მოჰამედ სალაჰის საქმე - "ფიორენტინა" "ჩელსისგან" კომპენსაციას ითხოვს

AutoSharing Option
მოჰამედ სალაჰი რომ "ფიორენტინას" შეკრებაზე არ გამოცხადდა და ლონდონში, "ჩელსის" დაუბრუნდა, ამის შესახებ ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ. არადა, ფლორენციელებს 23 წლის ეგვიპტელი ფორვარდი 2-წლიანი იჯარით ჰყავდათ აყვანილი, კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე იყო ძალაში და შესაბამისად, ფეხბურთელმა პირობა დაარღვია.

"ფიორენტინას" მესვეურები არა მარტო იმ 1 მილიონი ევროს დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც სალაჰის იჯარაში გადაიხადეს, ზემოდან 3 მილიონიც სურთ - თუ რატომ, ამაზე თვით კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ ისაუბრა:

"მოჰამედ სალაჰი კიდევ ერთი სეზონი ჩვენთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ კონტრაქტის პირობა დაარღვია და
ლონდონში გაემგზავრა. ვფიქრობ, არც "ჩელსიმ" დაიცვა ხელშეკრულების პირობა და ამისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ის 1 მილიონი ევრო, რომელიც 2-წლიან იჯარაში გადავიხადეთ, აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ და პლუს, ლონდონელებმა 3 მილიონი უნდა გადაგვიხადონ.

"ფიორენტინაში" თამაშის დროს, მოჰამედის ფასი მინიმუმ სამჯერ გაიზარდა და კომპენსაციის გადახდისას, ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ თემით უეფას მივმართავთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. მინდა გულშემატკივრები დავამშვიდო და ვუთხრა მათ, რომ "ფიორენტინა" აუცილებლად გაძლიერდება.

სატრანსფერო ფანჯარა კიდევ დიდხანს იქნება ღია, აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მალე სიახლეებსაც შეიტყობთ. სერია A-ს მიჯრით ორი გათამაშება მეოთხე ადგილზე დავასრულეთ და დადგა დრო, რომ სამეულში შევიდეთ. ამასთან, ევროპალიგაზე იმაზე უკეთ უნდა ვიასპარეზოთ, ვიდრე გასულ სეზონში".

ამასობაში, "ფიორენტინამ" რიდერ მატოსი 1-წლიანი იჯარით "კარპიში" გაუშვა. 22 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ფლორენციული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი და როგორც ჩანს, მასზე იმედებს არც პაულო სოუზა ამყარებს. სერია A-ში აღზევებულ "კარპის" მატოსის გამოსყიდვის უფლება ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული