"მილანის" ოჯახში ახალი წევრები არიან - ბერლუსკონიმ კლუბის აქციათა 48% გაყიდა

AutoSharing Option
სილვიო ბერლუსკონიმ და ბი ტეჩაუბოლიმ დაახლოებით ერთი თვის წინათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ტაილანდელი ბიზნესმენი კლუბის აქციათა 48%-ის მფლობელი უნდა გამხდარიყო.

ასეც მოხდა - 3 აგვისტოს ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ტეჩაუბოლი "როსონერის" თანამფლობელი უკვე ოფიციალურად გახდა.

ცნობილია ისიც, რომ ბერლუსკონი გარიგების სანაცვლოდ 480 მილიონ ევროს მიიღებს და გამომდინარე იქიდან, რომ 52% მას რჩება, საკონტროლო პაკეტიც მისია და შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტსაც შეინარჩუნებს.

ხელმოწერის შემდეგ "მილანის" პრესსამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა კლუბში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. მართალია, სილვიო ბერლუსკონი პრეზიდენტად რჩება, მაგრამ დირექტორთა
საბჭოში ცვლილებებია მოსალოდნელი.

ადრიანო გალიანისთან და ბარბარა ბერლუსკონისთან ერთად, "მილანს" კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, რომელსაც ბი ტეჩაუბოლი დანიშნავს. ამასთან, შეიქმნება ახალი მმართველი საბჭო, რომელშიც 12 ადამიანი გაწევრიანდება - აქედან 7 სილვიო ბერლუსკონის დანიშნული, ხოლო 5 - ბი ტეჩაუბოლის.

"მილანის" ახალმა მფლობელმა ჟურნალისტებს მოკლე კომენტარი მისცა და განაცხადა, რომ მისთვის ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა და ყველაფერს გააკეთებს, რომ "მილანს" დიდი წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

ტაილანდელმა ბიზნესმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მილანში" არ იქნება ორი ბანაკი და დარჩება ისეთივე ოჯახად, როგორიც აქამდე იყო. ტეჩაუბოლის თქმით, ის და მისი მეგობრები, უბრალოდ, ამ ოჯახის ახალი წევრები არიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული