იტალიის უჩვეულო უმუშევართა ბირჟა - ვარსკვლავურ მწვრთნელებს აღარ იწვევენ

AutoSharing Option
იტალიურ ფეხბურთში კრიზისია. სათქმელად იოლია, დასაწერად - რთული. ნათქვამი სიტყვა ჰაერში მიფრინავს, ნაწერი - რჩება. ნაწერს, ქოთანისა არ იყოს, საიდანაც გინდა, იქედან მოაბამ ყურს. ამიტომ ამის დამწერს ცხენი გასაქცევად მზად უნდა ჰყავდეს და ალბათ, ის დროა, ბედაური მეც შევკაზმო.

როგორ, მოგვიგებს იტალიური ფეხბურთის ქომაგი, მაშ რა იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსის" გასვლა? როგორ მოხდა, რომ "ნაპოლი" და "ფიორენტინა" ევროპალიგის ნახევარფინალამდე მივიდნენ. რა არის ეს, თუ არა წარმატება?!

რა თქმა უნდა, ეს წარმატებაა, მაგრამ იმავე გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს სერია A-ს
ძველი მატჩები, თუნდაც ოთხმოცდაათიანების ბოლოს ან ორიათასიანების დასაწყისში. მაშინ იტალიური ლიგა პირველი იყო მსოფლიოში და საუკეთესო საფეხბურთო სპექტაკლებიც იქ იდგმებოდა - ხოლმე.

გასაგებია, იტალიურ საკლუბო ფეხბურთში აღარც ძველი მილიონერები ბობოქრობენ და აღარც ძველი მილიონერებისა თუ მილიარდერების დოღია, მაგრამ ვერც იმას წაუვალთ, რომ იტალიის ჩემპიონატი სასტიკ დეფიციტს განიცდის ნამდვილი ვარსკვლავებისა!

ეს სიმართლეა და, სხვათაშორის, მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის - ამაში ბოლომდე გვეთანხმებიან იტალიელი კოლეგები, რომლებსაც ამ ქვეყნის ჩემპიონატის უამრავი დაღმართიც ახსოვთ და დაღმართიც.

რას ვიზამთ, კალჩოპოლის სკანდალმა და ამ სკანდალის თანმდევმა პატარა სკანდალებმა მძლავრად დაბერტყა იტალიური ლიგა. ვარსკვლავებიდან ახლა მხოლოდ რამდენიმე თუ თამაშობს იქ და ყველა თითქმის "იუვენტუსშია" თავმოყრილი. გვახსენდება იგუაინი "ნაპოლიში" და მორჩა.

ნაღდ და კაშკაშა ვარსკვლავებზე ვწერთ, თორემ ზოგს კალეხონიც ვარსკვლავი ჰგონია. კლოზეც ვარსკვლავია, მაგრამ უკვე ჩამქრალი. ფელიპე ანდერსონი კი - ამომავალი, რომელიც თავის მჭექარე სიტყვას ან იტყვის, ან არა. ეს ორი ყოჩაღი ბიჭი "ლაციოდან". მგონი, ვარსკვლავების ამბავში სულ ესაა.

რაღა ფეხბურთელებს მივადექით, სერია A ვარსკვლავური გაქანების მწვრთნელებითაც ძალიან გაღარიბდა. არადა, ახლო წარსულში იქ ვის არ ნახავდით, მართლა დიდ მწვრთნელებს, ათასი ნოვაციის ავტორებს, ტიტულების მანქანებს. შორს ნუ მივდივართ, ჩვენი ჟოზე, ჩვენი "განსაკუთრებული" იქ არ იყო?!

რაღა ბევრი გავაგრძელოთ ამ თემაზე - "იუვენტუსს" მასიმილიანო ალეგრი თავკაცობს. ჭკვიანი, თავისი საქმის მცოდნე სპეციალისტი, მაგრამ მას გაუჭირდება ტოპ - მწვრთნელობა და ვეჭვობთ, ოდესმე კიდევ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში...

არადა, მართლაც საკვირველი ამბავია, რომელსაც ძნელად თუ დავიჯერებთ, მაგრამ რადგან სიმართლე ერთია, აუცილებლად უნდა დავიჯეროთ. დღეს იტალიური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი უბედურება ისიცაა, რომ არაერთი მაგარი მწვრთნელია დაუსაქმებელი.

ამ ხალხის ერთხელ ჩამოთვლაც კი საკმარისია საიმისოდ, რომ ლოგიკური კითხვა დავსვათ - ჭკუიდან ხომ არ შეიშალნენ იტალიური საკლუბო ფეხბურთის მესვეურები?

დიახ, დღეს სამსახურს ელიან მარჩელო ლიპი, ჩეზარე პრანდელი, ვალტერ მაძარი, ზდენეკ ზემანი, რობერტო დონადონი.... დღეს, როცა იტალიის ჩემპიონატში საშინელი კრიზისია ახალი საფეხბურთო იდეებისა, როცააღარ იზრდებიან არათუ ვარსკვლავები, არამედ გამორჩეული ფეხბურთელებიც კი, ამათი უმუშევრობა არაფრით შეიძლება.

ზოგმა წინა სეზონში იმუშავა, მაგრამ ახლა?

მჯერა: ეს მწვრთნელები დასაქმებულნი რომ იყვნენ, იტალიის ჩემპიონატის სათამაშო დონე გაცილებით მაღალი იქნებოდა, რადგან კარგ მწვრთნელს საშუალო ფეხბურთელებითაც შეუძლია, მშვენიერი გუნდი გამოძერწოს.

არა და არ ადგება საშველი ამ ამბავს. ამ დროს კი "მილანის" მთავარ მწვრთნელად სინიშა მიხაილოვიჩს ნიშნავენ. სინიშა მართლაც დიდებული ფეხბურთელი იყო. უნდა გამოვტყდე - ის ჩემთვის დღესაც რჩება ერთ-ერთ გამორჩეულ ოსტატად, მაგრამ მწვრთნელი?!

ამ დროისათვის "მილანში" არც ერთი ვარსკვლავი არ თამაშობს და იქნებ, ვარსკვლავური გაქანების მწვრთნელი მაინც მიეყვანათ. მიხაილოვიჩის ამბავიკი ჯერ კიდევ საკითხავია. მიხაილოვიჩს კარგი სეზონი ჰქონდა "სამპდორიაში", მაგრამ ეს დიდ მწვრთნელობას არ ნიშნავს და არც იმას ნიშნავს, რომ სერბი მილანურ წნეხს გაუძლებს.

"მილანს" გაუჩნდა ფული, მაგრამ, მგონი, ბოლო წლებში გუნდი, უბრალოდ, ხარჯვას გადაეჩვია. ფეხბურთელების ყიდვის გარეშე კი არაფერი გამოვა. "მილანს" ეყოლება"ატალანტაზე" ოდნავ უკეთესი შემადგენლობა და თამაშების მოგებას კი გუნდს გრანდივით მოსთხოვენ. შეუძლებელია!

როგორც წესი, დიდი ფეხბურთელები დიდ მწვრთნელებს მიჰყვებიან - ხოლმე. რადგან ფეხბურთელების ამბავი ჯერ არ გამოდის, იქნებ, სერია A-ს არსთა განმრიგეებს მწვრთნელებიდან დაეწყოთ?!

ცდად ღირს, თორემ უვარსკვლავო ფეხბურთი მასას არ იზიდავს.
იტალიური ფიცისა კი გვწამს, მაგრამ ბოლო ძალიან გვაკვირვებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ამის დამწერს ალბათ სერია-Aს 3 თამაში არ ექნება წელს ნანახი, ამ სეზონში სერია-Aში უფრო მეტი გოლი გავიგა ვიდრე ლა ლიგაში ან პრემიერ ლიგაში, ან რა დონადონიზე და ზემანზეა ლაპარაკი, რა არგუმენტებია ღადაობთ?
0
რას ეჭვობ? ალეგიზე ძლიერი სპეციალისტი იტალიაში ერთი კონტეა, ალეგრი იუვეში რჩება და კიდე ბევრჯერ გაიყვანს იუვეს ფინალში და ლიგასაც მოიგებს. საეჭვო არი კლოპის და სიმეონეს კიდე ერთხელ ფინალში გასვლა არ გასვლის საკითხი, ალეგრი რო გავა და მოიგებს კიდევაც ეს ორჯერ ორი ოთხია
juventus
12:16 14-06-2015
0

სიახლეები პოპულარული