მასიმილიანო ალეგრი: "იუვეს" პოგბას გაყიდვის გარეშეც გავაძლიერებთ

AutoSharing Option
რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მით უფრო ხშირად საუბრობენ სატრანსფერო სიახლეებზე, ერთ-ერთი აქტუალური თემა კი პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგებაა.

23 წლის ფრანგი ნახევარმცველი ევროპული ფეხბურთის გრანდებს სურთ და მასში კოლოსალურ თანხებს იხდიან. ზოგადად, "იუვენტუსის" სატრანსფერო გეგმები დიდ ინტერესს იწვევს. ამ და სხვა თემებზე, ჟურნალისტები "ვეკია სენიორას" თავკაცს, მასიმილიანო ალეგრის გაესაუბრნენ.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ "იუვენტუსი" უკვე ჩემპიონია?
- საჩემპიონო ინტრიგა ჯერ ცოცხალია და იქამდე არ მოკვდება, სანამ სკუდეტოს ოფიციალურად არ გავიფორმებთ. მიზანთან ძალიან ახლოს ვართ, ეს ფაქტია, მაგრამ ბრძოლა კიდევ
მოგვიწევს.

- "იუვენტუსი" სუსტი კონკურენტების ხარჯზე ხდება ჩემპიონი?
- თითოეული ქულა დიდი შრომის ფასად გვიჯდება და ასეთ ფორმულირებას ვერაფრით დავეთანხმები. "ნაპოლიმ" შესაძლოა, ჩემპიონატი 85 ქულით დაასრულოს, ჩვენ კი მინიმუმ ერთით მეტი უნდა გვქონდეს. ფიქრობთ, რომ ამ რაოდენობის ქულების მოგროვება ადვილია?

- რა გირჩევნიათ, 100 მილიონი ევრო თუ პოლ პოგბა?
- პირადად მე პოლ პოგბას შენარჩუნებას ვამჯობინებდი და იმედია, ეს ასეც იქნება. "იუვეს" მიზანი გაძლიერება უნდა იყოს და არა წამყვან ფეხბურთელებთან განშორება.

- თუმცა, 100 მილიონ ევროდ შეიძლება, რომ ერთი ფეხბურთელის წასვლით გამოწვეული დანაკლისი შეავსო და კიდევ უფრო გაძლიერდე...
- პოგბა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ის ჩვენი მომავალია და შესააბამისად, მასთან განშორება არ მსურს. გაძლიერება ისედაც შეიძლება, პოლის გასხვისების გარეშე.

- ამბობენ, რომ შესაძლოა, მანჯუკიჩი გერმანიაში დაბრუნდეს, მორატა "რეალში", ხოლო ძაძა "მილანში" გადავიდეს. ვინ გრჩებათ თავდასხმაში?
- ჩემი სურვილია, რომ დარჩეს როგორც მანჯუკიჩი, ისე მორატა და ძაძა. ვფიქრობ, ეს ხმები უბრალოდ ჭორებია და მეტი არაფერი. არის გარკვეული პრობლემები მორატასთან დაკავშირებით, რადგან "რეალს" მისი გამოსყიდვა შეუძლია, თუმცა მჯერა, რომ ეს საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

- შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ მომდევნო სეზონშიც "იუვენტუსის" მწვრთნელი იქნებით?
- კი, ნამდვილად ასეა. წასვლა რომ მდომოდა, ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე მივიღებდი და გავასაჯაროვებდი კიდეც. დღეს, სწორედ ასეთი ტენდენციაა, რადგან კლუბს უნდა ჰქონდეს დრო, რომ ახალი მწვრთნელი მშვიდად ეძებოს და არა ფორსირებულ რეჟიმში. ასე რომ, მე "იუვეში" ვრჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი მწვრთნელია მაგრამ ხანდახან ლეღვდება :)
0

სიახლეები პოპულარული