ტურინის "იუვენტუსი": ათიანს ახალი პატრონი ჰყავს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამიერიდან გუნდის 10-ნომრიან მაისურას პოლ პოგბა მოირგებს. პირველ რიგში, ეს ნათელი გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ 22 წლის ფრანგი ნახევარმცველი "იუვეში" რჩება და მინიმუმ მომდევნო სეზონს ტურინულ გრანდში გაატარებს.

თავად 10-ნომრიანი მაისურა ცალკე განხილვას იმსახურებს, რადგან "იუვეში" ეს თემა ყოველთვის აქტიურია. ამ ნომრით "ვეკია სენიორას" არაერთი ლეგენდა თამაშობდა, დაწყებული ჯამპიერო ბონიპერტით, გაგრძელებული მიშელ პლატინით, იგივე რობერტო ბაჯოთი და დასრულებული ალესანდრო დელ პიეროთი.

ბოლოს 10 ნომერი კარლოს ტევესს ეწერა ზურგზე და გემახსოვრებათ, თუ რა ამბავი ატყდა, როდ
ესაც მას ეს პატივი ერგო წილად - "იუვეს" ულტრასებმა კლუბის მესვეურები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს და არც თავად ფეხბურთელი დაინდეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ არგენტინელი არ იმსახურებდა იმ ნომერს, რომლითაც ლეგენდები ასპარეზობდნენ. თანაც, ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც დელ პიერო გაუშვეს გუნდიდან და ეს თემა გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად აქტუალური იყო.

სანამ 10 ნომერს პოგბას გადასცემდნენ, მანამდე მას პაულო დიბალას შეჰპირდნენ და აქაც დიდი ამბავი ატყდა - გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ 21 წლის არგენტინელი არ იყო მზად, ასეთი პასუხისმგებლობა ეტვირთა. როგორც ჩანს, კლუბის მესვეურებმა და მათთან ერთად მწვრთნელმა, ყურად იღეს ქომაგთა პოზიცია და გადაწყვეტილება შეცვალეს - ამიერიდან, 10 ნომრით პოგბა ითამაშებს.

ამპლუის მიხედვით, 21 წლის ფრანგს არ მიესადაგება 10-იანი, მაგრამ ეს ნომერი, პირველ რიგში, ლიდერთან ასოცირდება, ასეთი კი, შესაძლოა, სწორედაც რომ პოგბა იყოს - ამ თემაზე კომენტარი "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:

"მას შემდეგ, რაც გუნდი ანდრეა პირლომ, არტურო ვიდალმა და კარლოს ტევესმა დატოვეს, ვფიქრობ, რომ გუნდის ლიდერობა პოლ პოგბამ უნდა იტვირთოს. მართალია, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს. "იუვენტუსში" ყოველთვის იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეეძლოთ და ასეთი იქნება პოგბა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლი მასზე გაცემულ ავანსებს სრულად გაამართლებს".

მორატა ერთ თვეს დაისვენებს
ამასობაში, ალვარო მორატა დაშავდა და გაცხადდა, რომ დაახლოებით ერთი თვე მოუწევს მკურნალობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელი ფორვარდი იტალიის სუპერთასის პაექრობას გამოტოვებს, რომელშიც "იუვენტუსი" "ლაციოს" დაუპირისპირდება. ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნული მატჩი 8 აგვისტოს შანხაიში გაიმართება.

მორატა მეორე ფეხბურთელია, რომელმაც საწვრთნელ შეკრებაზე მძიმე ტრავმა მიიღო. სულ რამდენიმე დღის წინ სამი ხედირა დაშავდა და ბოლო ინფორმაციით, ორი თვე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა. ბუნებრივია, იტალიის სუპერთასს ხედირაც გამოტოვებს. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრი სეზონის სტარტს საკადრო პრობლემებით ეგებება და ვნახოთ, რა გავლენას იქონიებს ეს შედეგებზე...

"იუვე" დრაქსლერს უტევს
"იუვენტუსის" მესვეურები იულიან დრაქსლერს არ ანებებენ თავს და კიდევ ერთი მცდელობა აქვთ, რომ 21 წლის გერმანელი შემტევი გადაიბირონ. ტურინელებმა გელზენკირხენის "შალკეს" 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი და 2.7 მილიონი ევრო სეზონში. ითქვა ისიც, რომ "შალკესთვის" გათვალისწინებულია ბონუსებიც, რომელიც 5-დან 7 მილიონ ევრომდე მერყეობს.

გერმანელებს დრაქსლერის გაყიდვა 25 მილიონ ევროდ სურდათ, მაგრამ ამხელა თანხას არც ერთი კლუბი არ იხდის და ამიტომ "იუვენტუსთან" შეთანხმების ალბათობა ერთობ მაღალია.

სამაგიეროდ, ტურინელებს მარიო გიოტცეს მიმართულებით უჭირთ მოლაპარაკების წარმოება და ისეთი პირი უჩანს, რომ გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მიუნხენის "ბაიერნში" დარჩება. გიოტცე პეპ გვარდიოლას ტაქტიკურ მონახაზში ჯდება, რაც "ბაიერნის" ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდა და ამ ფონზე, მისი ტურინში გაშვება ნაკლებად სავარაუდოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული