"მილანის" ლეგენდა "მილანზე" - უცნაური ინტერვიუ, რომელიც პაულო მალდინის ჯეიმი კარაგერმა ჩამოართვა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ლეგენდამ ჯეიმი კარაგერმა ინტერვიუ ჩამოართვა "მილანის" ლეგენდას, პაოლო მალდინის, რომელმაც ილაპარაკა "მილანის" კრიზისის მიზეზებზე და ბევრი ძველი ამბავიც გაიხსენა...

მილანმა წააგო 2005 წლის ფინალი, რადგან წინასწარ დაიწყო ზეიმი
"ზეიმი შესვენებაზე დავიწყეთ, რადგან ვფიქრობდით, რომ "ლივერპული" ვერ შეძლებდა 0:3-დან თამაშის გადარჩენას. როგორც კი გასახდელში დავბრუნდით, ნამდვილი საგიჟეთი დაიწყო. ფეხბურთელები ერთმანეთს უყვიროდნენ, ხელს ჰკრავდნენ და ზეიმობდნენ.

ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ანჩელოტიმ არ დაიყვირა: "ხმა ჩაიწყვიტეთ! უახლოესი ხუთი წუთი არ მინდა თქვენი მოსმენა. არც ერთი სიტყვა".

ამის შემდეგ გავჩუმდით, მოვდუნდით, ბოლოს კი
დავიწყეთ ლაპარაკი ჩვენს თამაშზე - რა იყო კარგი და რა ცუდი.

შემდეგ წარმოვიდგინეთ მეორე ტაიმი. გულის სიღრმეში გავიფიქრე: "ჩვენ უდიდესი შესაძლებლობა გვაქვს", მაგრამ ეს ხმამაღლა არ მითქვამს. არავინ ლაპარაკობდა ამაზე".

მალდინიმ უარი თქვა "ჩელსის" გაწვრთნაზე
"წინადადება მივიღე "მილანში" ჩემი ბოლო მატჩის შემდეგ. მზად არ ვიყავი. არ მინდოდა ოჯახის ლონდონში გადაყვანა.

მაგრამ მაინც გავემგზავრე იქ რომან აბრამოვიჩთან და რეი უილკინსთან დასალაპარაკებლად. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ, საბოლოოდ, გადავწყვიტე, ეს არ გამეკეთებინა".

მალდინის შეეძლო ინგლისის ტოპ-კლუბებში ეთამაშა
"ვიცოდი, რომ ჩემით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული, მაგრამ მათი მხრიდან ჩემთან კონტაქტზე არავინ გამოსულა.

ჯანლუკა ვიალი "ჩელსიში" მუშაობის პერიოდში ერთხელ მელაპარაკა. ეს იყო 1996 წელს, როცა ძალიან ცუდი სეზონი ჩავატარეთ. ასევე იყო კონტაქტები "არსენალთან", მაგრამ პირდაპირ ჩემთან არავის ულაპარაკია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას უარით გავისტუმრებდი. მხოლოდ ჩემმა მეგობარმა ვიალიმ ჩამაფიქრა მცირედით.

იმ დროს პრობლემები მქონდა გუნდთან და გულშემატკივრებთან. თავიდან გავიფიქრე: "რა მოხდება, რომ დავთანხმდე?" მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ უარი უნდა მეთქვა".

მალდინისთვის ვან ბასტენი საუკეთესოა
"ყველაფერი არიგო საკისგან დაიწყო. ჩვენთან მოვიდა სამი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, მაგრამ კაპელოს პერიოდში უფრო მეტი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავდა: გულიტი, ტასოტი, ვან ბასტენი, მასარო, პაპენი, ბობანი, სავიჩევიჩი! ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო.

მაგრამ ვან ბასტენი საუკეთესო იყო: კარგი დარტყმა მარჯვენათი, მარცხენათი, ბურთის დამაჯერებელი ფლობა, სწრაფი გარღვევები... მას შეეძლო გატანა და მნიშვნელოვანი პასის მიცემა.

მისი თამაშის სტილი დროს უსწრებდა. სამწუხაროდ, მარკოს 28 წლის ასაკში მოუწია კარიერის დასრულება კოჭზე სულელური ოპერაციის გამო".

"მილანმა" ტრადიციებთან კავშირი დაკარგა
"გული მწყდება, როცა დღევანდელ "მილანს" ვხედავ. გასული წლების სხვა მოთამაშეებთან ერთად რაღაც უნიკალური შევქმენით, მაგრამ ახლა არავის ესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც "მილანში" მოთამაშე ფეხბურთელებს აწევთ.

ყოფილი მოთამაშეებიდან კლუბში მხოლოდ ფრანკო ბარეზი მუშაობს. ეს ცუდია, რადგან "მილანს" დიადი ტრადიციები აქვს, რომელიც ყველასგან არის დავიწყებული. ახალ თაობას არაფერი ესმის.

დღეს იტალიაში ნაკლები ფულია, საშინელი სტადიონები გვაქვს, პრობლემებია აგრესიულ ფანებთან დაკავშირებით, ოჯახებით აღარ დადიან ფეხბურთზე...

"მილანს" სურს ახალი სტადიონის აშენება, მაგრამ არ ვიცი, ეს როდის მოხდება. იმისთვის, რომ ტოპ-დონეზე ითამაშო, კლუბს 60-ათასიანი სტადიონი სჭირდება. "სან სირო" ძველებურად ლამაზია, მაგრამ დაბერდა".

მალდინის მილანში მუშაობა უნდა
"მე მაქვს საფეხბურთო პროექტი მაიამიში, მაგრამ არ მომწონს მენეჯერად მუშაობა - ეს ჩემთვის არ არის, რადგან მიყვარს ფეხბურთი და დღემდე დავდივარ მეგობრებთან ერთად "მილანის" თამაშებზე.

შესაძლოა, "მილანში" ვერასოდეს ვიმუშაო, მით უმეტეს, რომ დღეისთვის მამობის როლს ვანიჭებ უპირატესობას. მაგრამ თუ "მილანში" მოღვაწეობის შანსი მომეცა, მინდა ამით მაინც გადავუხადო კლუბს მადლობა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეგენდა... კაცი რომელმაც შემაყვარა იტალიური ფეხბურთი და იმის მერე 3 ნომრიანი მაისური ჩემთვის უმთავრესია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული