ანტონიო მირანტემ გონსალო იგუაინს მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "პარმა"-"ნაპოლის" შეხვედრაში გონსალო იგუაინს ნერვებმა უმტყუნა და მეტოქე გუნდის მეკარეს შემდეგი მიაძახა: "რისთვის იბრძვით, თქვენ ხომ უკვე სერია B-ში ხართ გავარდნილები"... არგენტინელის ამ ფრაზას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფედერკალჩომ კი გონსალოს 10 000-ევროიანი ჯარიმა გამოუწერა. ამ თემაზე კომენტარი ანტონიო მირანტემ გააკეთა და მოულოდნელად, მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჯარიმის ნახევარი თვითონ გადაიხადოს:

"ვფიქრობ, რომ ამ ერთ ფრაზას ზედმეტი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფეხბურთელები ხშირად აგინებენ ერთმანეთს და საშინელ სიტყვებს ყვირიან, იგუაინს კი ისეთი არაფერი დაუშავებია. მზად ვარ, მისთვის გამოწერილი ჯარიმის
ნახევარი ჩემს თავზე ავიღო და ამით დასრულდეს ყველაფერი. მატჩის შემდეგ იგუაინმა ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე არც მანამდე ვიყავი ნაწყენი".

"ნაპოლისთან" შეხვედრაში ანტონიო მირანტემ ბრწყინვალედ ითამაშა და ლომის წილი დაიდო იმაში, რომ ემილიელებმა ქულა მოიპოვეს. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მატჩის შემდეგ "პარმას" მეკარეს "ნაპოლის" წარმომადგენლები ესაუბრნენ და ტრანსფერზე ჩამოუგდეს სიტყვა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა კარს ხან რაფაელი იცავს, ხანაც მარიანო ანდუხარი, მაგრამ კლუბის მესვეურები არ მალავენ, რომ ახალი მეკარის ძიებაში არიან.

როგორც ჩანს, თვალი 31 წლის მირანტეს დაადგეს და მის გადაბირებას აპირებენ. დიდი ალბათობით, ანტონიომ სწორედ "ნაპოლის" წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ გააკეთა ზემოთ მოყვანილი კომენტარი, რომლითაც მან იგუაინს მხარი დაუჭირა და ალბათ, ნეაპოლელი გულშემატკივრების გულის მოგება სცადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული