მაურიციო სარის ექსპერიმენტი: შეცვლის მერტენსი იგუაინს?

AutoSharing Option
"ნაპოლის" ჯერაც ვერ უპოვია გონსალო იგუაინის ღირსეული შემცვლელი. საამისოდ, ახლა ორი გზაა დარჩენილი - აურელიო დე ლაურენტისმა ან ვიღაც უნდა იყიდოს, ან მაურიციო სარიმ უნდა იჯადოქროს და გუნდის რომელიმე ფორვარდი "გააიგუაინოს"...

ხუმრობა იქით იყოს და, იტალიური მედია ამტკიცებს - "ნაპოლის" მწვრთნელი აქტიურად განიხილავს ცენტრფორვარდის პოზიციაზე დრის მერტენსის გამწესებასო. 29 წლის ბელგიელმა გარემარბმა პირადად გადაარჩინა "ნაპოლი" მარცხს, როცა "პესკარასთან" პირველი ტურის საგარეო მატჩში (2:2, პირველი ტაიმის შემდეგ ნეაპოლელები 0:2 აგებდნენ) შეცვლაზე შევიდა და სამწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა.

სპეცილისტები ფიქრობენ, რომ მერტენსი
დღეს იმდენად კარგ ფორმაშია, აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს მარცხენა ფლანგზე, ლორენცო ინსინიეს ნაცვლად.

მაგრამ "კორიერე დელო სპორტი" ამტკიცებს, რომ მაურიციო სარი მერტენსის ცენტრფორვარდად გამოყენებას ფიქრობს და, ალბათ, ასეც მოიქცევა "მილანთან" შაბათის საშინაო მატჩში. ამ შემთხვევაში, სულაც აღარ იქნება საჭირო ინსინიეს ძირითადიდან ამოგდება.

რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტია. ექსპერიმენტი კი იმისაა, რომ ან გაამართლებს, ან - არა. თუმცა ცდას არაფერი უდგას წინ. ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა ბელგიელი "ნაპოლის" ახალ "გოლების მანქანად".

ძაძა არ გამოდის...
"ნაპოლის" უკავშირდება ეს ამბავიც - როგორც ჩანს, სიმონე ძაძა "სან პაოლოზე" არ ითამაშებს. 25 წლის ფორვარდიც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც პოტენციურად გონსალო იგუაინის შემცვლელი უნდა გამხდარიყო, მეტადრე მას მერე, რაც ძაძამ, რატომღაც, ბოლო მომენტში იუარა "ვოლფსბურგში" გადასვლა.

ამან "ნაპოლის" შანსები გაზარდა, მაგრამ გაჯიუტდა "იუვენტუსი", რომელიც იმდენად ბრიყვი არ არის, კონკურენტი გააძლიეროს ("ნაპოლიმ" რომ 90-მილიონიან ცდუნებას ვერ გაუძლო და იგუაინი სწორედ კონკურენტს დაუთმო, ეს კომერციის საკითხია).

ამიტომ მოხდება ის, რაც თავად ფეხბურთელსაც სურს და რაც ბოლო დღეებში გამოიკვეთა - პრემიერლიგა, სადაც ძაძას "ვესტ ჰემი" და "საუთჰემპტონი" ეპატიჟებიან. წინადადებები შემოსულია, ახლა ყველაფერი "იუვეზეა" დამოკიდებული.

მყარი გარანტია კასერესს
"ნაპოლი" ახლოსაა მარტინ კასერესის გადაბირებასთან. 29 წლის ურუგვაელი მცველი "იუვენტუსიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა. "რომა", "ფიორენტინა", "მილანი", "უდინეზე" - ეს ის კლუბებია, სადაც კასერესის ხილვას ისურვებდნენ, მაგრამ სამხრეთამერიკელს ისე მყარად არსად აძლევენ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას, როგორც - "ნაპოლიში".

3-წლიანი კონტრაქტი და წლიური 2 მილიონი ევრო ჯამაგირის სახით - ასეთია ნეაპოლელთა წინადადება. ვნახოთ, რას მოიფიქრებს კასერესი.

როგი გახსოვთ, როგი?
და კიდევ ერთი ამბავი "პართენოპეის" ბანაკიდან. მარკო როგი ხომ გახსოვთ ზაგრების "დინამოდან"? ახლახან ჩვენი "დინამოს" წინააღმდეგ რომ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში. ჰოდა, ეს 21 წლის ხორვატი ნახევარმცველი, ძალიან მაღალი ალბათობით, სწორედ "ნაპოლიში" ითამაშებს და ეს მოხდება მას მერე, რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"ნაპოლის" ეს სიამოვნება 15 მილიონი ევრო უჯდება. ოღონდ როგი "სან პაოლოზე" ჯერ მილიონნახევრიანი იჯარის საფუძველზე ითამაშებს, სეზონის ბოლოს კი იტალიური კლუბი ზაგრების "დინამოსგან" მას 13.5 მილიონ ევროდ გამოისყიდის. როგის ხელფასი დაახლოებით 800 ათასი ევრო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული