ედინსონ კავანი და პაულო დიბალა "იუვენტუსში" მიდიან - რას გადაწყვეტს ტევესი?

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერება ედინსონ კავანის "იუვენტუსში" მოსალოდნელი გადაბარგების შესახებ. მეტიც, "გაძეტა დელო სპორტი" გვარწმუნებს, რომ ტურინული გრანდის მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ 28 წლის ურუგვაელ ფორვარდს და პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ის "ვეკია სენიორას" შავ-თეთრ მაისურს მოირგებს.

ითქვა ისიც, რომ ტურინში კავანი წელიწადში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, ასეთი მაღალი ხელფასი კი "იუვეში" არავის აქვს.

მოკლედ, იტალიელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კავანი ზაფხულში "ბიაკონერის" წევრი გახდება და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომლის მომავალსაც ასევე "იუვენტუსს" უკავშირებენ, პაულო დიბალაა. 21
წლის არგენტინელი ფორვარდი ტოვებს "პალერმოს" და მასზე დიდი მოთხოვნაა, ყველაზე კარგი შანსი კი თურმე სწორედ ტურინულ გრანდს ჰქონია.

მოკლედ, "იუვე" სერიოზულად აძლიერებს შეტევას და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გუნდს 31 წლის კარლოს ტევესი დატოვებს, რომელიც არ მალავს, რომ კარიერის "ბოკა ხუნიორსში" დასრულება სურს...

ამ თემაზე კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:

"შეტევის გაძლიერებას ვაპირებთ და არა დასუსტებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი კარლოს ტევესის შენარჩუნებაა. არგენტინელს კონტრაქტის გახანგრძლივებას შევთავაზებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ დათანხმდება.

ტევესი "იუვენტუსის" ლიდერია და ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ 10-ნომრიან მაისურს ღირსეულად ატარებდა.

რაც შეეხება კავანის და დიბალას, ორივე ძლიერი ფორვარდია და მათი გადმობირება ჩვენი მიზანია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

მაროტა ფრთხილ კომენტარს აკეთებს და ეს სრულიად ბუნებრივია, "გაძეტა" და "კორიერე" კი კავანის ტრანსფერში დარწმუნებულნი არიან. პრესაში ისიც დაიწერა, რომ კარლოს ტევესს "ბოკა ხუნიორსმა" მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რითაც არგენტინელი მეტად უკმაყოფილო დარჩენილა და სწორედ ამ გარემოებით სარგებლობა სურთ ტურინელებს.

ვნახოთ, რით დასრულდება ეს ისტორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული