სერია A. XX ტური: იგუაინის გოლები, "ბებერი ქალბატონის" სერია [VIDEO]

AutoSharing Option
* "იუვენტუსმა" მიჯრით მე-10 მატჩი მოიგო სერია A-ში.

* "ტორინოში" დაბრუნება ჩირო იმობილემ გოლით აღნიშნა.

* ლუჩანო სპალეტის თავკაცობით, "რომამ" პირველი მატჩი გამართა და აუტსაიდერ "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა.

"ინტერს" კიდევ ერთხელ დაუცდა ფეხი და "იუვენტუსს" გაქცევის საშუალება მისცა, ყველაზე წინ კი ისევ "ნაპოლია", რომელიც "სასუოლოსთან" აგებდა, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვიდა.

"ინტერის" ჩავარდნა
"ინტერს" მიჯრით ორი საშინაო მატჩი აქვს წაგებული და ამჯერად, ვერც გასვლაზე მოიგო. მოკლედ, ბოლო 4 შეხვედრაში მილანურმა გრანდმა 12 შესაძლებელი ქულიდან მხოლოდ 4 აიღო და ბუნებრივია, რომ მკვეთრად გაიუარესა
სატურნირო ვითარება.

თუ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ "ინტერი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა, დღეს მხოლოდ "ნაპოლის" და "იუვენტუსის" შემდეგ ასახელებენ.

"ატალანტა"-"ინტერის" პაექრობა გარდამავალი იერიშებით წარიმართა, მომენტები კი სტუმართა კართან გაცილებით მეტი შეიქმნა და მილანელები მეკარეს უნდა უმადლოდნენ, რომ თუნდაც ქულა წაიღეს შინ.

დიახ, სამირ ჰანდანოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია. საგულისხმოა, რომ ორივე გოლი საწყის 25 წუთში გავიდა და ორივეჯერ მცველებმა საკუთარი კარი დალაშქრეს. ერთი სიტყვით, თავდამსხმელებმა ვერ ივარგეს დამაგვირგვინებელ ფაზაში, თორემ მცველებს "კარგად" ჰქონდათ მიზანი გასწორებული...

მატჩის შემდეგ "ინტერის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი გაბრაზებული გახლდათ: "უკმაყოფილო ვარ როგორც შედეგით, ისე თამაშის ხარისხით. უმაღლესი კლასის თავდამსხმელები გვყავს, რომლებმაც მეტი გოლი უნდა გაიტანონ, რადგან უკანა ხაზი ყოველთვის ვერ შეინახავს კარს "მშრალად". არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ. ლიდერის პოზიცია დავთმეთ, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლის" მორიგი ტრიუმფი
"ნაპოლიმ" "სასუოლოსთან" საშინაო მატჩი მძიმედ დაიწყო, რადგან ჯერ კიდევ მე-3 წუთზე თერთმეტმეტრიანი "აიკიდა" და გოლი გაუშვა. მაურიციო სარის შეგირდები მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაში, არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს და მე-19 წუთზე გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - ლორენცო ინსინიეს შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ხოსე კალეხონმა იხეირა.

მეორე და მესამე გოლები გონსალო იგუაინის ანგარიშზეა, რომელიც ორივეჯერ ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და საშუალო დისტანციიდან გაისროლა - საბოლოოდ, 3:1 ნეაპოლელთა სასარგებლოდ...

"ნაპოლიმ" მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და თანაც, იგრძნობა, რომ ამ გუნდს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. თუ სამხრეთელებმა ტემპი არ დააგდეს, სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსს" ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ.

მატჩის შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა მაურიციო სარიმ შეგირდებს მადლობა გადაუხადა თავდადებული თამაშისთვის და დასძინა, რომ როგორც მთლიანად მის გუნდს, ისე კონკრეტულად გონსალო იგუაინს, კიდევ უკეთ შეუძლიათ თამაში. აქვე ვთქვათ, რომ იგუაინს 20 თამაშში ამდენივე გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია - არგენტინელმა ფორვარდმა ნამატჩევს ამბიციური განცხადება გააკეთა:

"გამარჯვება გულშემატკივრებს ეძღვნებათ, რომლებმაც მხურვალედ გვიქომაგეს და რომლებსაც ბოლომდე სჯერათ ჩვენი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სკუდეტო მოვიგოთ, მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენი მიზანი ყოველი კონკრეტული თამაშისთვის მზადებაა. "ნაპოლი" ასეთი ძლიერი დიეგო მარადონას შემდეგ არ ყოფილა და შესაბამისად, დადგა დრო, რომ დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვემ" დანდობა არ იცის
"იუვენტუსი" უდინეში ჩავიდა და იქაურ "უდინეზეს" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი პაულო დიბალას ანგარიშზეა, თითო გოლი კი სამი ხედირამ და ალექს სანდრომ მიითვალეს აქტივში. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა და მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა. მით უმეტეს, ჯერ კიდევ 25-ე წუთზე "უდინეზეს" დანილო გაუძევეს და ნათელი გახდა, რომ კაცნაკლული მასპინძელი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას მრისხანე სტუმარს.

"იუვენტუსმა" მიჯრით მეათე მატჩი მოიგო და რადგან "ინტერმა" ქულები დაკარგა, სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიცია. ტურინული გრანდი მეორე ადგილზეა, "ნაპოლის" კუდზე აზის და ნელ-ნელა მდევრებს შორდება. მოკლედ, სეზონის სტარტზე ჩამოწერილი "ვეკია სენიორა" ბრწყინვალე ფორმაშია და სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად ითვლება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რომას" ვერც სპალეტიმ უშველა
"რომამ" ჩემპიონატის უპირობო აუტსაიდერს, "ვერონას" უმასპინძლა და, წესით, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უნდა მოეგო. მით უმეტეს, დედაქალაქურ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც წარმატებული დებიუტისთვის უკეთესი მეტოქე, უბრალოდ, ვერ შეხვდებოდა - თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სერია A პროგნოზებს ნაკლებად ექვემდებარება და სიურპრიზის შემოთავაზება ნებისმიერ გუნდს შეუძლია.

"რომამ" პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა ანგარიში, როდესაც რაჯა ნაინგოლანმა გაიბრწყინა, თუმცა მეორე ნახევრის შუაწელს ჯამპაოლო პაცინისგან საპასუხო გოლი მიიღო და საბოლოოდ, ფრე - 1:1. აქვე ვთქვათ, რომ პაცინიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა თავი. ერთი სიტყვით, "რომას" კრიზისი გრძელდება და ლუჩანო სპალეტის რომ დიდი სამუშაო აქვს შესასრულებელი, ცხადზე უცხადესია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XX ტური
16 იანვარი
ატალანტა-ინტერი 1:1
გოლები: 1:0 მურილიო (17-ს. კ.), 1:1 ტოლოი (25-ს. კ.)
ატალანტა (3-5-2): სპორტიელო - ტოლოი, მაზიელო, კერუბინი - კონტი (74. ბელინი), დე რუნი, კურტიჩი (82. მილიაჩო), ჩიგარინი, დრამე - გომესი (85. დიამანტი), მონაკელო
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მირანდა, მურილიო, ტელესი (70. ბიაბიანი) - ბროზოვიჩი, მედელი, გუარინი (58. პერიშიჩი) - ლიაიჩი - იოვეტიჩი (84. პალასიო), იკარდი
გაფრთხილება: ტოლოი, ჩიგარინი, გომესი, მონაკელო - დამბროზიო, გუარინი, ბროზოვიჩი, იოვეტიჩი, ბიაბიანი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13-9 (5-2); ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 24 000

ტორინო-ფროზინონე 4:2
გოლები: 1:0 იმობილე (9-პენ.), 1:1 სამარკო (33), 2:1 ბელოტი (37), 3:1 ბელოტი (41), 3:2 აველარი (74-საკ. კარში), 4:2 ბენასი (82)
ტორინო (3-5-2): იჩაზო - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - პერესი (76. ძაპაკოსტა), ვივესი, ბენასი, ბაზელი (71. ასკუა), მოლინარო (66. აველარი) - იმობილე, ბელოტი
ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, ბერტონჩინი (67. მ. ჩოფანი), აიეტი, პავლოვიჩი - სამარკო, გუჩერი (67. ფრარა), კრაგლი (83. დ. ჩოფანი) - ტონევი, სოდიმო, დიონისი
გაფრთხილება: მოლინარო - ბერტონჩინი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-11 (6-7); ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 18 000

ნაპოლი-სასუოლო 3:1
გოლები: 0:1 ფალჩინელი (3-პენ.), 1:1 კალეხონი (19), 2:1 იგუაინი (42), 3:1 იგუაინი (90)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კირიკეში (68. კულიბალი), გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (87. დავიდ ლოპესი) - ინსინიე (77. მერტენსი), კალეხონი, იგუაინი
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, არიაუდო, აჩერბი, პელუზო - მანიანელი, მისიროლი (16. პელეგრინი), დანკანი - სანსონე, პოლიტანო (68. ფლორო ფლორესი - 83. დეფრელი), ფალჩინელი
გაფრთხილება: აჩერბი (სასუოლო)
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10-5 (3-2); ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 48 000

17 იანვარი
ჯენოა-პალერმო 4:0
გოლები: 1:0 სუსო (3), 2:0 პავოლეტი (71), 3:0 რინკონი (75), 4:0 პავოლეტი (88)
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო, ბურდისო, მუნიოსი - ანსალდი, ლაქსალტი, რინკონი (78. ჯემაილი), რიგონი - სუსო (60. კაპელი), პეროტი (90. პანაიოტისი), პავოლეტი
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ანდელკოვიჩი, გონსალესი, გოლდანიგა - ლაზაარი (90. პეცელა), ჰილემარკი, მატო, მორგანელა, კრისტანტე (70. ბალოგი) - ვასკესი, ჯურჯევიჩი (62. ჯილარდინო)
გაფრთხილება: ბურდისო, რიგონი - გონსალესი, გოლდანიგა
გაძევება: ანდელკოვიჩი (65. პალერმო)
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 14-6 (8-2); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 22 000

ბოლონია-ლაციო 2:2
გოლები: 1:0 ჯაკერინი (2), 2:0 დესტრო (18), 2:1 კანდრევა (71-პენ.), 2:2 ლულიჩი (76)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - როსეტინი, გასტალდელო (62. ფერარი), ოიკონომო, მაზინა - ტაიდერი, დიავარა, ბრიგი - მუნიერი, ჯაკერინი (71. ცუნიგა), დესტრო (85. ფლოკარი)
ლაციო (4-3-3): ბერიშა - კონკო, მაურისიო, ჰოედტი, რადუ - პაროლო (46. ლულიჩი), ბილია, სავიჩი - კანდრევა (82. ანდერსონი), კეიტა, ჯორჯევიჩი (86. კლოზე)
გაფრთხილება: დესტრო - მაურისიო, ბილია
გაძევება: მაზინა (69. ბოლონია)
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-9 (4-5); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 22 000

კარპი-სამპდორია 2:1
გოლები: 1:0 ლოლო (27), 1:1 კორეა (33), 2:1 მბაკოგუ (55-პენ.)
კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ძაკარდო, რომანიოლი, გალიოლო, ლეტიცია - პაშუტი, კოფიე, ბიანკო (61. ლაზანია), დი გაუდიო (66. კრიმი) - ლოლო - მბაკოგუ (76. მანკოზუ)
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - პერეირა (64. კარბონერო), სილვესტრი, ზუკანოვიჩი, რეჯინი - სორიანო, ფერნანდო, ბარეტო (63. მურიელი) - ედერი, კორეა (80. ალეჰანდრო), კასანო
გაფრთხილება: კოფიე - სორიანო
გაძევება: გალიოლო (86. კარპი).
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 24-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-11 (6-6); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 10 000

კიევო-ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 პალოსკი (7), 1:1 ტონელი (47)
კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, დაინელი, ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, პეპე (72. მპოკუ) - ბირსა (42. პინცი) - ინგლეზე, პალოსკი (82. პელისიერი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი, ბარბა, ტონელი, მარიო რუი - ზელინსკი (88. ბიტანტე), პარედესი, კროჩე - კრუნიჩი (60. კრუნიჩი) - პუჩარელი (82. პიუ), მაკარონე
გაფრთხილება: ცეზარი, ბირსა, პინცი - ბარბა, პარედესი, კრუნიჩი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 15-10 (5-5); ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 10 000

რომა-ვერონა 1:1
გოლები: 1:0 ნაინგოლანი (41), 1:1 პაცინი (61-პენ.)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ტოროსიდისი (73. იაგო), მანოლასი, კასტანი (66. რუდიგერი), დინე - პიანიჩი, დე როსი - სალაჰი, ნაინგოლანი, ფლორენცი - ჯეკო
ვერონა (3-4-3): გოლინი - ბიანკეტი (46. ალფრედსონი), ჰელანდერი, მორასი - სალა, გრეკო, იონიცა, ემანუელსონი (46. ფარესი) - ვსზოლეკი (73. ტალები), რებიჩი, პაცინი
გაფრთხილება: გრეკო, სალა (ვერონა)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14-8 (3-3); ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 45 000

უდინეზე-იუვენტუსი 0:4
გოლები: 0:1 დიბალა (15), 0:2 ხედირა (18), 0:3 დიბალა (26-პენ.), 0:4 სანდრო (42)
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე (55. ერტო), დანილო, ფელიპე - ვიდმერი, ბადუ, იტურა, ლოდი, ედენილსონი - ტერო (70. ფერნანდესი), დი ნატალე (60. საპატა)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - რუგანი, ბონუჩი, კიელინი (58. კასერესი) - ლიხტშტაინერი (80. პადოინი), ხედირა, მარკიზიო, ასამოა, სანდრო - დიბალა (66. მორატა), მანჯუკიჩი
გაფრთხილება: ბადუ - კიელინი
გაძევება: დანილო (25. უდინეზე)
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9-12 (3-10); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 24 000

მილანი-ფიორენტინა 2:0
გოლები: 1:0 ბაკა (4), 2:0 ბოატენგი (88)
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ჰონდა, მონტოლივო (70. კუცკა), ბერტოლაჩი, ბონავენტურა - ბაკა (87. ბალოტელი), ნიანგი (79. ბოატენგი)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - რონკალია, ტომოვიჩი, ასტორი - ბერნარდესკი, სუარესი (66. როსი), ბადელი, ალონსო (76. პასკუალი) - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (83. ბაბაქარი) - კალინიჩი
გაფრთხილება: ბერტოლაჩი, ბაკა - ტომოვიჩი, სუარესი, ვესინო, კალინიჩი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 5-10 (3-1); ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 45 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 20 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 11 - მარტინს ედერი (სამპდორია), პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა); 9 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა).

გადადებული მატჩი
20 იანვარი:
სასუოლო-ტორინო

მომდევნო ტური
23 იანვარი:
ფროზინონე-ატალანტა, ემპოლი-მილანი

24 იანვარი:
ფიორენტინა-ტორინო, სასუოლო-ბოლონია, ინტერი-კარპი, ლაციო-კიევო, ვერონა-ჯენოა, სამპდორია-ნაპოლი, პალერმო-უდინეზე, იუვენტუსი-რომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული