ჟოზე მოურინიომ "ფიორენტინას" თავკაცი შეაქო

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებას მოულოდნელი ლიდერი ჰყავს და ბუნებრივია, რომ ეს თემა იტალიურ სპორტულ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.

ჩემპიონატის დაწყებიდან 7 ტურია გასული, "ფიორენტინას" კი 6 მოგება აქვს, 18 ქულა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი უკავია.

ფლორენციელთა წარმატებული ასპარეზობის მთავარ შემოქმედად ახალი მწვრთნელი პაულო სოუზა მიიჩნევა, რომელიც იტალიაში გადაბარგებამდე "ბაზელს" წვრთნიდა და შვეიცარიაშიც წარმატებით იმუშავა.

თავად სოუზა მოკრძალებულ კომენტარებს აკეთებს, მის შეგირდებს კი ამბიციები მოეძალათ - მაგალითად, ნიკოლა კალინიჩს სკუდეტოსთვის სურს ბრძოლა:

"გუნდში ეიფორიული განწყობაა და ფეხბურთელებს გვჯერა, რომ სკუდეტოსთვის
შეგვიძლია ბრძოლა. დიახ, ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ.

სერია A-ში თამაში ძალიან რთულია, რადგან გუნდების საერთო დონე მაღალია და იოლად არავინ არაფერს თმობს. მომდევნო ტურში "ნაპოლის" ვეთამაშებით და ეს კიდევ ერთი დიდი გამოცდა იქნება. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა და წარმატების საწინდარიც სწორედ ეს გახლავთ".

"ფიორენტინას" კარგ ასპარეზობას თვით ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა და თავისი თანამემამულე კოლეგა, პაულო სოუზა შეაქო: "პაულო შესანიშნავი მწვრთნელი და კიდევ უფრო კარგი ადამიანია. მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და რჩევებსაც ხშირად მეკითხება.

არიან მწვრთნელები, რომლებიც პირდაპირ დიდი კლუბიდან იწყებენ, სოუზამ კი ბევრი იშრომა რომ ასეთ სიმაღლეზე ასულიყო. მუშაობდა უნგრეთში, ისრაელში, ინგლისის მეორე დივიზიონში და დღეს უკვე სერია A-ში იღვწის.

ამასთან, მისი "ფიორენტინა" ჩემპიონატის ლიდერია. ვფიქრობ, ფლორენციელებს კარგი შანსი აქვთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ და იმედია, ეს ასეც მოხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული