იტალიის ნაკრებს ევრო 2016-ის შემდეგ ჯამპიერო ვენტურა ჩაიბარებს

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ნაკრებს ჯამპიერო ვენტურა ჩაუდგება სათავეში.

68 წლის სპეციალისტი 2011 წლიდან "ტორინოს" ედგა სათავეში, იქამდე კი ბევრ გუნდს წვრთნიდა, მათ შორის, "სამპდორიას", "ვერონას", "კალიარის", "ბარის" და "ნაპოლის". განსაკუთრებული წარმატებისთვის არსად მიუღწევია, თუმცა ფიასკოც უცხოა მისთვის. მუშაობს სტაბილურად, მისი გამოცდილება და კვალიფიკაცია კი ეჭვს არ იწვევს.

"ტორინოში" ნიჭიერი ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელები შეკრიბა და კონკურენტუნარიანი გუნდი დააყენა. არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდში მხოლოდ ისეთი უცხოელი უნდა აიყვანო, რომლის წარმატებაში 100%
-ით ხარ დარწმუნებული - წინააღმდეგ შემთხვევაში, სჯობს ისევ ადგილობრივ ფეხბურთელებს დაეყრდნოო.

ამჟამად, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში "ტორინოს" არაერთი ფეხბურთელი თამაშობს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მათ, ალბათ, ეროვნულ გუნდშიც ვიხილავთ. როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელმაც სასწორი ვენტურასკენ გადახარა.

"გაძეტა" გვარწმუნებს, რომ ფედერკალჩოსა და მწვრთნელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, კონტრაქტის დეტალები კი - დადგენილი. ჯამპიერო ვენტურა "სკუადრა აძურას" 2 წლით ჩაუდგება სათავეში და შეეცდება, რომ 2018 წლის მუნდიალზე წარმატებას მიაღწიოს.

თუმცა, ჯერ იქ მოხვედრაა საჭირო, რადგან იტალიას შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან მოუწევს ჭიდილი. არადა, პირდაპირ მუნდიალზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის, მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი პლეი ოფში მოუწევს ასპარეზობა. მოკლედ, იტალიას წინ ურთულესი შესარჩევი ელის და ვენტურას დიდი წნეხის ქვეშ მოუწევს მუშაობა.

ითქვა ისიც, რომ ჯამპიერო ვენტურა იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისთვის, ანტონიო კონტეს წლიური გასამრჯელო 5 მილიონი ევროა. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ვენტურას ერთ-ერთი თანაშემწე ფაბიო კანავარო იქნება, ნაკრების კონსულტანტის როლს კი მარჩელო ლიპი მოირგებს. საინტერესო ტრიოა და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს მათი ერთობლივი გარჯა.

როგორც აღვნიშნეთ, ვენტურა "ტორინოს" 2011 წლიდან უდგას სათავეში და მთელ ამ პერიოდში, მისი გუნდი 3-5-2 ტაქტიკით ირჯება. ჯამპიერო იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც თითქმის არასდროს ცვლიან სქემას და ალბათ, ასე იქნება ეროვნულ ნაკრებშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული