"მილანში" ტრავმების ეპიდემიაა

AutoSharing Option
"მილანმა" ბოლო ორი ამხანაგური მატჩი უშანსოდ წააგო და ჯერ მიუნხენის "ბაიერნთან" შერცხვა (0:3), ხოლო შემდეგ "ტოტენჰემთან" დამარცხდა (0:2). "ყველა სიკეთესთან" ერთად, ამ მატჩებში "მილანის" სამი ფეხბურთელი დაშავდა: კრისტიან საპატა, მბაიე ნიანგი და რიკარდო მონტოლივო.

მონტოლივომ კისრის ტრავმა მიიღო და როგორც მინიმუმ, ორი კვირა მოუწევს უქმობა. ექიმების თქმით, რიკარდო უმძიმეს ტრავმას გადაურჩა და იღბალს უნდა უმადლოდეს. უფრო მძიმედ არის ვითარება მბაიე ნიანგთან დაკავშირებით, რომელმაც ტერფის ძვალი გაიტეხა და მყისვე კლინიკაში გადაინაცვლა.

ჯერ უცნობია, თუ რამდენი ხნით იუქმებს 21 წლის თავდამსხმელი, მაგრამ
ხვალ და ზეგ რომ ვერ დაუბრუნდება მოედანს, ნათელია. გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს საპატასაც, რომელსაც მყესი აწუხებს და წესით, მასაც საკმაო დრო უნდა გაუცდეს. მოკლედ, ბოლო ორი პაექრობა ლომბარდიული გრანდისთვის ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა.

"მილანთან" დაკავშირებით ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, კეისუკე ჰონდას გუნდის დატოვება და ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგება სურს.

"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, 29 წლის იაპონელი შემტევი "მილანში" თავს არცთუ კომფორტულად გრძნობს და რადგან ინგლისიდან რამდენიმე მაცდური შეთავაზება აქვს, წასვლა მოიწადინა. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, უახლოეს დღეებში ჰონდა ადრიანო გალიანის შეხვდება და იქ გადაწყდება ყველაფერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული