რა შეიცვალა "რომაში" სპალეტის მისვლის მერე

AutoSharing Option
სერია A-ს 24 ტური "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული მატჩით დასრულდა, რომელშიც "რომამ" "სამპდორიას" უმასპინძლა და დამაჯერებლად სძლია მეტოქეს - 2:1. დიახ, დამაჯერებლად და ეს მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ამის თქმის საფუძველს არ გვაძლევს.

"რომა" მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა და გაცილებით დიდი ანგარიშით შეეძლო მოგება. მოკლედ, მატჩის მსვლელობისას, ნაკლებად გაგიჩნდებოდათ იმის განცდა, რომ "რომას" ქულების დაკარგვა შეეძლო.

ლუჩანო სპალეტის ხელში "რომა" უკეთ ათამაშდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელს საკადრო პრობლემები აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ედინ
ჯეკო არაა ბოლომდე ჯანმრთელი და განვლილ პაექრობაშიც მხოლოდ 25 წუთი ითამაშა. მიუხედავად ამისა, "ჯალოროსი" კარგად თამაშობს, სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს და შედეგებიც გაცილებით უკეთესი აქვს, ვიდრე რუდი გარსიას დროს.

ახალი ტანდემი
ლუჩანო სპალეტის არ სჭირდება სეიდუ დუმბია და ჟერვინიო, იაგო ფალკეს კი ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. სამაგიეროდ, სრული ნდობა აქვთ სტეფან ელ შაარავის და დიეგო პეროტის. პირველი "მილანიდან" აიყვანეს იჯარით, ხოლო მეორე - "ჯენოადან".

იტალიელი და არგენტინელი შემტევები შესანიშნავად ჩაეწერნენ ახალ გუნდში და უკვე შეაყვარეს თავი გულშემატკივრებს. ელ შაარავის ანგარიშზე ორი გოლია, პეროტიმ კი სწორედ "სამპდორიასთან" მატჩში გამოიჩინა თავი და გახსნა კიდეც ანგარიში. აღსანიშნავია, რომ პეროტის საგოლე პასი სტეფან ელ შაარავიმ გაუკეთა. გენუელებთან მატჩის შემდეგ პეროტი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა და აქვე მისი კომენტარი:

"ვგრძნობ, რომ მწვრთნელი მენდობა, ეს კი ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. "რომაში" საუცხოო მოთამაშეები არიან შეკრებილნი და მთავარია, რომ ამ ძალას სწორი მიმართულება მიიეცეს, რაც სპალეტის კარგად გამოსდის. "სამპდორიაში" შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ჩვენ უკეთ გავისარჯეთ და დამსახურებულად მოვიგეთ".

სპალეტის ოპტიმიზმი
ჟურნალისტებთან ლუჩანო სპალეტიც აქტიურად ურთიერთობს და კომენტარებსაც ხშირად აკეთებს. "რომას" მესაჭემ შეგირდები კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ნამდვილად შეუძლია:

"დაკარგული უნდა ავინაზღაუროთ და სამეულში შევიდეთ, რათა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ. ჩვენი გულშემატკივრები იმსახურებენ უკეთეს "რომას" და ისინი მიიღებენ მას. ფეხბურთელები საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, რაც წარმატების უმთავრესი საწინდარია. ბევრს ხუმრობენ, რომ გუნდში არა მარტო იმპერატორი, უკვე ფარაონიც გვყავს და უბრალოდ აღარ გვაქვს უფლება, რომ დიდ მიზნებს არ შევეჭიდოთ".

"რომას" მართლაც ჰყავს იმპერატორი და ფარაონი – პირველი ფრანჩესკო ტოტია, ხოლო მეორე, სტეფან ელ შაარავი. ეს უკანასკნელი მამით ეგვიპტელია და "პატარა ფარაონსაც" ამიტომ ეძახიან. ისე, "რომაში" მოჰამედ სალაჰის სახით, კიდევ ერთი ეგვიპტელია და გამოდის, რომ "რომას" რომაულ-ეგვიპტური თავდასხმა ჰყავს, დაცვაში კი ბერძნები სჭარბობენ. მოკლედ, "ჯალოროსის" ერთი-ორი ფინიკიელი ან შუმერი ნამდვილად არ აწყენდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული