როგორი იქნება მასიმილიანო ალეგრის ახალი "იუვენტუსი"?

AutoSharing Option
"იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და შესაბამისად, სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია.

ამასთან, მასიმილიანო ალეგრის გუნდი იტალიის თასის ფინალში გავიდა და იქაც, "მილანთან" დუელში ფავორიტად ითვლება. მოკლედ, დიდია შანსი, რომ "იუვემ" გაიმეოროს შარშანდელი შედეგი და იტალიაში დუბლი შეასულოს, მაგრამ სამაგიეროდ, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგაზე მოეცარათ ხელი.

თუ გასულ სეზონში, "იუვე" ფინალში გავიდა, წელს მერვედფინალით შემოიფარგლა და ნაადრევად გამოეთიშა გათამაშებას. მართალია, "იუვემ" დიდი ბრძოლა გაუმართა მიუნხენის "ბაიერნს" და სულ ცოტა დააკლდა წარმატების მისაღწევად, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ ტურინულ გრანდს აკლდა ის,
რაც "ბაიერნის" კალიბრის გუნდების დასამარცხებლად არის საჭირო და რამაც, გასულ სეზონში "ვეკია სენიორა" ფინალამდე მიიყვანა.

"იუვენტუსმა" ის რაღაც უნდა დაიბრუნოს, ამისთვის კი სწორი სატრანსფერო პოლიტიკაა საჭირო. მივყვეთ რგოლების მიხედვით და გავიგოთ, რა ცვლილებები იგეგმება მომდევნო სეზონისთვის ტურინულ გრანდში...

დაცვა
"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, დაცვის ხაზში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა გარკვეული სიახლეები იქნება. დიდი შანსია, გუნდი პატრის ევრამ დატოვოს, რომელიც უკვე 34 წლისაა და შეცდომებსაც უმატა, რისი ნათელი მაგალითიც მიუნხენის "ბაიერნთან" საპასუხო მატჩი იყო, როდესაც ბოლო წუთზე ბურთი მარტივად უნდა მოეგერიებინა, მან კი შენარჩუნება განიზრახა, დაკარგა და "იუვემ" საბედისწერო გოლი მიიღო. მოკლედ, ევრა, ალბათ, წავა, მის შემცვლელად კი მატია დე შილიო მოიაზრება.

ამ უკანასკნელ "მილანში" აღარ სწყალობენ და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა - არადა, სულ ახლო წარსულში, გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და იტალიის ნაკრებშიც რეგულარულად თამაშობდა. დე შილიოს ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში, კლასი არ დაეწუნება და როგორც ჩანს, ალეგრი მასზე აპირებს ფსონის გაკეთებას.

სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა, რადგან კლუბთან ხელშეკრულებები გაახანგრძლივესშტეფან ლიხტშტაინერმა და ანდრეა ბარძალიმ, ჯორჯო კიელინი რომ "იუვედან" წამსვლელი არაა, ცხადზე უცხადესია. ერთი ეგაა, რომ ლეონარდო ბონუჩის ჰყავს ბევრი მსურველი, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი", მაგრამ ტურინელები წამყვან მცველთან განშორებას არ აპირებენ.

ნახევარდაცვა
მიუხედავად იმისა, რომ პოლ პოგბა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერია, თუ რომელიმე კლუბი მასში კოლოსალურ თანხას გადაიხდის, მაგალითად 80 მილიონ ევროს, ტურინელები მას, ალბათ, აღარ დააკავებენ.

ლიონელ მესის გარდა, ალბათ ყველას თავისი ფასი აქვს და მათ შორის, პოლ პოგბასაც. სხვა მხრივ, ნახევარმცველებიდან "იუვენტუსის" დატოვებას არავინ აპირებს და რაც მთავარია, არც მასიმილიანო ალეგრის სურს ვინმესთან განშორება. ერთადერთი, ვისი ბედიც გასარკვევია, ერნანეში გახლავთ, რომელსაც პერიოდულად აქვს გამონათებები, მაგრამ მთლიანობაში, მაინც უჭირს შესაძლებლობების წარმოჩენა.

ვინ უნდა დაიმატოს "იუვემ" ნახევარდაცვაში, რომ ის ვაკუუმი შეავსოს, რაც გასული სეზონიდან დარჩა? - ფაქტია, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ვერ შეავსო ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის წასვლით დატოვებული სიცარიელე და ეს პრობლემა მომდევნო სეზონისთვის აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ტურინელთა მთავარი სამიზნე ისკო იქნება, რომელიც ვერაფრით გაიხსნა მადრიდის "რეალში" და დიდია შანსი, რომ თავადაც მოისურვოს გარემოს შეცვლა. "იუვენტუსის" მესვეურებს კიდევ ორ ფეხბურთელზე აქვთ თვალი დადგმული - ერთი აქსელ ვიტსელი გახლავთ "ზენიტიდან" და მეორე, რობერტო სორიანო "სამპდორიადან".

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცბით, სორიანო უფრო ალტერნატიული ვარიანტია, ისკოს და ვიტსელის გადაბირება კი პრიორიტეტი იქნება და სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა უნდა შეავსოს ხსენებული ვაკუუმი მოედნის ცენტრში.

თავდასხმა
დიდი შანსია, რომ მადრიდის "რეალმა" ალვარო მორატა გამოისყიდოს და ამას უკვე აღარც თავად ფეხბურთელი მალავს. 23 წლის ესპანელი მუდმივად იმას ამბობდა, რომ ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ ბოლო კომენტარი განსხვავებული გახლდათ და არ გამორიცხა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იყოს ტურინულ გრანდში.

ითქვა იმის შესახებაც, რომ "რეალი" მორატას 30 მილიონ ევროდ გამოისყიდის და შემდეგ, ლონდონის "არსენალში" 50 მილიონად გაყიდის. მოკლედ. მორატას წასვლის ალბათობა მაღალია და ფაქტია, რომ ზაფხულში ტურინელებს შეტევის გაძლიერება მოუწევთ.

"იუვენტუსის" მთავარი სამიზნე ედინსონ კავანია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. ლორან ბლანი გუნდს ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ათამაშებს, ეს როლი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩს აკისრია და შესაბამისად, 29 წლის ურუგვაელი თამაშგარეში რჩება. "იუვეში" გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს და ეს მისმა აგენტმა ფერნანდო გუგლემონმა დაადასტურა:

"კავანის და იბრაჰიმოვიჩს შორის არსებული კლონფლიქტის შესახებ გავრცელებული ცნობები ტყუილია, მაგრამ იმასაც ვერსად გავექცევით, რომ ედინსონს პარიზში ყველაფერი არ აკმაყოფილებს. ამიტომ, დიდია შანსი, რომ ზაფხულში გუნდი გამოიცვალოს. "იუვენტუსი" კარგი ვარიანტია და გავიგე, რომ ტურინელებს აქვთ ინტერესი. ვფიქრობ, ედინსონი იტალიაში დაბრუნებაზე უარს არ იტყვის. ჩემი აზრით, კავანის და დიბალას ტანდემი საუკეთესო იქნება ევროპაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული