თუმცა, თამაში რთული გამოდგა და სამი ქულის მოსაპოვებლად "სკუადრა აძურას" დიდი ბრძოლა გადახდა - 55-ე წუთიდან მოყოლებული, იტალიის ნაკრები კაცნაკლული იყო, ისრაელი კი ანგარიშის გათანაბრებას ლამობდა და გაშმაგებით უტევდა.
უმნიშვნელოვანესი მოგება
როგორც ისრაელთან მატჩამდე ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, იტალიის ნაკრებისთვის შესარჩევი ეტაპის თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია. შესაძლოა, ბევრს ეს ფრაზა გადაჭარბებულად ეჩვენოს, მაგრამ თუ იტალიის ნაკრების ჯგუფს ჩავხედავთ და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფორმატს გავითვალისწინებთ, ბუფონის სიტყვები სრულიად ლოგიკურია. პირდაპირ მუნდიალზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გადიან, იტალიას კი ესპანეთთან უწევს კონკურენცია. მოკლედ, ან იტალიას, ან ესპანეთს პლეი-ოფში მოუწევთ ასპარეზობა, ეს კი მსოფლიო ფეხბურთის გრანდებისთვის არასასურველი პერსპექტივაა.
ისევ 3-5-2
როგორც მოსალოდნელი იყო, ჯამპიერო ვენტურა განაგრძობს ანტონიო კონტეს გზას და მისი იტალიაც 3-5-2 ტაქტიკით თამაშობს. შეტევაში ისევ მარტინს ედერი და გრაციანო პელე ვიხილეთ, დაცვაში "იუვენტუსის" ტრიო, შუა ხაზში კი ახალი სახეები გამოჩდნენ: მარკო ვერატი და ჯაკომო ბონავენტურა ცენტრში, ხოლო ლუკა ანტონელი ფლანგზე. ვენტურამ შეცვლებიც ლოგიკური გააკეთა - მას შემდეგ, რაც ჯორჯო კიელინი გააძევეს მოედნიდან, თამაშში ანჯელო ოგბონა ჩაერთო, ანტონიო კანდრევა ალესანდრო ფლორენციმ შეცვალა, ბოლოს კი ჩირო იმობილეც ჩაერთო თამაშში, რომელიც კონტრშეტევებზე მისწრებაა და შეძლო კიდეც თავის გამოჩენა...
აღსანიშნავია, რომ ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე, ვენტურა არ სწყალობს გარემარბებს - შესაბამისად, განაცხადს მიღმა დატოვა დომენიკო ბერარდი, ლორენცო ინსინიე და სტეფან ელ შაარავი, რომლებსაც სწორედ ფლანგიდან ეხერხებათ თამაში. ვენტურამ პირდაპირ თქვა, რომ მაგალითად, ბერარდი მის სქემაში არ ჯდება, რისთვისაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ასეა თუ ისე, ჯერჯერობით, ვენტურა მისი წინამორბედის, კონტეს გზას განაგრძობს...
ვერატის ბრწყინვალე დაბრუნება
ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად დაასახელეს მარკო ვერატი და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, გრაციანო პელემ გოლს პლუს საგოლე პასი მიითვალა აქტივში. ვერატი წარმართავდა იტალიის ნაკრების თამაშს, ანაწილებდა პასებს, იწყებდა შეტევებს და ამასთან, ნაყოფიერი იყო დაცვით ფაზაში. მარკომ არაერთხელ მოახდინა ტექნიკის დემონსტრირება და დარჩა შთაბეჭდილება, რომ კლასით აღემატებოდა დანარჩენ ფეხბურთელებს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მარკო ვერატის დაბრუნება შედგა - ისრაელთან შეხვედრაში ის იტალიის ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ვერატიმ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა.
ჯამპიერო ვენტურა (იტალია): "ძალიან რთული მატჩი იყო, რომელშიც დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. რთულია, როდესაც კაცნაკლული თამაშობ და მეტოქე მთელი ძალებით ცდილობს ანგარიშის გათანაბრებას.
ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ, რადგან გოლი გავუშვით და თანაც, იმის მსგავსი, როგორიც საფრანგეთთან. და მაინც, ჩვენ ვიმუშავეთ, როგორც ერთ მუშტად შეკრულმა გუნდმა, ერთად გავუძელით წნეხს და ერთად მივაღწიეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ესპანეთთან შეხვედრისთვის ფეხბურთელები უკეთეს ფიზიკურ კონდიციაში იქნებიან".
ელიშა ლევი (ისრაელი): "იტალიელებმა, პრაქტიკულად, ყველა საგოლე შანსი გამოიყენეს, ჩვენ კი ბევრს ვუტევდით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ. ჩვენს თამაშში იყო პოზიტიური მომენტები და მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ. იტალიის ნაკრები მეტწილად დაცვაში იდგა და ეს კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. მას შემდეგ, რაც ანგარიშის სხვაობა შევამცირეთ, მეტოქეზე დაწოლა გავაძლიერეთ და შეგვეძლო მოგვეგო კიდეც, მაგრამ, როგორც ასეთ დროს ხშირად ხდება, კონტრშეტევაზე გავუშვით".
ჯორჯო კიელინი (იტალია): "საშინელი მატჩი იყო პირადად ჩემთვის, რადგან წითელი ბარათი მივიღე და გუნდი კაცნაკლული დავტოვე. საბედნიეროდ, მოვიგეთ და სახლში უმნიშვნელოვანესი ქულები მიგვაქვს. ისრაელში მოგება იოლი რომ არ იქნებოდა, ვიცოდით და ჩვენი მოლოდინი გამართლდა. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, თუმცა უფრო ძლიერმა გაიმარჯვა".
მარკო ვერატი (იტალია): "ბედნიერი ვარ, რომ ნაკრებში დავბრუნდი და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება ჩემთვის უდიდესი დარტყმა იყო, ამ დღეს კი დიდხანს ველოდი. რთულ ჯგუფში ვართ და თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. იტალიის ნაკრებმა მუნდიალზე აუცილებლად უნდა ითამაშოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"