საშინელი უქმეები იტალიაში - "სკუადრა აძურას" საძირკველი გამოეცალა

AutoSharing Option
"საშინელი უქმეები იტალიაში" - სწორედ ასე დაასათაურა "კორიერე დელო სპორტმა" სტატია, რომელიც კლაუდიო მარკიზიოს ტრავმას ეხება.

ასეთ დროს, თითქოს, მეორეხარისხოვანია, თუ რამდენი ქულით გაიჭრა წინ "იუვენტუსი", როგორ ჩამორჩა მას "ნაპოლი" და დარჩა თუ არა "ინტერს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი - ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ იტალიის ნაკრებმა ერთ-ერთი ლიდერი და საკვანძო ფიგურა დაკარგა.

"იუვენტუსი"-"პალერმო" 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მარკიზიომ ტრავმა მიიღო, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და საკაცით დატოვა მოედანი. თავიდანვე ჩანდა, რომ 30 წლის ნახევარმცველი მძიმედ დაშავდა, მოგვიანებით
კი გაცხადდა, რომ კლაუდიომ ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა.

უახლოეს დღეებში, მარკიზიოს ოპერაციას გაუკეთებენ, რასაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი უნდა მოჰყვეს. ცნობილია, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ სრულფასოვნად გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 თვე სჭირდება. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მარკიზიო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

"იუვენტუსს" მორიგ სკუდეტომდე აღარაფერი უკლია და მიზანს კლაუდიოს გარეშეც მიაღწევს, აი, იტალიის ნაკრებისთვის კი ეს უდიდესი დანაკლისია. ამ თემაზე კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა და მას არც სხვები ჩამორჩნენ.

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრები): "ტრავმა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ გინდა, რომ ბედს შეურიგდე. მარკიზიო ნაკრებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია და უნდა ვაღიაროთ, რომ მისი შეცვლა ურთულესი იქნება. მინდა, კლაუდიოს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო ძლიერი დაუბრუნდება მოედანს".

ჯუზეპე მაროტა ("იუვენტუსის" სპორტული დირექტორი): "კლაუდიო ძლიერი ნებისყოფის პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უკეთესი დაგვიბრუნდება. "იუვენტუსში" არიან ფეხბურთელები, რომლებიც ხელშეუხებელთა კატეგორიას მიეკუთვნებიან და სწორედ მათ რიგებშია მარკიზიო. სარეაბილიტაციო კურსს ყურადღებით დავაკვირდებით და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ფეხბურთელი მალე გამოჯანმრთელდეს".

ანდრეა პირლო: "მალე დაბრუნდი, მეგობარო, რადგან შენ თანაბრად სჭირდები როგორც "იუვენტუსს", ისე იტალიის ნაკრებს. ვიცი, რას განიცდი, მაგრამ მჯერა შენი მტკიცე ხასიათის და ისიც ვიცი, რომ ამ დარტყმას გაუძლებ. უბრალოდ, არ გაქვს უფლება, რომ კიდევ უფრო ძლიერი არ დაბრუნდე".

"მილანის" ოფიციალური განცხადება: "გვჯერა, რომ "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო წარმატებით გაივლის სარეაბილიტაციო კურსს და მალე დაუბრუნდება მოედანს. ყველაფერი საუკეთესო შენ, კლაუდიო და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უკეთესად ითამაშებ".

მარკიზიოს პირველი კომენტარი
უმძიმესი ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა და სოციალურ ქსელში გაავრცელა:

"სახლში სულ ახალი დაბრუნებული ვარ, ექიმების დიაგნოზი კი ჩემთვის დიდი დარტყმაა, თუმცა რას ვიზამთ, ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. დიდ ძალას ვგრძნობ და მჯერა, რომ მალე დავუბრუნდები მოედანს. მიხარია, რომ "პალერმო" დავამარცხეთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით დიდ მიზნამდე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული