უფრო დაძაბული და სანახაობრივი - რას უნდა ველოდოთ სერია A-ს მომდევნო გათამაშებისგან

AutoSharing Option
ფოტოზე: სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად "იუვენტუსი" ითვლება, თუმცა...
ერთი წლის თავზე, საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და ამად არის, რომ ეროვნული ჩემპიონატები შედარებით ადრე დაიწყო. ინგლისის პრემიერლიგამ და გერმანიის ბუნდესლიგამ უკვე აიღეს სტარტი, ამ უქმეებზე კი იტალიის სერია A და ესპანეთის პრიმერაც დაიწყება.

გასული სეზონი იტალიური საკლუბო ფეხბურთისთვის, მთლიანობაში, წარმატებული გამოდგა, რადგან წინა წლებისგან განსხვავებით, სერია A-ს გუნდებმა წარმატებული თამაში აჩვენეს ევროარენაზე და უეფას საკლუბო რეიტინგში იტალიამ სერიოზული პროგრესი განიცადა.

ერთი ნაბიჯი და, შესაძლოა, კალჩომ ინგლისური პრემიერლიგა ჩამოიტოვოს ქულებით, ეს კი იმას
ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურსაც დაიბრუნებს.

მართალია, ეს გზა აპენინელებმა ცუდად გააგრძელეს, როდესაც გენუის "სამპდორია" "ვოივოდინასთან" შერცხვა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა და სერია A-ს წარმომადგენლებს კიდევ ბევრჯერ მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება.

თუმცა დღეს მეტწილად მაინც სერია A-ზე ვისაუბრებთ და არა ევრობატალიებზე - წინ საინტერესო ჩემპიონატი გველის, რომლის მიმართ მოლოდინი სატრანსფერო ბაზარზე იტალიური კლუბების მესვეურთა აქტიურობამ განაპირობა. "მილანმა", "ინტერმა" და "იუვენტუსმა" ტრანსფერებში დაახლოებით 100-100 მილიონი ევრო დახარჯეს და სხვებმაც გაიკრეს ჯიბეზე ხელი.

მაინც რას უნდა ველოდოთ სერია A-ს მომდევნო გათამაშებაში და ვის რა შანსები აქვს სკუდეტოსა თუ ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში? ამ თემებზე ქვემოთ ვისაუბრებთ...

ისევ "იუვე" და "რომა"
იტალიელ საფეხბურთო ექსპერტთა და ჟურნალისტთა აბსოლუტური უმრავლესობის ვარაუდით, სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსის" მთავარი კონკურენტი ისევ "რომა" იქნება. ტურინული გრანდი ფავორიტად უნდა შევრაცხოთ, მაგრამ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამჯერად, "რომა" იქნება უფრო კონკურენტუნარიანი, ვიდრე წინა წლებში.

მიზეზი? - ერთი და უმთავრესი ის გახლავთ, რომ ექსპერტთა აზრით, "იუვენტუსი" უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. მართალია, ტურინელებმა სამი ხედირა, პაულო დიბალა, მარიო მანჯუკიჩი, სიმონე ძაძა, დანიელე რუგანი და კიდევ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი დაიმატეს, მაგრამ ისინი თითქოს მაინც ვერ ავსებენ იმ ვაკუუმს, რაც არტურო ვიდალის, ანდრეა პირლოს და კარლოს ტევესის წასვლამ დატოვა.

მოკლედ, ჟურნალისტები და ექსპერტები "იუვეს" შესუსტებას და "რომას" გაძლიერებას ვარაუდობენ, რამაც ძალთა ბალანსი უნდა შეცვალოს და წესით, სკუდეტოსთვის გაცილებით დაძაბული ბრძოლა უნდა ვიხილოთ.

რაც შეეხება "რომას" გაძლიერებას, ამაზე "გაძეტა დელო სპორტში" საინტერესო სტატია გამოქვეყნდა - ჩვენი იტალიელი კოლეგების აზრით, გასულ სეზონში, მეტადრე კი, მის მეორე ნახევარში, რუდი გარსიამ გუნდზე კონტროლი დაკარგა, რამაც "იუვენტუსს" მორიგი სკუდეტოსკენ გზა გაუხსნა.

რომაელებმა სეიდუ დუმბია, ვიქტორ იბარბო და რამდენიმე მეტად საეჭვო რეპუტაციის ფეხბურთელი დაიმატეს და ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა. დუმბია მოსკოვის ცსკა-ში დაბრუნდა, იბარბოც აპირებს თავისი გზის მონახვას, "რომაში" კი ის ფეხბურთელები რჩებიან, რომლებსაც გაცილებით მაღალი მიზნების მიღწევა შეუძლიათ. მაგალითად, მოჰამედ სალაჰი, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი "ფიორენტინაში" საოცრად კარგად ჩაატარა; ედინ ჯეკო, ვინც გოლებს ყველგან უხვად იტანდა, სადაც კი აქამდე თამაშობდა.

"რომას" კევინ სტროტმანი დაუბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო გასული სეზონი მთლიანად ჩაუვარდა. არც ანტონიო რუდიგერი უნდა დავივიწყოთ - კიდევ ერთი ახალწვეული და გერმანიის ნაკრების მცველი, რომელიც უკანა ხაზს შეეშველება.

მოკლედ, სკუდეტოსთვის უფრო მძაფრი ბრძოლაა მოსალოდნელი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

მილანელთა მაქსიმუმი
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარას "მილანი" და "ინტერი" ნაყოფიერად იყენებენ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ლომბარდიულმა გრანდებმა სკუდეტოსთვის იბრძოლონ.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, მილანელთა მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება და ორივე გუნდმა ეს წარმატებად უნდა მიიჩნიოს.

მართალია, "მილანმა" და "ინტერმა" ტრანსფერებში დაახლოებით 100-100 მილიონი ევრო დახარჯეს და რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გადაიბირეს, მათ შემადგენლობას სუპერვარსკვლავური ჯერ მაინც არ ეთქმის და რაც მთავარია, შეთამაშება ორივე გუნდს აშკარად აკლია.

გასულ სეზონში "ინტერიც" და "მილანიც" სატურნირო ცხრილის შუაში გაიჭედნენ და პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, რომ ახალ სეზონში პირველობისთვის იბრძოლონ. ამიტომ მილანური გრანდების პროგრამა-მაქსიმუმი სამეულში მოხვედრა იქნება და ამას არც მწვრთნელები მალავენ.

ზოგადად, მილანური გუნდების ხილვა განსაკუთრებულად საინტერესო იქნება - რას იზამს რობერტო მანჩინი, რომელსაც პირველ სეზონში ყველაფერი ეპატიებოდა, აი, წელს კი დადებით შედეგს მოსთხოვენ.

როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას სინიშა მიხაილოვიჩი, რომელსაც "მილანისტების" დიდი ნაწილი დღემდე "ინტერისტად" მიიჩნევს და პირველივე ჩავარდნაზე სერბ სპეციალისტს დიდი კრიტიკა დაატყდება თავს.

Sportall.Ge
ფოტოზე: რობერტო მანჩინისა და სინიშა მიხაილოვიჩის დიდი გამოწვევა
როგორ წარმოჩინდებიან ახალწვეულები - "ინტერის" მხრიდან მურილიო, მირანდა, მონტოია, კონდოგბია და იოვეტიჩი, ხოლო "მილანის" მხრიდან - რომანიოლი, ელი, ბერტოლაჩი, ბაკა და ლუიშ ადრიანო. ვნახოთ, ამ კითხვებს სეზონის მსვლელობისას გაეცემა პასუხი...

გუნდი-გამოცანა
ძნელი სათქმელია, თუ რას უნდა ველოდოთ ახალ სეზონში "ნაპოლისგან"... სკუდეტოსთვის ბრძოლა? - ნაკლებად მოსალოდნელია. აი, ჩემპიონთა ლიგის საგზური კი, ალბათ, რეალურია.

კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გარისკა, როდესაც მწვრთნელად მაურიციო სარი დანიშნა, რომელსაც ამბიციურ გუნდში არასდროს უმუშავია და არც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას არის მიჩვეული.

პატარა გუნდებში წარმატებით მომუშავე მწვრთნელებს გრანდებში ხშირად ჩავარდნა აქვთ და "ნაპოლის" შემთხვევაში, უპირველესად, სწორედ ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - არის კი სარი ის მწვრთნელი, რომელიც გუნდს ტაძრამდე, ამ შემთხვევაში კი, სკუდეტომდე ან ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე მიიყვანს? - ამაზე პასუხს მხოლოდ სეზონი გაგვცემს.

Sportall.Ge
ფოტოზე: არის კი სარი ის მწვრთნელი, რომელიც გუნდს ტაძრამდე მიიყვანს?
ნეაპოლელთა სატრანსფერო პოლიტიკა კი უფრო გვაბნევს და პროგნოზების კეთებაც კიდევ უფრო რთულდება. სარი იტალიელ ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს და მოხარულია, რომ "ემპოლიდან" სიმონე ვალდიფიორი გადაიბირა.

ვნახოთ, რას იზამენ პროვინციული "ემპოლის" ლოკალური წარმატების მთავარი შემოქმედნი გაცილებით ამბიციურ გუნდში, რომელსაც ძალიან მომთხოვნი გულშემატკივრები ჰყავს.

ზაფხულის აღმოჩენა
ზაფხულის აღმოჩენა "ფიორენტინაა", რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, ამხანაგური მატჩები გამართა და ევროპული ფეხბურთის ორი გრანდი დაამარცხა. ფლორენციელებმა ჯერ "ბარსელონა", ხოლო შემდეგ "ჩელსი" მოინელეს. არადა, "ფიორენტინამ" მოჰამედ სალაჰი და მარიო გომესი გაუშვა, შევსება კი ჯერჯერობით დიდი ვერაფერი მიიღო.

მიუხედავად ამისა, გუნდი დაფრინავს, კარგ ფეხბურთს აჩვენებს და როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, ამის უმთავრესი მიზეზი ახალი მწვრთნელი პაულო სოუზაა.

საინტერესო იქნება "ფიორენტინაზე" დაკვირვება, რომელიც ჯერჯერობით უშვებს ფეხბურთელებს, მაგრამ ახალი სეზონისთვის ყველაზე უკეთ მომზადებული ჩანს.

რას აპირებს "ლაციო"?
თუ სტეფანო მაურის გაშვებას არ ჩავთვლით, "ლაციომ" შემადგენლობა სრულად შეინარჩუნა, ორი-სამი საშუალო კალიბრის ფეხბურთელი დაიმატა და თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, შესაძლოა, კიდევ ერთი ფორვარდი გადაიბიროს - მაგალითად, ალეშანდრე პატო ან მარიო ბალოტელი.

უცნაური პოლიტიკაა - იქნებ სჯობდა, ეყიდათ ფორვარდი და მის მიერ გატანილი გოლებით გასულიყვნენ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში?

კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს ვერაფერს გაუგებ და შესაბამისად, რთულად პროგნოზირებადია "ლაციოს" შანსები მომდევნო სეზონში. სტეფანო პიოლი კარგი ტაქტიკოსია, წესით, არ უნდა გაექცეს სადავეები ხელიდან, მაგრამ ამ რესურსით, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ზედიზედ მეორედ მოხვედრა ნაკლებად სავარაუდოა. ევროპალიგის საგზური? - ეს ბევრად რეალურია...

"ტორინო" და გენუელები
ევროპალიგის საგზურისთვის, წესით, გენუურმა გუნდებმაც უნდა იბრძოლონ. "სამპდორიამ" ფერნანდო ლუ-კასი დაიმატა უკანა ხაზზე და ანტონიო კასანო თავდასხმაში. ეს უკანასკნელი გუნდში მარიო ბალოტელის უხმობს და ტანდემი თუ შეიკრა, ან აშენდება "სამპდორია", ან სულ მთლად დაიქცევა.

მოკლედ, "სამპას" ისეთივე საინტერესო გუნდი ეყოლება, როგორიც პრეზიდენტი ჰყავს.

"ჯენოას" დიდი ვერაფერი შემადგენლობა ჰყავს, ზაფხულში ანდრეა ბერტოლაჩიც დაკარგა და მბაიე ნიანგიც, მაგრამ ჯამპიერო გასპერინის ხელში ეს გუნდი მაინც ახერხებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას.

საშუალო გაქანების გუნდებიდან ყველაზე საინტერესოდ მაინც "ტორინო" მოჩანს, რომელმაც მატეო დარმიანი 20 მილიონ ევროდ გაასხვისა და ამ ფულით სამი ძალიან კარგი ფეხბურთელი გადაიბირა. ერთი ძაპაკოსტა გახლავთ, რომელიც სწორედ დარმიანის პოზიციას დაიკავებს და დაცვის მარჯვება ფრთას გაამაგრებს; მეორე - ბაზელი, ცენტრალური ნახევარმცველი, რომლის გადაბირება კიდევ უფრო ამბიციურ კლუბებსაც სურდათ და მესამე - ბელოტი, ვინც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული თავდამსხმელია აპენინებზე და გარდა იმისა, რომ "პალერმოში" თამაშობდა კარგად, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა.

"ტორო" კარგი სანახავი იქნება და მთლიანად, ჩემპიონატი უნდა გამოვიდეს მეტად სანახაობრივი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაძაბული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული