ჯუზეპე მაროტა: ალეგრი ჩვენთან რჩება

AutoSharing Option
"იუვენტუსი" შესანიშნავ ფორმაშია, სერია A-ში მიჯრით 14 მატჩი აქვს მოგებული და გაჩერებას არ აპირებს. თუმცა, მომდევნო ტურში ტურინს თვით "ნაპოლი" სტუმრობს, რომელსაც თავის მხრივ, ზედიზედ 8 მატჩი აქვს მოგებული, ბრწყინვალე ფორმაშია და ამად არის, რომ სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.

ამასობაში, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ "იუვეს" მთავარ მწვრთნელთან ლონდონის "ჩელსიმ" წამოიწყო მოლაპარაკებები და დიდია შანსი, რომ მომდევნო სეზონიდან მასიმილიანო ალეგრი ინგლისში გადაბარგდეს. ამ თემაზე ტურინული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"სეზონის გადამწყვეტი ეტაპია და ასეთ დროს ალეგრის
შესაძლო წასვლაზე აგორებული აჟიოტაჟი გუნდზე ცუდად მოქმედებს. მასიმილიანოსთან მოქმედი კონტრაქტი გვაკავშირებს, რომელიც ამ ზაფხულს არ სრულდება, მის გაწყვეტას კი ნამდვილად არ ვაპირებთ. თვითონ ალეგრიმ გავრცელებულ ხმებს ჭორი და სპეკულაცია უწოდა. ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელსაც ვენდობით და მასთან განშორებას არ ვაპირებთ".

ალეგრი "ნაპოლისთან" თამაშზე ფიქრობს
მასიმილიანო ალეგრიმ "ჩელსიში" შესაძლო გადაბარგებაზე კომენტარი არ გააკეთა და შემდეგი განაცხადა:

"ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, დღეს კი მხოლოდ "ნაპოლისთან" მატჩზე ვარ კონცენტრირებული. წინ უაღრესად დაძაბული თამაში გველის, რომელსაც გულშემატკივრები განსაკუთრებულად ელოდებიან. ეს არ იქნება გადამწყვეტი მატჩი სკუდეტოსთვის, მაგრამ ჩვენ მას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. მაურიციო სარის მიმართ კარგის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან მის ხელში "ნაპოლი" შესანიშნავად ათამაშდა. სამხრეთელები დიდი ხანია ასეთ სიმაღლეზე არ ასულან და ეს ჩემპიონატს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის".

კიელინის ტრავმა
ჯორჯო კიელინიმ "ფროზინონესთან" მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმებამ კი ცხადყო, რომ 31 წლის მცველს დაახლოებით ორი კვირა მოუწევს უქმობა. შესაბამისად, ჯორჯო 13 თებერვალს დაგეგმილ "იუვენტუსი"-"ნაპოლის" ჯახს ყველა შემთხვევაში გამოტოვებს და არც ისაა გამორიცხული, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ვერ მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ "ვეკია სენიორას" მიუნხენის "ბაიერნთან" მოუწევს ჭიდილი, პირველი მატჩი კი ტურინში გაიმართება.

მასიმილიანო ალეგრიმ ამ თემაზეც გააკეთა მოკლე კომენტარი: "პერიოდულად, კიელინის მუხლი აწუხებს და ამჯერადაც ამ ტრავმამ შეახსენა თავი. სამწუხაროდ, "ნაპოლისთან" მატჩს გამოტოვებს და მას ღირსეული ჩანაცვლება სჭირდება. შესაძლოა, მისი პოზიცია დანიელე რუგანიმ დაიკავოს ან შტეფან ლიხტშტაინერი დავწიოთ უკან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული