ ეს თემა მუდმივი განხილვის საგანია. ტურინულმა სპორტულმა გამოცემა "ტუტოსპორტმა" პროვოკაციული სტატია დაბეჭდა, სადაც სკუდეტოების ჩამონათვალი იყო და "იუვეს" 33 საჩემპიონო ტიტული ეწერა. ბუნებრივია, ამ თემას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ფედერკალჩოს პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ კი საგანგებო განცხადება გააკეთა:
"ტურინის "იუვენტუსი" დამსახურებულად გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მინდა კლუბის მესვეურებს, მწვრთნელს და ფეხბურთელებს ეს უდიდესი მიღწევა მივულოცო. ამასთან, მოვუწოდო მათ, რომ მიიღონ ის რეალობა, რომელიც დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერაა დადგენილი და რომლის მიხედვითაც, "იუვეს" 31 სკუდეტო აქვს.
იმავეს ვეტყოდი "ტუტოსპორტის" რედაქციას, რომელიც ინფორმაციას საჯაროდ ავრცელებს და ასეთი უზუსტობის დაშვება არ ეკადრება.
შეიძლება თუ არა, რომ "იუვენტუსს" ჩამორთმეული სკუდეტოები დაუბრუნონ? - გამორიცხული ნამდვილად არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღეს უნდა მივიღოთ ის რეალობა, რაც გვაქვს".
ფიესტა ტურინში
"იუვენტუსის" მწვრთნელმა ფეხბურთელებს მხოლოდ 10 წუთი მისცა საჩემპიონო ზეიმისთვის, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ბატალიებია. მასიმილიანო ალეგრიმ გულშემატკივრებსაც სთხოვა, რომ სახალხო ზეიმისგან თავი შეიკავონ, რადგან ამან შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს გუნდზე.
მიუხედავად ამისა, ტურინში ფიესტა თითქმის ორ დღეს გაგრძელდა, ქუჩებში გამოსულ ათასობით გულშემატკივარს კი ალეგრის თხოვნა, ალბათ, არც კი გაუგია - ზეიმს მხოლოდ გუნდი აკლდა, გუნდი, რომელიც 4 წელია, არავის უთმობს საჩემპიონო ტიტულს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"