კურიოზი სიცილიურად: ვინ არის "პალერმოს" მწვრთნელი?

AutoSharing Option
რბილად, რომ ვთქვათ, უცნაური კაცია "პალერმოს" პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი, რომელმაც კიდევ ერთი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და გუნდის მთავარ მწვრთნელად ჯოვანი ტედესკო დანიშნა.

აქვე ვთქვა, რომ დაახლოებით 3 კვირის წინათ სიცილიურ გუნდს ჯერ კიდევ დავიდე ბალარდინი წვრთნიდა, რომელიც შემდეგ ფაბიო ვივიანიმ შეცვალა, რომელსაც ერთი თამაში დასცალდა, დღეს კი გუნდს ფორმალურად ტედესკო წვრთნის, თუმცა, რა ხდება სინამდვილეში, კაცმა არ იცის. მივყვეთ თანმიმდევრობით...

მიმდინარე სეზონი "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავიდე ბალარდინიმ დაიწყო, თუმცა მწვრთნელს და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა ვერ აეწყო, იანვრის დასაწყისში კი
კონფლიქტმა კულმინაციას მიაღწია და ვითარება ჩიხში შევიდა. შედეგად, 10 იანვარს, "ვერონასთან" შეხვედრა სიცილიურმა გუნდმა, ფაქტობრივად, უმწვრთნელოდ ჩაატარა, შემადგენლობა კი თვითონ ფეხბურთელებმა შეარჩიეს.

ამის შესახებ ღიად ისაუბრა გუნდის გამოცდილმა მეკარემ და კაპიტანმა სტეფანო სორენტინომ. მისივე თქმით, მოთამაშეებს აღარ სურდათ ბალარდინისთან თანამშრომლობა და მისი გუნდიდან გაშვება მოითხოვეს. ერთი ხანობა, კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი უარზე დადგა და განაცხადა, რომ ბალარდინის გაშვებას არ აპირებდა, თუმცა მეორე დღეს ფეხბურთელთა ნებას დაჰყვა და ახალ მწვრთნელად ფაბიო ვივიანი წარადგინა.

როგორც აღვნიშნეთ, ვივიანის მხოლოდ ერთი მატჩი დასცალდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის დაინიშნა "პალერმოს" მწვრთნელად, სერია A-ს ორმა ტურმა ჩაიარა. საქმე ისაა, რომ ბოლო ტურში ვივიანი აღარ გაუძღვა გუნდს მინდორზე და ფეხბურთელებმა ისევ თავისით ითამაშეს. როგორც იტალიურ სპორტულ პრესაში იწერება, გასულ უქმეებზე, "უდინეზესთან" შეხვედრაში შემადგენლობა კაპიტანმა სტეფანო სორენტინომ დაასახელა და სწორედ ის იყო მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი.

მოკლედ, "პალერმომ" მეორე თამაში ჩაატარა მწვრთნელის გარეშე და ცნობისთვის, ორივე მოიგო - პირველ შემთხვევაში, "ვერონა" დაამარცხა გასვლაზე, ხოლო მეორეჯერ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "უდინეზე".

რა იქნება მომავალში? - ამჟამად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტედესკოა და ეს სულ ახალი ამბავია. ტედესკოს სამწვრთნელო კვალიფიკაციაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან აქამდე მისი ყველაზე ძლიერი გუნდი მალტური "ბირკირკარა" იყო.

თავის დროზე, ტედესკო "პალერმოში" თამაშობდა და როგორც ჩანს, ძამპარინისთან ძველი მეგობრობა აკავშირებს. როგორც იტალიურ სპორტულ პრესაში იწერება, "პალერმოს" პრეზიდენტს ტედესკო მხოლოდ ფორმალურად სჭირდება გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რეალურად კი ამ საქმეს არგენტინელი გილიერმო სკელოტო შეასრულებს.

ეს უკანასკნელი ბოლოს არგენტინულ "ლანუსს" ედგა სათავეში, მაგრამ იტალიაში სამუშაოდ შესაბამისი არც ლიცენზია აქვს და ვერც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ძამპარინი სკელოტოს გუნდის სპორტულ დირექტორად გააფორმებს, ამ თანამდებობის პირს კი სათადარიგოთა სკამზე ჯდომის უფლება აქვს.

საგულისხმოა ისიც, რომ სკელოტოს სპორტულ დირექტორად დანიშვნასაც გარკვეული საბუთების მომზადება სჭირდება და ჯერ არც ეს საკითხია მოგვარებული.

მოკლედ, ამ წუთისთვის "პალერმოს" ჰყავს მწვრთნელი, რომელმაც მწვრთნელის მოვალეობა არ უნდა შეასრულოს; ის კაცი, რომელმაც მწვრთნელობა უნდა იტვირთოს, სპორტულ დირექტორად უნდა გაფორმდეს და ეს საკითხი ჯერ მოგვარების პროცესშია. ვინ უთავკაცებს გუნდს სერია A-ს მომდევნო შეხვედრაში "კარპის" წინააღმდეგ? - ალბათ, ისევ მეკარე სტეფანო სორენტინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული