სერია A: სამწვრთნელო კარუსელის მოლოდინში

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთი მოულოდნელობებით არის აღსავსე და მიმდინარე სეზონი ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა. დღეს მწვრთნელებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, სათქმელი კი მართლაც ბევრია, რადგან იტალიელ სპორტულ ჟურნალისტთა პროგნოზით, მომდევნო სეზონს სერია A-ს 9-10 გუნდი ახალი თავკაცით შეხვდება.

შეგვიძლია ეს რევოლუციასაც კი შევადაროთ, რადგან როდესაც გუნდში მწვრთნელი იცვლება, ის ცვლის ტაქტიკა-სტრატეგიასაც და მიჰყავს თავისი ფეხბურთელები - შესაბამისად, დიდი ალბათობით, სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა რადიკალურად შეცვლილი იქნება, რაც არა მარტო ჩემპიონატს, ზაფხულის სატრანსფერო კამპანიასაც განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის.

და მაინც, რატომ არის
იტალიური ფეხბურთი მოულოდნელობებით აღსავსე? - ზაფხულში ჟურნალისტები, სპეციალისტები და ექპერტები ყველაზე სკეპტიკურად მასიმილიანო ალეგრის "იუვენტუსში", ხოლო სტეფანო პიოლის "ლაციოში" დანიშვნას შეხვდნენ, დღეს კი სწორედ ეს მწვრთნელები გრძნობენ თავს ყველაზე მშვიდად.

ალეგრი და პიოლი სეზონის გმირები არიან, კლუბების მესვეურები კი მათ ახალ ხელშეკრულებას დღესვე გაუფორმებდნენ, ამის საჭიროება რომ იყოს.

ქვემოთ იმ გუნდებზე ვისაუბრებთ, სადაც ცვლილებებია მოსალოდნელი, თუმცა, ბუნებრივია, მწვრთნელის შეცვლა ყოველთვის წარუმატებლობით არაა განპირობებული - პატარა გუნდებში წარმატებით მოღვაწე სპეციალისტებზე უფრო ამბიციური კლუბები ნადირობენ და ესეც ჯანსაღი პროცესია...

რომა
მას შემდეგ, რაც "რომას" რუდი გარსია ჩაუდგა სათავეში, პირველად დაირხა ხმები მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ და ეს ყველა შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, ფრანგს იმ შემთხვევაშიც გაათავისუფლებენ, თუ გუნდი მესამე ადგილს დაიკავებს და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა. ვინ შეიძლება შეცვალოს გარსია? - ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ჩეზარე პრანდელია, რომელიც უსაქმოდაა და საინტერესო წინადადების მოლოდინშია. არის საუბრები ლუჩანო სპალეტის და ვინჩენცო მონტელას კანდიდატურაზე - ეს უკანასკნელი ძველი "რომანისტაა" და დიდი ალბათობით, "ფიორენტინას" დატოვებს.

რუდი გარსია: წავა/დარჩება 35%/65%
სავარაუდო შემცვლელი: ჩეზარე პრანდელი


ნაპოლი
"ნაპოლის" ევროპალიგიდან გამოვარდნამ ძალიან შეამცირა იმის შანსი, რომ რაფაელ ბენიტესმა ნეაპოლში გააგრძელოს მუშაობა. ესპანელ სპეციალისტს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება თუ გადაარჩენს, რისი შანსიც არის, მაგრამ არცთუ ისე დიდი.

მეორე მხრივ, ჯერ კიდევ საკითხავია, თავად რაფას თუ სურს იტალიაში დარჩენა, რადგან დიდი ხანია, რაც ინგლისში დაბრუნებას ლამობს. მოკლედ, ბენიტესის წასვლის ალბათობა ერთობ მაღალია და ვინ შეიძლება შეცვალოს ის? - ბოლო პერიოდში, ყველაზე ხშირად სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატურაზე საუბრობენ, თუმცა დაირხა ხმები ჩეზარე პრანდელის და ვალტერ მაძარის შესახებაც. და მაინც, ფავორიტი მიხაილოვიჩია და თუ "გაძეტას" ვენდობით, მომდევნო სეზონში ნეაპოლელთა სათადარიგოთა სკამზე სწორედ სერბს ვიხილავთ.

რაფაელ ბენიტესი: წავა/დარჩება 70%-30%
სავარაუდო შემცვლელი: სინიშა მიხაილოვიჩი


ფიორენტინა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ვინჩენცო მონტელა დატოვებს "ფიორენტინას" და მისი ამჟამინდელი პოსტი ვაკანტური გახდება. ფლორენციული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთდროულად რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის, ლუჩანო სპალეტი, რობერტო დონადონი, მაურიციო სარი, ჯამპიერო ვენტურა და ჩეზარე პრანდელი. ყველაზე ხშირად მაინც სპალეტიზე საუბრობენ, რომელიც უკვე შეხვედრია კლუბის პრეზიდენტ ანდრეა დელა ვალეს და მოლაპარაკების პროცესი, პრაქტიკულად, დაწყებულია.

ვინჩენცო მონტელა: წავა/დარჩება 85%-15%
სავარაუდო შემცვლელი: ლუჩანო სპალეტი


სამპდორია
კიდევ ერთი გუნდი, რომელშიც დიდი ალბათობით, მწვრთნელი შეიცვლება, "სამპდორიაა". მართალია, ბოლო განცხადებაში კლუბის პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ სერბის სავარაუდო დარჩენაზე ისაუბრა, მაგრამ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს ამის ნაკლებად სჯერათ. ვინ ჩაიბარებს "სამპას" მიხაილოვიჩის წასვლის შემთხვევაში? - რობერტო დონადონის გვარმა აქაც გაიჟღერა, თუმცა არანაკლებ ხშირად "სასუოლოს" ამჟამინდელ თავკაცზე, ეუსებიო დი ფრანჩესკოზე საუბრობენ. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა "სამპა" ევროპალიგის საგზურს...

სინიშა მიხაილოვიჩი: წავა/დარჩება 60%-40%
სავარაუდო შემცვლელი: რობერტო დონადონი


ტორინო
სინიშა მიხაილოვიჩის მსგავსად, "ტორინოს" თავკაცის, ჯამპიერო ვენტურას მუშაობაც მთლიანობაში დადებითად ფასდება და მისი გადაბირება რამდენიმე უფრო ამბიციურ კლუბს სურს, მათ შორის კი "ფიორენტინაც" სახელდება. მართალია, "ტორო" ევროსაგზურის გარეშე რჩება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპალიგის მიმდინარე გათამაშებაში ტურინელებმა მშვენიერი ფეხბურთი აჩვენეს და მთლიანობაში, გულშემატკივარს თავი დადებითად დაამახსოვრეს.

ვენტურას წასვლის შანსი არც ისე დიდია, მაგრამ თუ მაინც დატოვა "ტორინო", მის ადგილას შესაძლოა "უდინეზეს" დამრიგებელი ანდრეა სტრამაჩონი ან უსაქმოდ მყოფი ზდენეკ ზემანი ვიხილოთ.

ჯამპიერო ვენტურა: წავა/დარჩება 25%-75%
სავარაუდო შემცვლელი: ანდრეა სტრამაჩონი


მილანი
ფილიპო ინძაგი რომ დატოვებს "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მისი სავარაუდო შემცვლელებიდან კი ყველაზე მეტ შანსს კარლო ანჩელოტის და უნაი ემერის აძლევენ.

კიდევ რამდენიმე გვარმა გაიჟღერა, მათ შორის, იურგენ კლოპის, მარჩელო ლიპის და მაურიციო სარის. საით გადაიხრება "როსონერის" მესვეურთა სიმპათიები, რთული სათქმელია. თუ ანჩელოტიმ მადრიდის "რეალი" დატოვა, ყველაზე რეალურ კანდიდატად იქცევა, თუმცა კარლიტო რომ სერიოზულ ტრანსფერებს მოითხოვს, ესეც ფაქტია და რამდენად იქნება მზად სილვიო ბერლუსკონი ამისთვის, ცალკე თემაა. და მაინც, როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები წერენ, ან ანჩელოტი და ანაც ემერი.

ფილიპო ინძაგი: წავა/დარჩება 99%-1%
სავარაუდი შემცვლელი: კარლო ანჩელოტი


სასუოლო
ეუსებიო დი ფრანჩესკო "სასუოლოში" წარმატებით მუშაობს. მისი გადაბირება ერთდროულად რამდენიმე კლუბს სურს და არც თავად მწვრთნელი მალავს, რომ უფრო მაღალ დონეზე მუშაობის სურვილი აქვს. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, დი ფრანჩესკოს ყველაზე რეალური შემცვლელი ფილიპო ინძაგია, რომლის დანიშვნა "ნერივერდეს" მესვეურებს ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს სურდათ, მაგრამ მაშინ პიპო უფრო ლამაზ ფერებში ხედავდა მომავალს. კიდევ ერთ კანდიდატად ზდენეკ ზემანი მოიაზრება, რომლის საფეხბურთო ფილოსოფია ახლოსაა დი ფრანჩესკოს ხედვასთან.

ეუსებიო დი ფრანჩესკო: წავა/დარჩება 50%-50%
სავარაუდო შემცვლელი: ფილიპო ინძაგი


უდინეზე
"უდინეზეს" მესვეურებმა ანდრეა სტრამაჩონის ევროსაგზურის მოპოვება დაუსახეს მიზნად, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - "ბიანკონერი" ჩემპიონატს ცხრილის ქვედა ნაწილში ამთავრებს და შესაბამისად, მომდევნო სეზონში მხოლოდ შიდა ასპარეზით მოუწევს დაკმაყოფილება.

მოკლედ, სტრამაჩონიმ არცთუ წარმატებით შეცვალა ფრანჩესკო გვიდოლინი, რომლის "უდინეზე" მუდმივად ლიდერთა შორის იყო და არათუ ევროპალიგის, ხშირად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა. ასე რომ, არის შანსი, სტრამაჩონის კარისკენ მიუთითონ, მის ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელის პოსტი კრისტიან პანუჩის ჩააბარონ, რომელიც რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ფაბიო კაპელოს ასისტენტი იყო და მიმდინარე სეზონში, სერია B-ში მოასპარეზე "ლივორნოში" წარმატებით მუშაობს.

ანდრეა სტრამაჩონი: წავა/დარჩება 40%-60%
სავარაუდო შემცვლელი: კრისტიან პანუჩი

ემპოლი
"ემპოლის" მაურიციო სარი უდგას სათავეში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელია იტალიურ საკლუბო ფეხბურთში. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სარიმ ყველაზე მცირე ბიუჯეტით დააკომპლექტა ისეთი გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს, გამართულ, სწორ ფეხბურთს თამაშობს და არაერთი გრანდიც გაამწარა.

სარის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ თითქმის ყველა გუნდში, სადაც მწვრთნელის ცვლილებაა მოსალოდნელი, მათ შორის - "მილანში". ჯერჯერობით, არავითარი ცნობა არ ვრცელდება სარის შესაძლო შემცვლელთან დაკავშირებით, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სენიორ მაურიციოს მისივე თანაშემწე შეცვლის, რადგან კლუბის მესვეურებს აღებული კურსის გაგრძელება სურთ.

მაურიციო სარი: წავა/დარჩება 50%-50%
სავარაუდო შემცვლელი: არ სახელდება


სად არ ველოდებით ცვლილებებს...
როგორც თავშივე აღვნიშნეთ, მასიმილიანო ალეგრის და სტეფანო პიოლის არაფერი ემუქრებათ და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "იუვენტუსს" და "ლაციოს" მომდევნო სეზონში იგივე მწვრთნელები ეყოლებათ.

მიუხედავად იმისა, რომ "ინტერის" ასპარეზობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რობერტო მანჩინის თავი ქუდში აქვს და მილანური გრანდის მესვეურები მის გათავისუფლებაზე არცკი ფიქრობენ. ახალი "ინტერი" სწორედ მანჩინიმ უნდა ააშენოს და ამისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიური მუშაობაა დაგეგმილი.

მყარად ზის სკამზე ჯამპიერო გასპერინი, რომელიც "ჯენოაში" თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობს და მიმდინარე სეზონი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. გენუელებს დიდი ვერაფერი შემადგენლობა ჰყავთ და მიუხედავად ამისა, ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან, რაც მწვრთნელს აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ნაკლებად არის მოსალოდნელი "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის შეცვლა, რადგან კლუბის პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინის კარგად ესმის, რომ ამ რესურსით, მეტის მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მით უმეტეს, ძამპარინიმ თავისი უპირველესი მიზანი, პრაქტიკულად, აისრულა და პაულო დიბალა "იუვენტუსს" სოლიდურ თანხად მიჰყიდა. მართალია, ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ ამ საქმეს წინ აღარაფერი უდგას.

თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს ვენდობით, ამჟამინდელ პოსტზე გააგრძელებენ მუშაობას ვერონული გუნდების მწვრთნელები: როლანდო მარანი და ანდრეა მანდორლინი. კიდევ უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს ედი რეია, რომელმაც "ატალანტა" სულ ახლახან ჩაიბარა და ელიტაში ადგილი შეუნარჩუნა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინ მართლაც საინტერესო ზაფხული გველის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული