2 ივნისს კონტემ სანაკრებო შეკრება დაიწყო და კოვერჩიანოს საწვრთნელ ბაზაზე 33 ფეხბურთელს უხმო. ბუნებრივია, მათ შორის არ იყვნენ "იუვენტუსის" მოთამაშეები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჰქონდათ სათამაშო. მოკლედ, "იუვენტინოების" ჩათვლით, კონტეს გაფართოებულ სიაში 40-მდე ფეხბურთელი იყო, რომელთაგან მწვრთნელს 26 ფეხბურთელი უნდა აერჩია. "სკუადრა აძურას" თავკაცმა შემადგენლობა გაცხრილა და ქვემოთ საბოლოო განაცხადს გავეცნოთ...
იტალიის ნაკრები
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (სასუოლო), დავიდე ასტორი (რომა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მატეო დარმიანი (ტორინო), მატია დე შილიო (მილანი), ლორენცო დე სილვესტრი (სამპდორია), ემილიანო მორეტი (ტორინო), მანუელ პასკუალი (ფიორენტინა), ანდრეა რანოკია (ინტერი)
ნახევარმცველები: ანდრეა ბერტოლაჩი (ჯენოა), დანიელე დე როსი (რომა), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), მარკო პაროლო (ლაციო), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), რობერტო სორიანო (სამპდორია), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ფრანკო ვასკესი (პალერმო)
თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (მილანი), მანოლო გაბიადინი (ნაპოლი), ჩირო იმობილე (დორტმუნდი, გერმანია), ალესანდრო მატრი (იუვენტუსი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი, ინგლისი), ნიკოლა სანსონე (სასუოლო).
მეკარეთა შორის ვერ ვხედავთ მატია პერინს, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით ოთხ თვეს დაისვენებს. მისი ადგილი "ტორინოს" კარის დარაჯმა, დანიელე პადელიმ დაიკავა.
დაცვაში კონტეს დიდი დანაკლისი აქვს - ჯორჯო კიელინიმ ტრავმის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვა და ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გაცხადდა, რომ ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარებოდა. მისი ბედი ანდრეა ბარძალიმ გაიზიარა, რომელმაც სწორედ ფინალში გაიჭიმა კუნთი და ხორვატიასთან მატჩამდე მომჯობინებას ვერ ასწრებს, პორტუგალიასთან კი მისი თამაშის აუცილებლობა არ დგას და შესაბამისად, კონტემ შვებულებაში გაუშვა.
კიელინის და ბარძალის ტრავმა მშვენიერი შანსია ანდრეა რანოკიასთვის, რომელიც დიდი ალბათობით, დაცვის ცენტრში ლეონარდო ბონუჩის შეუწყვილდება.
გაფართოებული შემადგენლობიდან საბოლოო განაცხადში შემდეგი ნახევარმცველები ვერ მოხვდნენ: მირკო ვალდიფიორი, ემანუელე ჯაკერინი, ალესანდრო ფლორენცი, ანდრეა პოლი, ჯაკომო ბონავენტურა და დანიელ კალიჯური. ბევრი ელოდა "იუვენტუსის" ნახევარმცველის, სტეფანო სტურაროს გამოძახებას, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. კვლავ ოფსაიდში დარჩა ტიაგო მოტა პსჟ-დან, რიკარდო მონტოლივო კი დიდი ხანია, ტრავმირებულია.
თავდამსხმელთაგან სიის მიღმა ლორენცო ინსინიე, ალბერტო პალოსკი და სიმონე ძაძა დარჩნენ - პირველი ორი კონტემ დაიწუნა, მეორემ კი ტრავმა მიიღო და შეკრება იძულებით დატოვა. მოკლედ, კონტე ხორვატებთან პაექრობას საკადრო პრობლემებით ხვდება, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ბალკანეთში მხოლოდ სამი ქულისთვის მიდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"