კერპის ნაკვალევზე - "მილანის" 16 წლის გოლკიპერს ბუფონის სიმაღლეების მიღწევა სურს

AutoSharing Option
სერია A-ს მომდევნო ტურში, 21 ნოემბერს "იუვენტუსი" "მილანს" უმასპინძლებს და გარდა იმისა, რომ ორი იტალიური გრანდის დაპირისპირებას ვიხილავთ, ეს მატჩი სხვა მხრივაც იქნება საინტერესო.

ორივე გუნდის კარში ჯანლუიჯი იდგება - ერთში ბუფონი და მეორეში დონარუმა. ერთი ჯიჯი 37 წლისაა, ხოლო მეორე 16-ის! ერთი ჯიჯი მეორეზე 21 წლით უფროსია, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა.

დიახ, ჯანლუიჯი დონარუმა 16 წლისაა და ის უკვე "მილანის" ძირითადი შემადგენლობის მეკარეა. ოთხი მატჩი გამართა ლომბარდიული გრანდის შემადგენლობაში, ოთხივეში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ორჯერ კარი "მშრალად" შეინახა.

შედეგად,
დონარუმა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გამოიძახეს - არადა, ასაკით მას 17-წლამდელებში ეკუთვნის თამაში.

ჯიჯი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა უკვე დიდი ტვირთი დააწვა მხრებზე - მთელი საფეხბურთო იტალია მასზე, როგორც ბუფონის ღირსეულ შემცვლელზე ალაპარაკდა. ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მყოფი დონარუმა ჟურნალისტებს გაესაუბრა...

მადლობა აბიატის და ლოპესს
სიმართლე გითხრათ, თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ, როდესაც სათადარიგოთა სკამზე დიეგო ლოპესს და კრისტიან აბიატის ვხედავ, მე კი კარში ვდგავარ. ორივე ბრწყინვალე მეკარე და კიდევ უფრო კარგი ადამიანია.

უნდა ნახოთ, როგორ მეხმარებიან ვარჯიშებზე და საჭირო რჩევებს მაძლევენ. ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და ეს ჩემთვის ფასდაუდებელია. ჩემზე გაცილებით ძლიერი მეკარეები არიან და კარგად მესმის, რომ მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლო. ის, რომ დღეს "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობ, ავანსად გაცემული ნდობაა და ეს უნდა გავამართლო.

მთავარია, მიწაზე მყარად დგომა!
პრესაში ჩემს შესახებ ძალიან ბევრი იწერება და როგორც წესი, აღმატებულ ტონში. უამრავი გულშემატკივარი მწერს სოციალურ ქსელში და წარმატებებს მისურვებენ.

ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ კარგად მესმის, რომ ემოციებს არ უნდა ავყვე. მიწაზე მყარად ვდგავარ და ვფიქრობ, რომ მთავარი დღეს მუხლჩაუხრელი შრომაა და არა პოპულარობით ტკბობა. თითქმის მთელ დღეს ბაზაზე ვატარებ და რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ.

დიდი მიზნები
ჩემი კერპი ჯანლუიჯი ბუფონია, რომელსაც ფანტასტიკური კარიერა აქვს და ჩემი აზრით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. მინდა მასსავით საუკეთესო გავხდე და წლების განმავლობაში, იტალიის ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგელობაში ვიასაპარეზო.

ეს ურთულესი იქნება, რადგან სხვა ამპლუის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, მეკარეებს ბევრი შანსი არ გვეძლევა.

იტალიაში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარეა, რომლებიც ბუფონის წასვლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრებას შეეცდებიან - მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, რადგან ჯანსაღი კონკურენცია წარმატების მთავარი საწინდარია.

ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებამ უზომოდ გამახარა და იმედი მაქვს, რომ თამაშის საშუალება მომეცემა. 17-წლამდელთა ნაკრებში 10 მატჩი მაქვს ჩატარებული და ის თამაშები ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო. წინ კიდევ უფრო დიდი გამოცდა მელის, რომლისთვისაც მზად ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული