როგორ აფასებს განვლილ სეზონს გუნდის მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? - ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
- "ინტერმა" ჩემპიონატი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა, სატურნირო ცხრილს სათავეში ედგა...
- მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა, მათ კი შესათამაშებლად დრო სჭირდებოდათ, ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ და ცხრილს სათავეში მოვექეცით. ეს ძალიან
- ხომ არ ფიქრობთ, რომ კრიზისი ფეხბურთელთა მუდმივმა როტაციამ გამოიწვია?
- თანამედროვე ფეხბურთში როტაცია აუცილებელია. ხომ ნახეთ, რა დაემართა "ბარსელონას", რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინავდა და რაღაც მომენტში გადაიწვა. ხშირად ვცვლიდი ფეხბურთელებს და თითოეულ მათგანს შეჰქონდა წვლილი გუნდის წარმატებაში. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა, რადგან ყველა თვლის, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვფიქრობ, როტაცია საჭიროა, კრიზისი კი სხვა მიზეზებმა განაპირობეს.
- თუმცა, პრესა სწორედ ამ როტაციის გამო გაკრიტიკებდათ...
- იტალიაში კრიტიკა მთავარი გასართობია და ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. მაგალითად, მაურიციო სარის აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ცოტა ცვლილებას აკეთებს. მიზეზი არ ილევა და ამას არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება.
- მიუხედავად კარგი სტარტისა, "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა...
- 67 ქულა დავაგროვეთ, რაც, როგორც წესი, საკმარისია საუკეთესო სამეულში მოსახვედრად. გადახედეთ სხვა ჩემპიონატებს, სადაც ქულათა ამ ოდენობით, გუნდებმა მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. ვფიქრობ, რომ იღბალმაც გვაქცია ზურგი და ასე დავრჩით ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მიღმა. სწორი მიმართულებით მივდივართ, გუნდი აუცილებლად გაძლიერდება და არა თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, სკუდეტოსთვის ვიბრძოლებთ.
- მარტში, კარგი შანსი გქიონდათ რომ სამეულს მიახლოვებოდით, მაგრამ "რომასთან" მატჩში ბოლო წუთებზე გაუშვით გამარჯვება ხელიდან...
- ის მატჩი რომ მოგვეგო, მესამე ადგილზე გასვლის შანსი მკვეთრად გაიზრდებოდა, მაგრამ საბედისწერო გოლი გავუშვით. ვფიქრობ, რომ "რომამ" დაიმსახურა ის გოლი, რადგან უპიურატესობით წარმართა შეხვედრა, ბოლო 20 წუთში კი რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა.
- რომელ თამაშს გამოარჩევდით გასულ სეზონში?
- კონკრეტული მატჩის გამორჩევა არ მსურს, ისე კი ბევრი კარგი თამაში გვქონდა. საგულისხმოა, რომ იმ გუნდებს, რომლებმაც ჩემპიონატი ჩვენზე მაღლა დაასრულეს, უმეტეს შემთხვევებში ვაჯობეთ და ქულებიც ავიღეთ. "იუვენტუსმა" ერთ მატჩში პირწმინდად დაგვჯაბნა, "ნაპოლის" და "რომას" კი არაფერი დავუთმეთ. ვფიქრობ, ეს ნათლად გვაჩვენებს, რომ სწორ გზას ვადგავართ.
- თუ არიან "ინტერში" ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც არ იმსახურებენ გუნდის მაისურის ტარებას?
- შეიძლება ფეხბურთელი მოედანზე ბრწყინავდეს, მაგრამ ის მაინც არ იმსახურებდეს ისეთ დიდ კლუბში ყოფნას, როგორიც "ინტერია". დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იქცევა მოთამაშე ვარჯიშებზე და მოედანს მიღმა.
"ინტერის" ისტორია 100 წელს ითვლის და აქ უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მათ სახელს კი პატივისცემა სჭირდება. დღეს, გუნდში ის ფეხბურთელები მყავს, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და რომლებსაც შემიძლია ვენდო.
- სეზონის ერთ-ერთი ჩავარდნა მილანურ დერბიში განადგურება იყო...
- მთლიანობაში, თანაბარი თამაში იყო, მაგრამ გოლები მეტოქემ გაიტანა და მოიგო კიდეც. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამ მარცხისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. "მილანი" დიდი გუნდია და მხოლოდ გამიხარდება თუ უახლოეს მომავალში, ჩვენი დაპირისპირება ძველ დიდებას დაიბრუნებს და საყოველთაო ინტერესს გამოიწვევს. "მილანი" და "ინტერი" სკუდეტოსთვის უნდა იბრძოდნენ და იმედია, ეს ასეც იქნება.
- თქვენი გათვლით, როდის დაიწყებს "ინტერი" ტიტულების მოგებას?
- როდესაც 2004 წელს "ინტერში" მივედი, გუნდში ნამდვილი ვარსკვლავები დამხვდნენ, თუმცა ჩვენ მაინც დაგვჭირდა ორი წელი იმისთვის, რომ ახალ სიმაღლეზე ავსულიყავით და ტიტულები მოგვეგო. დრო ამჯერადაც საჭიროა, თუმცა დღეს, ჩვენ გაცილებით ახლოს ვართ დიდ წარმატებებთან, ვიდრე სეზონის წინ. ამ ზაფხულს, 2-3 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი უნდა გადავიბიროთ, რაც მიზანს დაგვაახლოვებს.
- ანუ, მომდევნო სეზონში "ინტერისგან" სკუდეტოსთვის ბრძოლას უნდა ველოდოთ...
- ფეხბურთში პროგნოზების კეთება უმადური საქმეა და ეს არაერთხელ დამტკიცებულა. გასული სეზონის სტარტზე, ინგლისში ყველა ფიქრობდა, რომ პირველი მწვრთნელი, რომელსაც პოსტიდან გაათავისუფლებდნენ, კლაუდიო რანიერი იყნებოდა, მაგრამ რაც მოხდა, ვნახეთ. ამიტომ, პროგნოზებს მოვერიდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი: "ინტერი" სწორ გზას ადგას და მჯერა, რომ დიდი წარმატება ახლოსაა. დიახ, დროა ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"