"მილანი": მიხაილოვიჩის სტარტი და გალიანის გეგმები

AutoSharing Option
"მილანის" მესვეურები კვლავაც აქტიურად მუშაობენ სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა რამდენიმე მიმართულებით მოლაპარაკების დასრულებას არ დაადგა საშველი.

კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

- არავის ეგონა, თუ სტეფან ელ შაარავის გაუშვებდით...
- სატრანსფერო პოლიტიკა მწვრთნელთან თანხმდება და გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებს. მიხაილოვიჩი ფიქრობდა, რომ სტეფანს მარცხენა ნახევარმცველად გამოცდიდა, მაგრამ შემდეგ ეს ვარიანტი ნაკლებად პერსპექტიული ეჩვენა. მწვრთნელმა ვერ მისცა სტეფანს იმის გარანტია, რომ დიდ სათამაშო დროს მისცემდა და ფეხბურთელმაც წასვლა გადაწყვიტა.

- ელ შაარავი "მონაკოში" იჯარით წავიდა, თუმცა მონტეკარლოელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება
აქვთ...
- საიჯარო ხელშეკრულებების დიდ ნაწილში სწორედ ამგვარი პუნქტებია ჩადებული და ამას ვერც ჩვენ ავუარეთ გვერდი. "მონაკოს" ელ შაარავისთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება სურს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ეს ასეც იქნება.

- რატომ გაჯანჯლდა ალესიო რომანიოლის ტრანსფერი?
- ალესიოს სანაცვლოდ ჯერ 18 მილიონ ევროს ვიხდიდით, შემდეგ 20 მილიონს და ბოლოს 25 მილიონის გადახდაზე გამოვთქვით მზადყოფნა. "რომას" მესვეურებს ეს თანხაც ეცოტავათ და ამ ეტაპზე, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. რომანიოლი კარგი მცველია, დიდი მომავალი აქვს, მაგრამ მასში 35 მილიონ ევროს ვერ გადავიხდით. რომაელებს ანდრეა ბერტოლაჩის სანაცვლოდ 20 მილიონი უკვე გადავუხადეთ და მაშინ ფასის დაწევა არ მოგვითხოვია.

- ზლატან იბრაჰიმოვიჩზე რა ხდება?
- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დატოვებს თუ არა ზლატანი პარიზს. თუ პსჟ-ში დარჩება, ტრანსფერი გამოირიცხება და თუ კლუბის შეცვლას გადაწყვეტს, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენთან წამოვა. იბრას გადმობირება ნამდვილად გვსურს, მზად ვართ, სეზონში 6 მილიონი ევრო გადავუხადოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- აქსელ ვიტსელის ტრანსფერზეც უამრავი ინფორმაცია ვრცელდება...
- ჩვენი უპირველესი მიზანი ცენტრალური მცველის გადმობირებაა და ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. სასურველია ერთი უმაღლესი კლასის თავდამსხმელის დამატება, ნახევარმცველზე კი ჯერ ვერაფერს გეტყვით. დიახ, ჩვენ გვინდოდა ვიტსელის გადმობირება, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს საკითხი გაყინულია. იგივე შემიძლია ვთქვა ილქაი გიუნდოგანზე, რომელიც ასევე ძალიან კარგი ნახევარმცველია.

- ამბობენ, რომ ჟერემი მენეზის გასხვისებას აპირებთ. მართალია?
- ჟერემიმ გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მისი იმედი სამომავლოდაც გვაქვს. სინიშა მიხაილოვიჩს ვესაუბრე ამ თემაზე და ფრანგის გაყიდვას არ ვაპირებთ. მენეზს შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე ცენტრფორვარდის პოზიციაზე და გამთამაშებლად, რაც ბევრს ნიშნავს.

- გაძლიერდა "მილანი" საკმარისად, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძოლოს?
- რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ და ეს პროცესი გრძელდება. თუმცა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ შედეგის მისაღწევად მარტო სახელები არ კმარა და პირველ რიგში, სწორი თამაშია საჭირო. ამიტომ ჩვენი მთავარი ტრანსფერი მაინც მიხაილოვიჩია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ.

ისევ 5:1
ამასობაში, "მილანმა" მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და პირველი შეხვედრის მსგავსად, ესეც 5:1 მოიგო. ნახევრად სამოყვარულო გუნდ "ლენანოსთან" სინიშა მიხაილოვიჩმა 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია.

კარში დიეგო ლოპესი იდგა, დაცვის ფლანგებზე - ინაციო აბატე და მიკელანჯელო ალბერტაცი, ხოლო ცენტრში - ალექსი და როდრიგო ელი. ნახევარდაცვაში ანდრეა პოლი, ხოსე მაური და ჯაკომო ბონავენტურა ვიხილეთ, გამთამაშებლად - სუსო, ხოლო თავდასხმაში - ჰაშიმ მასტური და მბაიე ნიანგი.

ბუნებრივია, მეორე ნახევარში შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა და შანსი სხვა ფეხბურთელებს მიეცათ, მათ შორის, "მილანში" დაბრუნებულ სიმონე ვერდის და ანტონიო ნოჩერინოს.

"ლენანოს" კარში თითო გოლი შეაგდეს ანდრეა პოლიმ, ალექსმა, ჰაშიმ მასტურმა, კეისუკე ჰონდამ და სიმონე ვერდიმ.

დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა გამთამაშებლად გამწესებულმა სუსომ და როგორც ჩანს, მიხაილოვიჩს ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელის მოძებნა მოუწევს.

სერბი არ მალავს, რომ მისი საბაზო ტაქტიკა 4-3-1-2 იქნება და სუსოთი ფონს გასვლა ძალიან გაუჭირდება. სამაგიეროდ, კარგად წარმოჩინდა ახალგაზრდა მცველი როდრიგო ელი, რომელიც უშუალო მოვალეობის გარდა, შეტევებსაც უნარიანად იწყებდა.

მატჩის შემდეგ მიხაილოვიჩმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, რომ ასეთი ანგარიშით გავიმარჯვეთ. ჩემი უპირველესი მიზანი ფეხბურთელთა საქმეში ნახვა იყო და საჭირო ინფორმაციაც მივიღე.

ამ ეტაპზე, დაკვირვების პროცესში ვარ, რათა სეზონის სტარტს ოპტიმალური შემადგენლობით შევხვდეთ. შემდეგ მატჩს "ლიონთან" გავმართავთ და იქ კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება".

ბაკა იბრას უხმობს
"მილანის" ახალწვეულმა კარლოს ბაკამ "მილანის" სატრანსფერო კამპანიაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და დიდი იმედი გამოთქვა, რომ გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩიც შეუერთდება:

"ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ახალ გუნდს და როდის ჩავერთვები საწვრთნელ პრიცესში. "მილანში" ძალიან კარგი შემადგენლობა იკრიბება და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

ძალიან მინდა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შემოგვიერთდეს, რადგან მას თანამედროვეობის უდიდეს ფეხბურთელად მივიჩნევ. ვურჩევ იბრას, რომ "მილანში" გადმოვიდეს, რათა ერთად ვიბრძოლოთ სკუდეტოსთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული