ცვლილებები, ცვლილებები...
ეს ნიშნავს, რომ ტურინი ამიერიდან ვეღარ დატკბება "მაესტროს" თამაშით, ვეღარ ნახავს "აპაჩის" შეტევებს და ვერ მიიღებს იმ ადრენალინს, რომელსაც ტრიბუნებს ჩილელი "მეომარი" ჩუქნიდა. ერთადერთი რგოლი, რომელსაც ცვლილებები არ შეხებია, ეს დაცვაა.ასე განსაჯეთ, ცვლილებები შეეხო სათადარიგო სკამსაც. ანჯელო ოგბონამ "ვესტ ჰემი" უნდა გააძლიეროს. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. საიმედო სათადარიგო მეკარე მარკო სტორარი კი "კალიარის" შეუერთდა, რომელმაც
გადავხედოთ ამ დროისათვის გუნდში მომხდარ მთავარ ცვლილებათა ჩამონათვალს.
მივიდნენ: მარიო მანჯუკიჩი, სამი ხედირა, სიმონე ძაძა და პაულო დიბალა.
წავიდნენ: ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, კარლოს ტევესი და მარკო სტორარი.
ვინ შეცვლის მათ?
ტევესი და პირლო ის ფეხბურთელები, ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განაპირობებდნენ "იუვენტუსის" სათამაშო სტილსა და კლასს. ამის გათვალისწინებით, მათი იოლად შეცვლა არ გამოვა. გუნდმა ტვინი და ძრავი დაკარგა.პირლოს შეცვლა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. დღეს აღარ არიან ისეთი ფეხბურთელები, როგორიც დიდი მაესტროა. ამასთან დაკავშირებით "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ, ალბათ, რაღაც ხრიკს უნდა მიმართოს, რომლის ერთ-ერთი მონაწილე (მთავარიც!) კლაუდიო მარკიზიო იქნება.
პირლოს სამი ხედირა ვერ შეცვლის. გერმანელი უფასოდ ერგო "ბებერ ქალბატონს". სამიმ ძალიან მსუყე კონტრაქტი გაირტყა და გუნდს დიდ სარგებლობასაც მოუტანს, მაგრამ მისი მასშტაბები შეზღუდულია.
გავაგრძელოთ. კარლოს ტევესი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. იტალიის ჩემპიონატსა თუ ჩემპიონთა ლიგაში ბევრი იყო ისეთი თამაშები, რომელთაც არგენტინელი მარტო იგებდა.
სიმონე ძაძა კარგი იყო "სასოულოში", მაგრამ საკითხავია, გრანდში როგორი იქნება. მარიო მანჯუკიჩს ყველა ვიცნობთ. ის გამოკვეთილი ცენტრფორვარდია, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ ტევესი შეცვალოს. რჩება პაულო დიბალა.
ვნახოთ, გარისკავს თუ არა ალეგრი და გამოიყენებს თუ არა მთელ თავის შემტევ პოტენციალს. ისე, მართლაც საინტერესო იქნებოდა - ძაძა და მანჯუკიჩი შეტევის ფორპოსტზე, მათ უკან კი დიბალა. საინტერესოა, მაგრამ სარისკოცაა.
რაც შეეხება არტურო ვიდალს, იოლი არც მისი შეცვლა იქნება. კლასს რომ თავი დავანებოთ, ჩილელი ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება, მისგან უდიდესი ემოცია მოდის. ეს ემოცია "იუვენტუსს" ძალიან დააკლდება.
პეპ გვარდიოლამ ვიდალზე არჩევანი შემთხვევით როდი შეაჩერა. ბოლოს "ბაიერნს" ეს ემოცია აკლდა. გერმანიის ჩემპიონატში გუნდი ამის გარეშეც იოლად გადიოდა ფონს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კი უჭირდა.
ვიდალის შემცვლელიც არ ჩანს. მისი მსგავსი მებრძოლი მოთამაშე დღეს ბევრი როდია მსოფლიო ფეხბურთში. ამას ემატება ჩილელის კლასი, რაც მას მართლაც აყენებს უპირველეს ვარსკვლავთა რიგებში.
ალეგრის ფაქტორი
ფაქტია - წასულთა სია გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე მოსულების. ამას ვერავინ წაუყრუებს - სატრანსფერო პოლიტიკას აუცილებლად სჭირდება დაბალანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, "იუვეს" გაუჭირდება.საუბარი როდია მხოლოდ იტალიის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებაზე. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა თამასა ძალიან მაღლა ასწია, როცა ფინალში გავიდა. გასაგებია, რომ ამ სეზონში ფინალი შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ შედეგი არც მნიშვნელოვნად უნდა გაუარესდეს.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მასიმილიანო ალეგრის ფაქტორი. თავის დროზე, როცა "ბებერი ქალბატონიდან" ანტონიო კონტე წავიდა, მწვრთნელმა არ დაიწყო ახალი ველოსიპედის გამოგონება და ამით ბევრი მოიგო.
ახლა ალეგრის კარიერაში განსაკუთრებული ხანა დგება. მან თავად უნდა ააწყოს ახალი "იუვე". საინტერესოა, ეყოფა თუ არა მწვრთნელს საამისო საფეხბურთო ერუდიცია. ყველაფერს მალე ვნახავთ.
ვის ველით?
შესაძლოა, სულ მალე მარიო გიოტცემ ტურინული კლუბის მაისურა მოირგოს. გიოტცემ ვერ გაიბრწყინა "ბაიერნში". უკეთ რომ ვთქვათ, ის მიუნხენელთა ვარსკვლავებში ჩაიკარგა.მარიოსათვის მართლაც იდეალური იქნება იტალიურ გრანდში გადასვლა, მაგრამ გერმანელს "ლივერპულიც" ეპატიჟება. ვნახოთ, ვინ მოიგებს ამ სატრანსფერო მარულას.
ნებისმიერ შემთხვევაში, გიოტცეს ექნება ნდობა და არაერთი შანსი "იუვენტუსში" და მასზეა დამოკიდებული, გაამართლებს თუ არა. ამ ეტაპზე ტურინელები სხვა ტრანსფერს არ გეგმავენ, თუმცა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. დღევანდელ ფეხბურთში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ.
ამოცანები
გუნდმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს იტალიის ჩემპიონის ტიტული. სხვა შედეგს ქომაგები, უბრალოდ, არ მიიღებენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "იუვენტუსი" აუცილებლად უნდა მივიდეს მეოთხედფინალამდე მაინც. შარშანდელ ფინალისტს სხვა შედეგს არ აპატიებენ. არადა, უდიდესი კონკურენციის პირობებში ამ შედეგის მიღწევა იოლი სულაც არ იქნება.ვინ აფეთქდება?
პაულო დიბალა ის გამოუცნობი ობიექტია, რომლის თამაშის ნახვასაც მოუთმენლად ელიან "იუვეს" ქომაგები. 21 წლის არგენტინელისაგან ყველაფერია მოსალოდნელი - ისიც, რომ "გაფრინდეს" და ისიც, რომ დიდ იმედგაცრუებად იქცეს.ფაქტია - თუ სამხრეთამერიკელი აფეთქდა, "ბებერ ქალბატონს" საქმე მნიშვნელოვნად გაუადვილდება...
დასკვნა
"ჩრდილოვანი ფავორიტი" - ასეთი იქნება "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიის ჩემპიონატში კი - ოქროს მოპოვების მთავარი პრეტენდენტი.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"