კლუბის ახალი მფლობელი ერიკ ტოჰირი კარგა ხანს იყო ჩრდილში. ის არ ანებივრებდა გულშემატკივრებს ხმაურიანი ტრანსფერებით. ბოლოს და ბოლოს, ტოჰირმა ფული ბრუნვაში გაუშვა. მისმა გუნდმა ზედიზედ მეორე სეზონი ჩააგდო. იტალიის ჩემპიონატში დაიკავა მერვე ადგილი და ვერ გავიდა ევროთასებზე.
ვინ იყიდეს
ამ სეზონთაშორის პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი გუნდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ცენტრალური მცველების პრობლემა. რობერტო მანჩინიმ არაერთი წყვილი გამოსცადა ამ პოზიციაზე, თუმცა უშედეგოდ.ჟეზუსმა, რანოკიამ, ვიდიჩმა, კამპანიარომ, ანდრეოლიმ და დოდომ მოლოდინი ვერ გაამართლეს. საკმარისია აღინიშნოს, რომ "ინტერმა" მეტი გაუშვა, ვიდრე "კიევომ". ამით ყველაფერია ნათქვამი.
"ინტერი" ამ პრობლემას სამხრეთამერიკულად წყვეტს. დაცვის ცენტრში მთავარი წყვილი მურილიო - მირანდა იქნება. ახალგაზრდა კოლუმბიელმა, ვინც დიდებული იყო "გრანადაში", უნდა მოძებნოს საერთო ენა გამოცდილ ბრაზილიელთან.
30 წლის მირანდამ დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის მცველია. მან მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც კი შესაძლებელი იყო. ახლა ის "ნერაძურისათვის" გაირჯება.
შუა ხაზში "ინტერის" მთავარი შენაძენია ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი, ჟოფრეი კონდოგბია. მისთვის დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული და ის "ინტერმა" უკანასკნელ წამს მოუგო მოსისხლე მტერ "მილანს".
ამ ფეხბურთელს "მეორე პოლ პოგბას" უწოდებენ. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე დაამტკიცა თავისი მაღალი სათამაშო კლასი "სევილიასა" და "მონაკოში". ის შეუცვლელი ფეხბურთელი უნდა გახდეს "ინტერისათვის".
ისევ დაცვას დავუბრუნდეთ. ხეირიანი შენაძენი უნდა იყოს ექსბარსელონელი მარტინ მონტოია. ეს უკანასკნელი დანი ალვეშის შემცვლელი იყო "ბარსელონაში". ალვეში გუნდში დარჩა. მონტოია "ინტერს" უსათუოდ გამოადგება.
კიდევ ერთი ფეხბურთელი ფრანგი ჯონათან ბიაბიანია. ის უკვე იყო "ინტერში", მაგრამ პირველ ჯერზე გამოუცდელობის გამო, გუნდში ვერ დამკვიდრდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამჯერადაც ასე იქნება. მითუმეტეს, ბიაბიანი ახლა გაცილებით გამოცდილია, ვიდრე ადრე.
მილანელებმა გვარიანი გარიგება გაჩარხეს "მანჩესტერ სიტისთან". ბოლოს და ბოლოს, ერიკ ტოჰირმა მოახერხა და იჯარით აიყვანა ჩერნოგორიელი ნახევარმცველი, სტევან იოვეტიჩი. ეს "ინტერის" ნახევარდაცვისათვის პირდაპირ მისწრება იქნება.
სამიზნე - პერიშიჩი
მილანელები გაცხოველებულ ვაჭრობას აწარმოებენ "ვოლფსბურგთან" გამოცდილი ხორვატი შემტევის, ივან პერიშიჩის გადაბირების თაობაზე. პერიშიჩი ძალიან ნაწრთობია. მას გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე პასების გაკეთებაც.რა თქმა უნდა, ამასთან ერთად "ინტერიდან" არაერთი ფეხბურთელი წავადა ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ავიღოთ, თუნდაც, ლუკას პოდოლსკი.
შემადგენლობა
ისმის კითხვა - როგორი იქნება "ინტერის" სასტარტო შემადგენლობა მომავალ სეზონში? ფურცელზე ის ძალიან მრისხანედ გამოიყურება. რა იქნება უშუალოდ თამაშებისას, ამას ყველა ერთად ვნახავთ.ჩვენი აზრით, "ნერაძურის" ოპტიმალური სათამაშო თერთმეტეული ასეთი იქნება: ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, სანტონი - კონდოგბია, იოვეტიჩი, გუარინი - პალასიო, იკარდი, შაჩირი (პერიშიჩი)
ვერაფერს იტყვი, მართლაც შესანიშნავი შემადგენლობა გამოდის. ახლა ის გავიხსენოთ, როგორიიყო "ინტერის "სასტარტო" წინა სეზონში: ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია, ჟეზუსი, დოდო (სანტონი) - ერნანესი (კოვაჩიჩი), მედელი, გუარინი (ბროზოვიჩი) - შაჩირი, იკარდი, პალასიო. სეზონი დაიწყო ვალტერ მაძარიმ და დაასრულა რობერტო მანჩინიმ.
ამ შემადგენლობას მხოლოდ პირობითად თუ დავარქმევთ სასტარტოს. საქმე ისაა, რომ "ინტერის" ძალიან ბევრი ფეხბურთელი გასული სეზონის განმავლობაში ტრავმირებული იყო. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ "ნერაძურიმ" ასე ცუდად ითამაშა.
მაგალითად, მთელი რიგი საკვანძო შეხვედრებისა გამოტოვა ფრედი გუარინმა. არადა, კოლუმბიელი ცენტრალური ნახევარმცველი ამ ფორმაციის გუნდში ნამდვილ ლიდერად მოიაზრებოდა. ტრავმები ჰქონდათ სხვა ფეხბურთელებსაც.
ასე რომ, "ინტერს" კარგ თამაშში ხელი მოთამაშეების ჯანმრთელობამაც უნდა შეუწყოს ხელი. სხვანაირად რობერტო მანჩინის ძალიან გაუჭირდება.
მწვრთნელი
მწვრთნელი "ინტერს" ისეთი ჰყავს, რომელიც გამარჯვებებსა დატიტულებსაა შეჩვეული. "ინტერში" სწორედ ამიტომ უყვართ რობერტო მანჩინი. ზოგადად, წარსულში ბრწყინვალე შემტევი გაწონასწორებული ფეხბურთის მომხრეა, მაგრამ ახლა "ნერაძურის" ქომაგებს ამისათვის არ სცალიათ.ისინი კლუბის ხელმძღვანელობისა და მანჩინისაგან ერთ რამეს ითხოვენ - შეტევას და ლამაზ გამარჯვებებს. ამადაცაა, გუნდმა სატრანსფერო ბაზარზე აქცენტი სწორედ შემტევ მოთამაშეებზე რომ გააკეთა.
კონტინგენტი ისეთია, რომ "ინტერმა" მართლაც ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მითუმეტეს, ამის რესურსი არის სერია A-ში, სადაც დღეს არცთუ ისე ბევრი ვარსკვლავია.
მიზანი
პროგრამა - მაქსიმუმი "ინტერისათვის" ჩემპიონატის მოგება უნდა იყოს. წესით, მანჩინის გაწვრთნილებს ერთი მთავარი კონკურენტი უნდა ჰყავდეთ - სახეცვლილი "იუვენტუსი". რა თქმა უნდა, სკუდეტოზე ფიქრობენ განახლებული "რომა" და "ნაპოლი", მაგრამ მათი ამბიციები ამ ბრძოლაში შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება.პროგრამა- მინიმუმი - გუნდმა ნებისმიერ შემთხვევვაში უნდა მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური. ვფიქრობთ, სხვა შედეგს კლუბის მფლობელი ერიკ ტოჰირი ნამდვილად არ აპატიებს გუნდის მთავარ მწვრთნელს.
წესით, ეს ამოვანა მანჩინიმ იოლად უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ იტალიის ჩემპიონატს რას გაუგებ. გასულ სეზონში "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა, არადა, გუნდს სკუდეტოსათვის უნდა ებრძოლა.
უპირატესობა
ამ შემთხვევაში "ინტერს" აქვს ერთი დიდი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით - ის თავისუფალია ევროთასებისაგან. უაღრესად დამღლელი ევროსეზონის პირობებში ეს დიდი შვებაა. სწორედ ამაზეა ნათქვამი. ზოგი ჭირი მარგებელიაო.მაშინ, როცა "იუვენტუსი" და "რომა" ევრობრძოლებში იქნებიან ჩაბმულნი, "ინტერს" საშუალება მიეცემა, მშვიდად აგროვოს ქულები საშინაო ასპარეზზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"