იტალიურ მედიაში ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა "მილანის" აქციების გაყიდვაა - მსოფლიო ფეხბურთის გრანდის, რომელიც დიდ კრიზისშია.
"მგონია, რომ კლუბისათვის უკვე ვიპოვე შესაბამისი ინვესტორი", - თქვა დონ სილვიო ბერლუსკონიმ და ამ სიტყვებით ახალი საზრუნავი გაუჩინა სენსაციებზე დაგეშილ იტალიურ მედიას.
ეს გასაგებია, მაგრამ ბერლუსკონის სიტყვა და საქმე ყოველთვის ერთი არ არის. პოლიტიკოსი, რომელმაც იტალიაში,
"მილანის" აქციების 75 პროცენტის გაყიდვა გადაწყვეტილია", - თქვა მან. მაშინვე დაანონსდა, რომ ამ გარიგების სავარაუდო ფასი 1 ან 1,5 მილიარდი ევრო იქნებოდა. რა თქმა უნდა, შესაძლო გარიგების დეტალები არ გახმოვანდა, მაგრამ საინტერესო ნიუანსები ჟურნალისტებმა მაინც შეიტყვეს.
მაგალითად, სილვიოს პირობა იყო ის, რომ კლუბის ხელმძღვანელობაში აუცილებლად უნდა დარჩენილიყო მისი ქალიშვილი, ბარბარა ბერლუსკონი. იმ ეტაპზე გარიგება ჩაიშალა, მაგრამ ახლა მხარეები აცხადებენ, რომ თითქმის ყველაფერზე მოილაპარაკეს.
უახლოეს ექვს თვეში იტალიური fininvesti და ტაილანდური კომპანია taechaubol შეათანხმებენ იურიდიულ მომენტებს, რის შემდეგაც "მილანს" ახალი და სოლიდური ინვესტორი ეყოლება. ელიან, რომ აზიელები "მილანს" 480 მილიონი ევროთი დაეხმარებიან. ბიზნესმენი ბი ტეჩაუბოლი ერიდება ხმაურიან განცხადებებს. "მილანს" ახლა არ უდგას საუკეთესო დრო.
როდესაც იტალიურ პრესაში პირველად გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო გარიგების შესახებ, ეს ბერლუსკონის მომხრეებმა დიდ გამარჯვებად მონათლეს. მათი თქმით, დონ სილვიომ შეინარჩუნა კონტროლი "მილანზე" და, ამასთან ერთად, მოიზიდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინვესტიცია. ამასთან, "მილანი" დაიპყრობს აზიურ ბაზარს.
მათი აზრით, ეს საწინააღმდეგო მაგალითი იყო "ინტერის" პრეზიდენტის, მასიმო მორატის საქციელისა, ვინც "ინტერის" აქციების 70 პროცენტი მიჰყიდა ერიკ ტოჰირს და მერე, პირად საუბრებში, არაერთხელ ინანა ჩადენილი.
ბერლუსკონის მიმდევრებს მტკიცედ სჯერათ: აზიელი ინვესტორი სხვა არაფერი და არავინ იქნება "მილანისათვის", თუ არა ფულის ტომარა და კლუბის შესაძლო მიღწევებს მხოლოდ ბერლუსკონის სახელს დაუკავშირებენ. მას ხომ გამარჯვებულის მანტიით დამშვენებულს სურს წასვლა.
ელიან, რომ უახლოესი 18 თვის განმავლობაში "მილანის" ხელმძღვანელობაში განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდება. მთავარი პირები იქ ისევ ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი იქნებიან. პირველი მათგანი სპორტულ მხარეზე იქნება პასუხისმგებელი, მეორე კი - კომერციულზე.
ახალი სტადიონი
პროექტის მნიშვნელოვან მხარედ რჩება სტადიონის მშენებლობა, რომელსაც დიდი ალბათობით, ბერლუსკონის სახელს დაარქმევენ. აზიელი ინვესტორების დახმარებით "მილანმა" უნდა გაზარდოს კლუბის საშემოსავლო ნაწილი, რითაც უნდა დაეწიოს სხვა ევროპულ გრანდებს. ქაღალდზე ეს ყველაფერი მიმზიდველად გამოიყურება, ოღონდ მხოლოდ იმათთვის, ვისაც არ სურს დეტალებში ჩაღრმავება.აზიელ ბიზნესმენ ტეჩაუბოლს მიეცა რვა კვირა იმისათვის, რომ "მილანის" აქციების 48 პროცენტი შეისყიდოს. ასე რომ, ჯერ აზიელს არაფერი გადაუწყვეტია და პრესა ცოტა ჩქარობს, როცა ამ გარიგებას შემდგარად აცხადებს. აპრილში შეთანხმება, პრაქტიკულად, მიღწეული იყო, მაგრამ მაშინ ეშმაკი დეტალებში დაიმალა. რა იქნება ახლა?
შემოდგომაზე მზის სინათლეს იხილავს დიდად რეკლამირებული წიგნი "ჩემი გზა", რომელშიც სილვიო ბერლუსკონი ჟურნალისტ ალან ფრიდმანს უყვება თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ. აქ არის დეტალები როგორც დონ სილვიოს მრავალრიცხოვანი სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ, ისე მისი ურთიერთობის ნიუანსები მსოფლიოს ლიდერებთან - ჯორჯ ბუშთან, მიხეილ გორბაჩოვთან, ანგელა მერკელთან, ბარაკ ობამასთან... ასეთ დროს დიდებულად ჟღერს "მილანის პრეზიდენტი". "ყოფილ პრეზიდენტს" კი ელვარება აკლია.
აზიელები არ ჩქარობენ. ჯერჯერობით კლუბის ანგარიშზე ტრანსფერების განხორციელებისათვის აუცილებელი 150 მილიონი ევრო არ დამჯდარა. თუ უახლოეს დღეებში "როსონერი" რომელიმე ვარსკვლავს არ იყიდის, რთული იქნება. არადა, ამ ეტაპზე ბერლუსკონი ამას თავისი ფულით თუ შეძლებს. თუ ტეჩაუბოლის საქმე ჩაიშალა, ბერლუსკონის ახალი ვალების აღება მოუწევს.
ამასთანავე, მოსალოდნელი აზიური კაპიტალი (480 მილიონი ევრო) გაბერილად მოჩანს. ამას ამბობენ არა მხოლოდ "მილანის" ისტორიული მეტოქეების შეფები, არამედ აბსოლუტურად ნეიტრალური იტალიელი ექსპერტები.
სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ იტალიური სპორტული პრესის ფლაგმანებიც კი "ციფრომანიით" არიან შეპყრობილნი. ისინი ხშირად არად დაგიდევენ, რამდენად ზუსტია მათ მიერ მოძიებული ფინანსური მონაცემები.
თუ პრესას ვენდობით, ამ ეტაპზე ტეჩაუბოლის მთავარი საქმიანობა ქველმოქმედებაა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ აზიელი ძალიან დიდ თანხებს აანონსებს. ხომ არ შეიძლება იყოს ეს ეჭვის საფუძველი?
თანაც, აზიური ბაზრის დაპყრობა არც ისე იოლი იქნება, რადგან ამ რეგიონში სპეციფიკური ბიზნესგარემოა. ასე მაგალითად, "მანჩესტერ იუნაიტედი" იძულებული გახდა, უარი ეთქვა ჰონკონგში ჰეგემონიაზე, არადა, ინგლისურ კლუბს გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავს აზიაში, ვიდრე "მილანს".
საინტერესოა თვითონ ბი ტეჩაუბოლის პიროვნებაც. იტალიაში მასზე უკვე ნახევარი წელია, საუბრობენ. არის ინფორმაცია, რომ მას "მილანამდე" "ნაპოლის" ყიდვა უნდოდა. გაზეთებმა ამ თემის აჟიტირება მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ჰორიზონტზე ბერლუსკონი გამოჩნდა.
ტეჩაუბოლის ოჯახური ქონება 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. იმასაც ამბობენ, რომ ბი მსხვილი აზიური კონსორციუმის წარმომადგენელია.
თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ "მილანის" აქციების გამოსასყიდ თანხას ტეჩაუბოლი მასთან დაახლოებული ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანს. კრედიტი ხომ იგივე ვალია? ტეჩაუბოლი უკვე "მილანთან" იქნება ასოცირებული. დავუშვათ, იგი გაკოტრდა. რა იქნება მერე?
ტეჩაუბოლის მილიონები აუცილებლად მოხვდება იმ ადამიანების ყურადღების არეალში, ვინც იტალიური ფეხბურთის სიწმინდეზე ზრუნავს. "პარმას" მაგალითმა ყველა დაარწმუნა, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული ასეულობით მილიონი ევროს ისტორია.
რა ჩაიფიქრა ბერლუსკონიმ? ნუთუ, მართლები არიან მისი მტრები, რომლებიც ამბობენ, რომ დონ სილვიომ გადაწყვიტა კარის გაჯახუნება? მისთვის უკვე სულერთია, პიარი შავი იქნება თუ თეთრი - მთავარია, ის გაზეთების პირველ გვერდზე იყოს.
რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ტეჩაუბოლი მართლა მოიტანს 480 მილიონ ევროს? ეს ფული ხომ პირდაპირ ბერლუსკონის ხელში მოხვდება? ამ ასაკშიც კი დონ სილვიოს არ განელებია ვერცხლისმოყვარეობა - ასე ამტკიცებენ მისი მტრები.
არის მეორე, ტიფოზებისათვის სასიამოვნო და უფრო მისაღები ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბერლუსკონი ასე იმიტომ იქცევა, რომ მის მომავალ მემკვიდრეს, რომელიც შეიძლება მისივე ქალიშვილი იყოს, საქმე გაუადვილოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ბერლუსკონი ლეგენდაა. ის ბიზნესმენთა იმ კოჰორტას მიეკუთვნება, ვინც შექმნა კალჩო - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა, თავისი მილიონებითა და თვალისმომჭრელი ვარსკვლავებით.
სკანდალების სიყვარული იქით იყოს და, კარგი იქნება, თუ ბერლუსკონის მიმდევრების ვარაუდები გამართლდება.
კარგი იქნება, რადგან უამრავი ამქვეყნიური ცოდვის მიუხედავად, სილვიო ბერლუსკონის უყვარს ფეხბურთი და უყვარს "მილანი".
სხვანაირად არც შეიძლება. როგორც თავად ამბობს, "მილანი" მისი შვილია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"