კონტე 21-ე საუკუნეში გამოჩენილი ტაქტიკოსებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროპის ჩემპიონატზეც მისი იტალიის ნაკრები მშვენივრად გამოიყურებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტურინის "იუვენტუსზე", რომელიც მან რთული წლების მერე ფეხზე დააყენა და კრიზისი დააძლევინა.
"ჩელსი" უკვე გაძლიერდა ბელგიელი ფორვარდით, მიში ბატშუაით და ფრანგი საყრდენით, ნ'გოლო კანტეთი. პირველი ლონდონელებმა "მარსელს" წაართვეს, მეორე კი პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულ "ლესტერს".
სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე
კონტე ემოციური და ამბიციური კაცია, იგი პასუხისმგებლობას არ გაურბის და ამბობს, რომ ფანების მოლოდინისა ესმის და მათ მოსაზრებას იზიარებს. რასაკვირველია, მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ამას არ უნდა გავექცეთო.
ერთი სიტყვით, იტალიელს თავის დაზღვევის მიზნით ისეთი სტანდარტული განცხადებები არ გაუკეთებია, როგორსაც ხშირად აკეთებენ ხოლმე - რომ გუნდში სიტუაციის დალაგებას დრო სჭირდება და ტიტულებისთვის ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ ზედმეტი მოლოდინიც არ უნდა გვქონდესო. პირიქით, "იუვეს" ყოფილმა კაპიტანმა და მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "ჩელსი" თავის სიმაღლეზე უნდა დაბრუნდეს, თანაც დაუყოვნებლივ. შეგახსენებთ, რომ გუნდი წინა სეზონის პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.
"ისეთი დიდი გუნდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელს, როგორიც "ჩელსია", ბევრი მოეთხოვება. ამას არ და ვერ გავექცევით. ჩვენი მიზანი მარტივია - ყოველთვის მოსაგებად ვითამაშებთ და მოგებას შევეცდებით. ფანებმა შემართება უნდა დაინახონ" - თქვა კონტემ.
"ჩელსი" ახლა ამერიკის ტურნეშია, სადაც პასადენაში "ლივერპულთან" და მიჩიგანში მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებები აქვს წინ.
"იმ ერთკვირიანი პერიოდით, რაც მუშაობა დავიწყეთ, ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ. შესანიშნავი ატმოსფერო დამხვდა. ფეხბურთელებს ვატყობ შემართებას და დიდი დატვირთვით ვმუშაობთ, ყველა ბოლომდე იხარჯება. თუმცა იმისათვის, რომ ფეხბურთელებს ბოლომდე ავუხსნა და გავააზრებინო ჩემი იდეები, მცირე დრო იქნება საჭირო. არა მგონია, ეს პრობლემად იქცეს, რადგან ერთმანეთს უკვე კარგად ვუგებთ. ვემზადებით როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური კუთხით. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის" - დასძინა იტალიელმა თავკაცმა.
"ჩელსის" მცველი კურტ ზუმა: "ის დიდებული მწვრთნელია. ჩვენ ვნახეთ კონტე ევროპის ჩემპიონატზე და მან ძალიან, ძალიან კარგად იმუშავა. სტილი, რომლითაც სურს, რომ ვითამაშოთ, შესანიშნავია და მას უნდა ავყვეთ. ყველა ერთად უნდა დავდგეთ. კონტე ყველას ბევრ რჩევას აძლევს და ესეც ძალიან კარგია. მას ფეხბურთელებთან უშუალო და ახლო ურთიერთობა აქვს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"