ვინ გაწვრთნის "მილანს" - ისევ ფილიპო ინძაგი, კარლო ანჩელოტი თუ უნაი ემერი?

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურის ეგიდით, "მილანმა" "ტორინოს" უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ამით "ტორომ" ევროპალიგაზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა, "მილანმა" კი სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემი მატჩი მოიგო, თუმცა ჩემპიონატის ფინიშზე გულშემატკივრები ცოტათი მაინც გაახარა.

ბენეფისი მოიწყო სტეფან ელ შაარავიმ, რომელიც ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და დუბლი შეასრულა. "პატარა ფარაონი" მართლაც შეუდარებელი იყო, ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოუვიდა და სხვა ეპიზოდებშიც გაიბრწყინა...

მოკლედ, ელ შაარავი დაბრუნდა და ნათლად გვაჩვენა, რომ ამ ფორმაციის "მილანში" უდავოდ მნიშვნელოვანი და ყველასგან გამორჩეული ფიგურაა - მატჩის
შემდეგ 22 წლის თავდამსხმელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ყველაზე ცუდი უკან მოვიტოვე და მჯერა, რომ ტრავმა აღარ შემიშლის ხელს თამაშში. მინდა, რომ "მილანს" კრიზისის დაძლევაში დავეხმარო და მომდევნო სეზონში გუნდთან ერთად დიდ წარმატებებს მივაღწიო.

"ტორინო" შესანიშნავი გუნდია, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ეს ჩვენი დღე იყო.

ფილიპო ინძაგი? - ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებით ითამაშოს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ინძაგი ჩემი კუმირია, მასთან გატარებული თითოეული დღე ძვირფასია, დანარჩენი კი კლუბის მესვეურთა გადასაწყვეტია".

და მაინც...
და მაინც, ვინ შეცვლის ფილიპო ინძაგის? - სილვიო ბერლუსკონი არ მალავს, რომ მისი ფავორიტი კარლო ანჩელოტია. სულ ბოლო სიახლეა, რომ მადრიდში "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გაემგზავრა...

ითქვა ისიც, რომ გალიანი ესპანეთში უნაი ემერისაც შეხვდება, საბოლოო არჩევანი კი სწორედ ამ ორ სპეციალისტს შორის გაკეთდება. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, თუ ანჩელოტი ფავორიტია, ემერი სათადარიგო ვარიანტია.

ამ თემაზე გალიანიმ შემდეგი განაცხადა:

"შემიძლია თუ არა დავადასტურო, რომ ინძაგი ტოვებს "მილანს"? - სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ჯერჯერობით, არაფრის დადასტურებას არ ვაპირებ. ფილიპო აგრძელებს მუშაობას და დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონს მაჟორულ ნოტზე დავასრულებთ.

რაც შეეხება საზაფხულო გეგმებს, დიახ, ჩვენ გვსურს კარლო ანჩელოტისთან თანამშრომლობა და ყურადღებით ვაკვირდებით "რეალში" მიმდინარე პროცესებს. ვაპირებ კარლიტოსთან შეხვედრას და იქ ბევრი რამ გაირკვევა.

რაც შეეხება ემერის, საინტერესო სპეციალისტია და არ დავმალავ, რომ მასთანაც ვაპირებ დალაპარაკებას. მოვიცადოთ რამდენიმე დღე და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".

ინძაგის კიდევ ერთი შანსი სურს
ამასობაში, ჟურნალისტებს ფილიპო ინძაგიმ გადაუშალა გული და იმედი გამოთქვა, რომ კლუბის მესვეურები მას კიდევ ერთ შანსს მისცემენ:

"წავიკითხე სილვიო ბერლუსკონის სიტყვები იმის შესახებ, რომ თუ კარლო ანჩელოტი მადრიდიდან წავა, სწორედ "მილანს" ჩაუდგება სათავეში, პირად საუბარში კი პრეზიდენტმა მუშაობის გაგრძელება მთხოვა.

კარგი იქნება, თუ მალევე მეცოდინება, რას აპირებენ კლუბის მესვეურები, რომ შემდეგ ჩემი გეგმები დავსახო. ძალიან მინდა, რომ კიდევ ერთი შანსი მომეცეს და "როსონერიში" დავრჩე, რადგან ვგრძნობ, რომ შემიძლია გუნდს ახალი ძალა შევმატო.

წინააღმდეგ შემთხვევაში, წინადადებებს დაველოდები და სხვა გუნდს ჩავუდგები სათავეში".

150 მილიონი ევრო ტრანსფერებისთვის
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურები მზად არიან, გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს ზაფხულის ტრანსფერებისთვის 150 მილიონი ევრო გამოუყონ.

მაგალითად, "გაძეტა დელო სპორტი" სტატიას ასეთი სათაურით აქვეყნებს: "150 მილიონი ევრო ანჩელოტის ტრანსფერებისთვის"...

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, სწორედ ანჩელოტი დაბრუნდება "მილანში", ზაფხულში კი მას საშუალება მიეცემა, რომ 150 მილიონი ევრო თავისი გემოვნებით დახარჯოს.

ტიაგო სილვა, მატეო დარმიანი, სამი ხედირა, მარკო ვერატი, მარკო როისი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი, რადამელ ფალკაო - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა ბედს "მილანს" უკავშირებენ, დანარჩენი კი ახალი მწვრთნელის გადასაწყვეტია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული