სერია A. XVIII ტურის წინ: დღეს შუქურის დერბია

AutoSharing Option
სერია A საინტერესო ტურით განახლდება. მართალია, გრანდთა ჭიდილს ვერ ვიხილავთ, მაგრამ რამდენიმე ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება. ყურადღების ცენტრშია "ემპოლი"-"ინტერის" დაპირისპირება და სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ.

მანჩინი კბილებს ილესავს
სეზონის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ 17 ტურის შემდეგ "ემპოლის" 27 ქულა ექნებოდა და ევროსაგზურისთვის იბრძოლებდა. თუმცა, ფაქტია, რომ ტოსკანელები შესანიშნავად თამაშობენ და, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო გვპირდება, პოზიციას არც სამომავლოდ დათმობენ.

"ემპოლის" შეტევაში რიკარდო საპონარას, მასიმო მაკარონეს და მანუელ პუჩარელის ტრიო ეყოლება - სამივე შესანიშნავ ფორმაშია და წესით, "ინტერის" დაცვას დიდი
ჯაფა უნდა დაადგეს. ჯამპაოლოს არ ავიწყდება, რომ "ინტერი" ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ იქვე დასძენს, რომ "ემპოლის" თავისი კოზირი აქვს და ეს შინაური კედლები, ანუ ერთგული გულშემატკივარია.

მართალია, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გამორიცხულია ლევან მჭედლიძის თამაში "ინტერის" წინააღმდეგ.

"ინტერმა" 2015 წელი "ლაციოსთან" საშინაო მარცხით გააცილა და მილანელებს სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე. რობერტო მანჩინი კბილებს ილესავს, შეგირდებს სამ ქულაზე გეშავს და მისთვის უჩვეულოდ აგრესიულ კომენტარს აკეთებს:

"წინა ტურში განცდილი მარცხი მწარედ მახსოვს და სიმართლე გითხრათ, ერთი სული მაქვს, თუ როდის დაიწყება "ემპოლისთან" მატჩი. მეტოქე ძლიერია და ეს ბოლო ტურებში კარგად გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ ფავორიტები ვართ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. გვექნება შემტევი ტაქტიკა, რადგან მხოლოდ მოგება და სამი ქულა გვჭირდება".

სავარაუდო შემადგენლობები
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ტონელი, კოსტა, მარიო რუი - ბუჩელი, პარედესი, ზელინსკი - საპონარა - მაკარონე, პუჩარელი
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - სანტონი, მირანდა, მურილიო, ტელესი - ბროზოვიჩი, მედელი, კონდოგბია - ბიაბიანი, ლიაიჩი, იკარდი

"ინტერის" მდევრები
"ინტერის" მდევრებიდან ყველაზე იოლი მატჩი ტურინის "იუვენტუსს" აქვს, რომელიც ბოლო ადგილზე მყოფ "ვერონას" უმასპინძლებს. თქმა არ სჭირდება, რომ ტურინული გრანდი ფავორიტია და მხოლოდ სამი ქულისთვის ითამაშებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მარიო მანჯუკიჩი ტრავმირებულია, შეტევის წინა ხაზზე ალვარო მორატას და პაულო დიბალას ტანდემს ვიხილავთ, მათ კი ზურგს ერთბაშად ხუთი ნახევარმცველი გაუმაგრებს. მოკლედ, ალეგრი 3-5-2 ტაქტიკას დაეყრდნობა და ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან.

ძალიან საინტერესო მატჩი შედგება ნეაპოლში, სადაც "ნაპოლი" "ტორინოს" მიიღებს. ტურინელებს ჩავარდნა ჰონდათ და სატურნირო ცხრილში სახარბიელო პოზიცია არ უჭირავთ, მაგრამ ერთი გასროლა რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ცხადზე უცხადესია.

ამიტომ სამხრეთელებს ფხიზლად მართებთ ყოფნა და, როგორც მაურიციო სარი აცხადებს, მთავარია, თუ რომელი გუნდი ივარგებს დამაგვირგვინებელ ფაზაში. აქეთ ხოსე კალეხონი, ლორენცო ინსინიე და გონსალო იგუაინი, ხოლო იქით - ფაბიო კვალიარელა და ანდრეა ბელოტი - წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს...

"ფიორენტინა" "პალერმოს" ესტუმრება და, როგორც ფლორენციელთა მთავარი მწვრთნელი პაულო სოუზა აცხადებს, მეტოქეს ფრთხილად შეუტევს. მართალია, სიცილიელებს საუკეთესო დროება არ უდგათ, მაგრამ საკუთარ კედლებში ყოველთვის სახიფათონი არიან და სოუზას ეს სიფრთხილე სრულიად გასაგებია.

"ფიორენტინა" მეორე ადგილზეა, ცხრილში კი ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ერთი ფეხის დაცდენა და, შესაძლოა, ხუთეულს მიღმა აღმოჩნდე...

გენუური დერბი
გენუური გუნდები სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, მაგრამ მათი დაპირისპირება მაინც საინტერესოა. "სტადიო მარასიზე" განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება და წესით, თამაშიც კარგი უნდა გაჩაღდეს.

ჯამპიერო გასპერინი, ტრადიციულად, სამი თავდამსხმელით შეუტევს და სავარაუდოდ, არჩევანს გაკპეზე, პავოლეტისა და ლაქსალტზე შეაჩერებს.

თადარიგში დატოვებს პანდევს და "მილანიდან" იჯარით აყვანილ სუსოს. რაც შეეხება "სამპდორიას", ვინჩენცო მონტელა უფრო ფრთხილ ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს და ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდით, ლუის მურიელით ითამაშებს, სიღრმიდან კი კოლუმბიელს ედერი და კარბონერო დაეხმარებიან. ვნახოთ, როგორ დასრულდება გენუური გარჩევა...

Derby della Lanterna
"ლა ლანტერნა" გენუის პორტის ისტორიულ შუქურას ჰქვია, რომლის სიმაღლეც 117 მეტრია. ის მე-12 საუკუნეშია აგებული.

დერბი სულ "ლუიჯი ფერარიზე" იმართება, რადგან "ჯენოაც" და "სამპდორიაც" ამ სტადიონს იყენებენ. ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის "ცხელია", რაც უფრო იმით არის გამოწვეული, რომ "ჯენოა" იტალიის უძველესი საფეხბურთო კლუბია, ხოლო "სამპდორია" შედარებით ახალგაზრდა კლუბია.

სერია A-ში სულ 62 დერბი გაიმართა. აქედან 22 მოიგო "სამპდორიამ", ხოლო "ჯენოამ" - 16.

XVIII ტური
სამშაბათი. 5 იანვარი
ჯენოა-სამპდორია 23:45
დისკვალიფიკაცია: პეროტი (ჯენოა)
ტრავმა: მარკეზე, ტინო კოსტა (ჯენოა)
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=7-9, (28-24)

ოთხშაბათი. 6 იანვარი
უდინეზე-ატალანტა 15:30
დისკვალიფიკაცია: ვაგუე - პალეტა
ტრავმა: მერკელი, საპატა, ერტო, ტერო, აგუირე, კონე - პინილია, კონტი, კარმონა, დრამე
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +15=12-10, (45-35)

კიევო-რომა 18:00
დისკვალიფიკაცია: ჯეკო, პიანიჩი, ნაინგოლანი (რომა)
ტრავმა: მატიელო - ტოროსიდისი, კაპრადოსი (რომა)
ბოლო 6 შეხვედრა
3-0-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +3=10-13, (15-42)

იუვენტუსი-ვერონა 18:00
დისკვალიფიკაცია: სალა (ვერონა)
ტრავმა: პერეირა, ლამინა, ასამოა, ბარძალი, მანჯუკიჩი - რომულო, ალბერტაცი
ბოლო 6 შეხვედრა
6-0-0 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +11=3-1, (30-13)

ლაციო-კარპი 18:00
დისკვალიფიკაცია: ბილია, სავიჩი (ლაციო)
ტრავმა: დე ვრი, ლულიჩი, კიშნა, მარკეტი, ჯენტილეტი, ბასტა - ფედელე, ბუბნიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

მილანი-ბოლონია 18:00
დისკვალიფიკაცია: რომანიოლი (მილანი)
ტრავმა: მენეზი, დიეგო ლოპესი - კრაფტი, რიცო, კრიზეტიგი, ბრიენცა
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +18=7-5, (54-29)

პალერმო-ფიორენტინა 18:00
დისკვალიფიკაცია: გონსალესი (პალერმო)
ტრავმა: ვიტიელო - ბლაშიკოვსკი, პასკუალი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +9=3-10, (29-28)

სასუოლო-ფროზინონე 18:00
დისკვალიფიკაცია: მისიროლი - სოდიმო
ტრავმა: ტერანოვა, მანიანელი, დეფრელი - როზი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +4=2-0, (15-8)

ემპოლი-ინტერი 21:00
დისკვალიფიკაცია: მელო (ინტერი)
ტრავმა: მჭედლიძე, კრუნიჩი - რანოკია
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +2=2-14, (16-43)

ნაპოლი-ტორინო 23:45
დისკვალიფიკაცია: ჟორჟინიო (ნაპოლი)
ტრავმა: ფარნერუდი, მაკსიმოვიჩი, ობი, მარტინესი (ტორინო)
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +6=9-5, (24-21)

ბომბარდირები: 16 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 10 - მარტინს ედერი (სამპდორია), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 8 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი); 7 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მირალემ პიანიჩი (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული