მოკლედ, სიცილიელები ძამპარინის დაუპირისპირდნენ, რაზეც პრეზიდენტის პასუხმა არ დააყოვნა:
"ძვირფასო გულშემატკივრებო, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ საპასუხო წერილით მოგმართოთ. შეგახსენებთ, რომ როდესაც 2002 წელს "პალერმო" ჩავიბარე, მაშინ კლუბი ვალებში იყო ჩაფლული და გადარჩენისთვის იბრძოდა. სწორი მენეჯმენტის წყალობით, შევძელით და ამოვედით ვალებიდან - შედეგად, დღეს სერია A-ში ვასპარეზობთ და გაკოტრების საფრთხე არ გვემუქრება.
სამწუხაროდ, მე არ მაქვს იმდენი ფული, რომ წამყვანი ფეხბურთელები შევინარჩუნო და მათ კოლოსალური ხელფასი ვუხადო.
თავად განსაჯეთ, დიბალა "პალერმოში" 800 ათას ევროს იღებდა სეზონში, "იუვენტუსში" კი 5 მილიონს აიღებს. მიუხედავად სარფიანი ტრანსფერებისა, 2002 წლიდან დღემდე, 100 მილიონი ევრო ვიზარალე და ამ ფულს თვალით ვეღარ ვნახავ.
აქვე გეტყვით, რომ, "პალერმოს" ყოველწლიური შემოსავალი 50 მილიონი ევროა და ეს მაშინ, როდესაც "იუვე" 350 მილიონ ევროს იღებს, "ინტერი" კი 280 მილიონს. "პალერმო" ვალებიდან ამოვიყვანე, დღეს კი ვეძებ რუს, არაბ ან ჩინელ ინვესტორს, რომელსაც კლუბს მივყიდი და ამ პასუხისმგებლობას ის გადაიბარებს.
აქედანვე ვამბობ, რომ "პალერმოს" ახალი მფლობელი დიდი დანაკარგებისთვის უნდა იყოს მზად და იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს უახლოეს მომავალში მოვაგვარებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"