ანდრეა პირლო MLS-ს უახლოვდება

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ ანდრეა პირლო აშშ-ში გადაბარგდეს და კარიერა "ნიუ იორკ სიტიში" გააგრძელოს. 36 წლის ნახევარმცველი ამჟამად ამერიკაშია და არ მალავს, რომ იქ არა მარტო ისვენებს, არამედ საქმიან მოლაპარაკებებსაც მართავს. ამასთან, სოციალურ ქსელში პირლოს ახალი ფოტო გავრცელდა, რომელშიც ის ბეისბოლის მატჩს ესწრება და ასეთ კომენტარს აკეთებს:

"ამერიკაში ყველაფერი მომწონს და კარიერას ნიუ იორკში გავაგრძელებ. მინდა "იუვენტუსის" გულშემატკივრებს დავემშვიდობო და მადლობა გადავუხადო იმ სითბოსთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი".

მოგვიანებით, პირლომ საგანგებო კომენტარი გააკეთა და ინტერნეტში გავრცელებული
განცხადება უარყო:

"ფოტო მართლა ჩემია, მაგრამ ის განცხადება, რაც ამ ფოტოსთან ერთად გავრცელდა, სისულელეა. ჯერ ერთი, მე არ მაქვს გვერდი "ინსტაგრამზე" და ამას ვერც დავწერდი - უახლოეს პერიოდში მე შევქმნი ჩემს გვერდს და იქ აუცილებლად სწორი იტალიურით დავწერ და არა ისე, როგორც ის განცხადება ეწერა. რაც შეეხება ჩემ ნიუ იორკში შესაძლო დარჩენას, არ დავმალავ, რომ რამდენიმე საქმიანი შეხვედრა მქონდა და არის შანსი, რომ კარიერა აშშ-ში გავაგრძელო, თუმცა ეს საკითხი ჯერ გადასაწყვეტია".

მიუხედავად პირლოს ფრთხილი კომენტარისა, იტალიური პრესა დარწმუნებულია, რომ ანდრეამ ნიუიორკელებთან ყველა დეტალი შეათანხმა და ტრანსფერს წინ მხოლოდ "იუვენტუსი" თუ აღუდგება.

ვეტერანს ტურინულ გრანდთან კიდევ ერთი წლით აკავშირებს კონტრაქტი და შესაბამისად, ამ გარიგებაზე თანხმობა "იუვეს" მესვეურებმაც უნდა თქვან. ტურინელებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ პირლო წასვლას გადაწყვეტს, არ შეაფერხებენ და ამ ლოგიკით, ტრანსფერის ალბათობა ძალიან მაღალია.

ითქვა ისიც, რომ პირლო MLS-ის კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 6 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული