ფაბიო კაპელო: ზიდანის კვალიფიკაციაზე ჯერ არაფერი ვიცით

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში სკუდეტოსთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში ფავორიტები "ინტერი" და "იუვენტუსი" არიან. კაპელომ "გაძეტა დელო სპორტის" რამდენიმე კითხვას უპასუხა.

- სერია A-ს მიმდინარე გათამაშება უპრეცედენტოდ დაძაბულია და სკუდეტოსთვის ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის...
- ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვის "იუვენტუსი" და "ინტერი" იბრძოლებენ, მათი კონკურენცია კი მართლაც გამორჩეული მოვლენაა იტალიური ფეხბურთისთვის.

მწვრთნელები უნდა შევაქო, რადგან ამ გუნდების წარმატებული ასპარეზობა სწორედ მათი დამსახურებაა. გასული სეზონი მანჩინიმ კარგად გამოიყენა, არ იჩქარა, ვითარება შეისწავლა და მიმდინარე
სეზონში სულ სხვა "ინტერი" ვიხილეთ.

რაც შეეხება ალეგრის, გუნდი კრიზისიდან გამოიყვანა და სწორ რელსებზე დააბრუნა. სეზონის სტარტზე, "იუვეს" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჰყავდა ტრავმირებული, ახალწვეულებს კი გუნდთან ადაპტაცია სჭირდებოდათ. ჩავარდნა ლოგიკური იყო, აღმასვლა კი სწორედ ალეგრის დამსახურებაა.

- ხშირად ალეგრის თქვენ გადარებენ...
- პირველად მესმის, თუმცა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ალეგრის სწორად მიჰყავს თამაში და ვიცი, რომ ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მწვრთნელი უნდა უსმენდეს ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებდეს დამოუკიდებლად.

- კიდევ ერთი თქვენი ყოფილი კლუბი "რომაა", რომელსაც წარმატების მისაღწევად ყოველთვის რაღაც აკლდება...
- ევროპული ფეხბურთის გრანდებში მიმუშავია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი წნეხი, როგორიც რომშია ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე, არსად მიგრძვნია. ეს არის ქალაქი, სადაც ან გაღმერთებენ, ან ეზიზღებით, შუა კი არ არსებობს. "რომა" კარგი გუნდია, მაგრამ იქ ყოველთვის უჭირთ ბალანსის დაცვა და ემოციების კონტროლი. ჩვენ ეს შევძელით და სკუდეტო ავიღეთ, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა და გუნდს დიდი ტურნირი აღარ მოუგია.

- ნეაპოლში ყვლაფერი კარგადაა და გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის...
- ეს მაურიციო სარის დამსახურებაა, რომელმაც თავიდან არასწორი ტაქტიკა აირჩია და შედეგებიც არასახარბიელო ჰქონდა, თუმცა მალევე მიხვდა შეცდომას და ახალი სქემით გუნდი ლიდერთა მარაქაში გაერია. მართალია, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტებად "ინტერი" და "იუვენტუსი" მივიჩნიე, მაგრამ ბუნებრივია, რომ შანსი "ნაპოლისაც" აქვს.

- "მილანზე" რას იტყვით?
- "მილანი" ჩემი გუნდია და მას გამორჩეულად ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჯერჯერობით, საიმედოს ვერაფერს ვხედავ. აშკარაა, რომ გუნდს მიმდინარე სეზონშიც გაუჭირდება ევროსაგზურის მოპოვება, ჩემპიონთა ლიგაზე კი არცაა საუბარი.

სინიშა მიხაილოვიჩი საინტერესო სპეციალისტია, მაგრამ ჯერჯერობით, საქმეს წარუმატებლად უძღვება. არ მომწონს სასელექციო პოლიტიკა და ვფიქრობ, რომ "მილანი" არასწორ ფეხბურთელებზე აკეთებს არჩევანს.

- ევროთასების კენჭრისყრისას იტალიურ გუნდებს აშკარად არ გაუმართლათ...
- რთულია, რომ არ დაგეთანხმოთ, რადგან სერია A-ს ბინადრებს ყველაზე ძლიერი მეტოქეები ერგოთ. მიუხედავად ამისა, ოპტიმისატურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ იტალიური კლუბები რთულ ბარიერებს დაძლევენ.

ევროპალიგაზე ჩვენი კლუბები ფავორიტებად მიმაჩნია, რადგან ისინი ბრწყინვალედ არიან მომზადებულნი და კლასითაც არავის ჩამოუვარდებიან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ უფრო რთულადაა საქმე, თუმცა ამ შემთხვევაშიც ოპტიმიზმს ვინარჩუნებ. "იუვენტუსს" ისევე შეუძლია "ბაიერნის" გამოგდება, როგორც გასულ სეზონში "რეალის" წინააღმდეგობა დაძლია.

"რომას" პრობლემები აქვს, მაგრამ არც მადრიდის "რეალს" უდგას ოქროს ხანა. არაა გამორიცხული, რომ ორ თვეში "ჯალოროსი" ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს, "რეალს" კი ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომლის სამწვრთნელო კვალიფიკაციის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით, ეს კი მაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ არც ამ წყვილშია ყველაფერი გარკვეული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული