სავარაუდო ტრანსფერი: აქსელ ვიტსელი "მილანში" გადადის

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სანკტ-პეტერბურგის ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი "მილანში" გააგრძელებს კარიერას.

ლომბარდიული გრანდის მესვეურები 26 წლის ბელგიელს უკვე შეუთანხმდნენ და არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეთანხმება შედგა კლუბებს შორისაც. "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, "მილანი" აქსელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის, სხვა დეტალები კი ჯერ არ გაცხადებულა.

აქსელ ვიტსელმა ლიეჟის "სტანდარდში" ასაპარეზობით გაითქვა სახელი, სადაც 5 წელიწადში 146 მატჩი გამართა და 32 გოლი შეაგდო. შემდეგ ერთი სეზონი ლისაბონის "ბენფიკაში" გაატარა
და 2012 წელს "ზენიტში" გადაბარგდა, სადაც 77 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლი გატანილი. ვიტსელი ბელგიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და 58 შეხვედრაში 6 გოლი აქვს შეგდებული.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ამჯერად სიურპრიზები მოსალოდნელი არაა და "მილანი" ყველა შემთხვევაში მიიყვანს მოლაპარაკებას ლოგიკურ დასასრულამდე.

ამასობაში, "მილანი" იმ ფეხბურთელებს ემშვიდობება, რომელთა იმედი მომდევნო სეზონში არ ექნება. "როსონერი" არ აპირებს მატია დესტროს გამოსყიდვას, რომელიც "რომადან" ჰყავდა იჯარით აყვანილი. ცნობილია ისიც, რომ მატია კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს, სადაც მომდევნო კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს.

"მილანმა" უარი თქვა სალვატორე ბოკეტის გამოსყიდვაზეც, რომელიც მოსკოვის "სპარტაკიდან" იჯარით ჰყავდა აყვანილი. 28 წლის განაპირა მცველი უკვე დაბრუნდა რუსეთში, სამედიცინო შემოწმება გაიარა და განაცხადა, რომ არსად წასვლას აღარ აპირებს და მომდევნო სეზონს აუცილებლად "სპარტაკში" გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული